თამარ შუკვანი
17.05.2019

 „ზუგდიდში ძალიან მძიმე ვითარებაა, რაც მოსალოდნელიც იყო. იმედი მაქვს, რომ სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში სიტუაციის გამწვავება არ დაუშვას. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რადგან არასტაბილური გარემოს შექმნა დღეს ხელს არავის აძლევს, მითუმეტეს ხელისუფლებას," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ზუგდიდში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრისას.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ზუგდიდში დაძაბული ვითარებაზე, 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე, ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვასა და სხვა მნიშვენლოვან მოვლენებზე „რეზონანსი" ანალიტიკოსს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე: არასტაბილური ვითარებიდან მოგებული არავინ დარჩება - არც პოლიტიკური ძალა და არც ქვეყანა. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სტაბილური გარემო შეინარჩუნოს და შესაბამისად პრევენცია მოახდინოს, თუკი რაიმე პროვოკაცია არის დაგეგმილი, ან ხდება რაიმეს პროვოცირება. მიუხედავად ამისა, არ ველოდები, რომ გამარჯვებული პირველ ტურში გამოვლინდება.

„რეზონანსი": მმართველი გუნდი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია ზუგდიდში სიტუაციის ესკალაციას ხელოვნურად ცდილობს. ოპოზიცია კი პირიქით, ხელისუფლებას ადანაშაულებს ვითარების დაძაბვაში. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ვ.ძ.: ბოლო ორ ფაქტი გავიხსენოთ; ერთი ის, რომ რულოვსისადმი აგრესია გამოიჩინეს და მეორე კი ფარული ჩანაწერი, - რამდენად ავთენტურია ამას დამტკიცება და გამოძიება სჭირდება, ამიტომ იმის ხელაღებით თქვა, რომ ასე მოხდა და ხელისუფლება რაღაცისთვის ემზადება, - ყოველგვარი გამოძიების გარეშე ასეთი შეფასება გადაჭარბებულია.

რაც შეეხება პირველ ინციდენტს, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ კანონიერების ფარგლებში უნდა მიიღოს უფრო მკაცრი ზომები და ადამიანები, რომლებიც ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ, უნდა იყვნენ სამაგალითოდ დასჯილი. ამ შემთხვევაში გადაბრალება, რომ ოპოზიცია ცდილობს სიტუაცია განზრახ დაძაბოს, არ არის დამაჯერებელი და ვერც იქნება, რადგან ყველამ ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა და შეფასება ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.

„რ": ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნაა ხელფასის 50%-ით გაზრდა, შრომის პირობებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, ჭიათურაში დღეს არსებული მდგომარეობა შუალედურ არჩევნებზე რა ასახვას ჰპოვებს?

ვ.ძ.: ხელისუფლების კანდიდატზე წინასაარჩევნოდ ეს მძიმედ აისახება. ის ფაქტი, რომ ჭიათურაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა... ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაღაროელები იქ შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ? გამოდის, რომ ხელისუფლებამ არაფერი იღონა იმისათვის, რომ ვითარება მეტ-ნაკლებად გამოესწორებინა.

შესაფასებლად უნდა იცოდე იქაური სიტუაცია. დადებითად რომ არ იმოქმედებს, გასაგებია, მაგრამ რამდენად იქნება ეს გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, არჩევნებში თუ ვინ გაიმარჯვებს - ამ ფაქტორის გარდა, სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც სჭირდება.

„რ": კომპანია „იპსოსისმა" ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო კვლევას ჩაატარა. კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას? - პასუხები ასე განაწილდა: „ქართული ოცნება" - 29,2%, „გაერთიანებული ოპოზიცია" - 22%, „ევროპული საქართველო" - 10,4%... „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში 33% უარყოფითად აფასებს, ხოლო დადებითად - 8%. როგორ შეაფასებთ ამ კვლევას?

ვ.ძ.: ივანიშვილის და ხელისუფლების რეიტინგი რომ ეცემა, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება, ცხადად ჩანს ეს ისედაც. არც ის მგონია, რომ ხელისუფლება შუალედურ არჩევნებს წააგებს. უპირატესობა არის თუნდაც ის, რომ ხელისუფლებაა, თუმცა გამარჯვება იოლი ნამდვილად არ იქნება და საკმაოდ დიდი შრომა მოუწევთ. პირველ ტურში გამარჯვებულების გამოვლენა გართულდება.

რაც შეეხება 2020 წელს, თუკი პოლიტიკური პროცესი ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ექნება შანსი იმისა, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ 2020 წელს რაღაც წარმატებას მიაღწიოს იმასთან შედარებითაც კი, რაც საპრეზიდნეტო არჩევნების დროს იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×