ია აბულაშვილი
17.05.2019

 აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე „მოქმედი პრეზიდენტის“ - რაულ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი ასლან ბჟანია მიზანმიმართულად მოწამლეს, რათა 21 ივლისის „არჩევნებში“ მონაწილეობა ვერ მიიღოს. აფხაზეთის გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს მისი ანალიზების შედეგები გამოაქვეყნა და „არჩევნების“ შემოდგომამდე გადადება მოითხოვა.

ასლან ბჟანია 19 აპრილს მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. მას სუნთქვის ფუნქცია აქვს დარღვეული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოპოზიცია თავიდანვე ეჭვობდა, რომ იგი მოწამლეს, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი დღესაც ამბობენ, რომ ბჟანიას ვირუსული პნევმონია აქვს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, მათ ხელში ჩაუვარდათ ბჟანიას ოჯახის მიერ გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატიორიაში ჩატარებული სამედიცინო კვლევის შედეგები, რომელსაც ერთვის სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა.

„ასლან ბაჟანიას ოჯახმა მიიღო გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ჩატარებული ბიოლოგიური კვლევის ანალიზი. მასზე დართული სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა მიუთითებს დანაშაულებრივ  ფაქტზე, რაც უკავშირდება ასლან ბჟანიას მიზანმიმართულად ფიზიკურ ჩამოცილებას, რომელიც პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია“, - ნათქვამია გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებაში.

მათი ცნობით, გერმანიაში ბჟანიას ბიოლოგიური მასალის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მის ორგანიზმში კატასტროფულადაა მომატებული ვერცხლისწყლისა და სხვადასხვა მძიმე მეტალის შემცველობა. ამასთან, ოპოზიცია მიუთითებს, რომ ამ კვლევის ჩატარებამდე მათ ლიდერს 2-ჯერ გაუწმინდეს ორგანიზმი და სისხლი გადაუსხეს, რაც ნიშნავს, რომ თავდაპირველად ვერცხლისწყლის შემცველობა კრიტიკულად მაღალი იყო.

მოწამვლის ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ მოსკოვის საავადმყოფოში იმავე სიმპტომებით დააწვინეს მისი ორი პირადი მცველი.

რაც შეეხება ბჟანიას მდგომარეობას, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ „პრეზიდენტობის“ კანდიდატს ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ მეტყველება აქვს დარღვეული და თვალის ნერვთან დაკავშირებითაც პრობლემები აქვს.

ამ ცნობის გავრცელების პარალელურად, ბჟანიას მშობლიურ სოფელ ტამიშში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს თანასოფლელს და „არჩევნების“ გადადება მოითხოვეს.

დათანხმდება თუ არა სეპარატისტული ხელისუფლება „არჩევნების“ გადატანას და რა მოხდება, თუკი ოპოზიციის მოთხოვნა არ შესრულდა. როგორც „რეზონანსთან“ აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის უზენაესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ - გია გვაზავამ განაცხადა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოვლენების განვითარება მხოლოდ კრემლის ნებასურვილზეა დამოკიდებული, რადგან სიტუაცია აფხაზეთში მთლიანად მოსკოვიდან იმართება.

„გამორიცხული არ არის, სიმართლე იყოს, რაც პრესაში დაიწერა - რომ ვიღაცას არ ხელს არ აძლევს ბჟანია ამ თანამდებობაზე.  მაგრამ ყველაფერი კრემლში რომ იგეგმება და სიტუაცია კრემლიდან იმართება, ეს აქსიომაა.

„ცოტა დრო რომ გავა, გამოჩნდება, ვისი მოყვანა უნდა კრემლს „პრეზიდენტად“ და ისიც, გადაიტანენ თუ არა „არჩევნებს“ შემოდგომაზე. არ გამორიცხავ დაძაბულობასაც, რადგან აფხაზი საზოგადოება ბრძოლისუნარიანი საზოგადოებაა. ასე რომ, მრავალფეროვანი საკითხია და ვნახოთ, რას გვიმზადებს კრემლი,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ გია გვაზავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×