(რეზონანსი) აზარტულ თამაშებში ყოველდღიურად უამრავი ადამიანია ჩართული. ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, რომელსაც ერთეულებისთვის სიმდიდრე და ფუფუნება მოაქვს, უმეტესობისთვის კი - შიმშილი და სიღატაკე.
მარტო 2016 წელს, საქართველოში ამ ბიზნესის ბრუნვამ 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა - მისი მოგება ორჯერ მეტი იყო, ვიდრე კომერციული ბანკებისა.
რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები აზარტულ თამაშებზე, თვითონ თუ უთამაშიათ და თუ არიან აზარტულები ?
მსახიობი გივი სიხარულიძე ამბობს, რომ კაზინოში ნამყოფია, თუმცა იქიდან მოგებული არასდროს გამოსულა.
"აზარტულმა თამაშებმა ბევრი ჩემი ნაცნობი და მეგობარი დაღუპა: მილიონერები მათხოვრებად იქცნენ, ოჯახი და ცოლ-შვილი დააქციეს და ნაადრევად დაიხოცნენ. მე ბევრ კაზინოში ვარ ნამყოფი, მაგრამ იქიდან მოგებული არასდროს გამოვსულვარ, არც მინდა გამოვიდე, რადგან ვინც მოიგებს, მერე აზარტში შედის, თამაშს იწყებს და საბოლოოდ მაინც წაგებული რჩება. კაზინო იმისთვის არის შექმნილი, რომ დაგაქციოს.
თუ ვინმე ძალიან მაგარი მოთამაშეა, აღრიცხვაზე ჰყავთ აყვანილი, ასეთებს კაზინოებში საერთოდ არ უშვებენ. სამაგიეროდ, არიფებს "ოქროს ბარათები" დაურიგეს. ისინი არიან მათთვის ყველაზე სასურველი სტუმრები. კაზინოები ყველა ნორმალურ ქვეყანაში აკრძალულია, ჩვენთან კი, შეიძლება მალე სკოლებიც კაზინოებად გადააკეთონ - ეს არის უბედურება, მე კი არ მინდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა უბედური იყოს. ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება მსურს!", - ამბობს "გზასთან" სიხურულძე.