უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიებზე განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 11 მაისს დაიწყო და თვის ბოლომდე, - 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ვაკანსია 20 კანდიდატზეა გამოცხადებული, რომელიც ელექტრონული ფორმით მიიღება, თუმცა ამ დრომდე კონკურსზე მხოლოდ ერთი განაცხადია შესული.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კონკურსანტებს განაცხადის შემოტანამდე უამრავი დოკუმენტის შეგროვება უწევთ და ეს ფაქტიც სწორედ ამით აიხსნება.
„ჯერჯერობით ეს არ არის მაინცდამაინც ტრაგიკული მონაცემი, რადგან კონკრუსის დასაწყისში ვართ. შესაგროვებელია უამრავი საბუთი და მონაცემი. შესაბამისად, ეს პროცესი მოითხოვს დროს და ალბათ, მეტ განცხადებას ცოტა მოგვიანებით ვნახავთ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 10 მაისს მიიღო.
ანა დოლიძემ იურისტებს შესარჩევ კონკურსში აქტიურობისკენ მოუწოდა:
„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველა შესაძლო დაინტერესებულ პირს იაქტიურონ და შემოიტანონ განაცხადები, რადგან ჩვენ უნდა შევარჩიოთ კარგსა და უკეთესს შორის და არა „კლანის“ აქტიურ და პასიურ წევრს შორის. არ მინდა რომ საბჭო დადგეს მხოლოდ და მხოლოდ ამ არჩევანის წინაშე,“ - აღნიშნა დოლიძემ.
10 მაისს, კონკურსის გამოცხადების შემდეგ, იურისტებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.