14 მაისს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ჩაწერის დროს ინციდენტის ფაქტზე დაკავებულ გელა კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ხოლო ზუგდიდის ადგილობრივი ტელევიზიის „ოდიშის“ წამყვანს, ლევან თორიას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პასუხისგებაში მისცეს. მას ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარუდგინეს.
ჟურნალისტი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ არ არის გამორიცხული მისი დაკვაებაც კი მოხდეს. თორია ამბობს, რომ მას თავს აქეთ დაესხნენ და ის მხოლოდ თავს იცავდა.
14 მაისს რამდენიმე ადამიანმა „ოდიშის“ ტელევიზიის თანამშრომლებს გადაღების უფლება არ მისცა. ისინი გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ფაქტზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანი კვარაცხელია მოხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
„გვირტყამდნენ და ვცდილობდი, რომ თავი დამეცვა. პირადად თავს არავის დავსხმივარ. უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა. მცემდნენ და ხელი ხომ უნდა მომექნია... კადრებშიც კარგად ჩანს, რომ გელა კვარაცხელიას მას შემდეგ დავარტყი,რაც მუცლის არეში დამარტყა“, - აღნიშნა თორიამ.
თორია ამბობს, რომ არ არის გამორიცხული მის დაკავებაც მოხდეს და ის ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის მზად არის. მისი თქმით, წარმოუდგენელი რამ მოხდა, ის ელოდებოდა, რომ მათზე თავდამსხმელებს დააკავებდნენ, ამის ნაცვლად კი ბრალი ძალადობის მუხლით მას წაუყენეს.
„თავდაცვის რეჟიმში ვიყავით და ეს თავდაცვის რეჟიმი როგორც ძალადობა ისე შემიფასეს. პატრულში დავრეკეთ, რომ თავს დაგვესხნენ და გვცემდნენ, თუმცა ნახევარი საათის განმავლობაში არავინ მოსულა.
„წარმოუდგენელია, სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა - მოდის ვიღაც, ხელს გარტყამს, იგინება, ილანძღება და პასუხი არ უნდა გასცე? თავი უნდა აცემინო? ამ ფაქტის შემდეგ, თავდაცვა ძალადობად რომ შემიფასეს, ყველანაირი სცენარის განვითარებას ველოდები", - განაცხადა თორიამ.
ჟურნალისტის ადვოკატ მირანდა გოგოხია კი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებაში 17 მაისს , დღის 11:00 საათზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაიბარეს და როგორც დაზარალებული მტკიცებულებები გააცნეს. ადვოკატი ამბობს, რომ გელა კვარაცხელია ჟურნალისტს თავს პირველად ის დაესხა, ხოლო თორიას მოქმედებები მხოლოდ აუცილებელი მოგერიებით იყო განპირობებული.
„პირველად ჯერ თორიას გამოკითხვა ჩატარდა, შემდეგ ამოცნობა მოხდა. გაგვაცნეს მტკიცებულებები - ვიდეო-ჩანაწერიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ მისთვის ბრალი წაეყენებინათ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს აღნიშნულ ბრალს. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიებისა და თავდაცვის მიზნით.
„ის დარტყმა, რაც კვარაცხელიას მიმართ განახორციელა , იყო თავდაცვის ინსტიქტი. შემდეგ კი გაერიდა ტერიტორიას, რათა მის მიერ განხორციელებული ძალადობისგან თავი აერიდებინა. აქედან გამომდინარე, ბრალს არ აღაირებს“, - განაცხადა გოგოხიამ.
გაერთიანებული ოპოზციციის შტაბის წევრი გიროგი ვაშაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ წარმოუდგენელი ფაქტია, როდესაც დაზარალებულს ბრალს ძალადობის ფაქტზე აქეთ უყენებენ. მისი თქმით, „ოდიშის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს და მან თავი დაიცვა. მისი აზრით, ასეთი პრეცედენტის შემდეგ, ყველა ჟურანლისტი საფრთხის ქვეშ არის და კოლეგის დასაცავად მედიამ ხმა უნდა ამოიღოს. მისი აზრით, საქართველოში სამართალი აღარ არსებობს. ვაშაძე აცხადებს, რომ „ოცნება“ ზუგდიდში და მთელს საქართველოში ამაზე პასუხს აგებს.
„იმედანად გაუგებარ სიტუაციასთან გავქვს საქმეე, რომ ჟურნალისტმა, რომელსაც სცემდნენ და თავი დაიცვა პასუხისგებაში მისცეს. იმის მაგივრად, რომ მისი უფლებები დაეცვათ, ბრალი წაუყენეს. ასეთი აბსურდი რამ ვინმეს უნახავს? თქვენც ჟურნალისტები ვალდებულები ხართ, რომ ხმა ამოიღოთ, თქვენს კოლეგაზეა საუბარი. საქართველოში სამართლიანობა აღარ არსებობს. თვალზე ბინდი იმდენად აქვთ გადაკრული, რომ არაფერს აღარ ერიდებიან. „ოცნება“ ცუდად დაასრულებს და ის ამ არჩევნებზე უკვე პასუხს აგებს ყველაფრისთვის. ჩვეულებრივ აგონიაში არიან და ჟურნალისტი, რომელიც აქეთ არის დაზარალებული ბრალი წაუყენეს“, - აცხადებს ვაშაძე „რეზონანსთან“.
რაც შეეხება ინციდენტის მონაწილე გელა კვარაცხელიას, მას გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შემდეგი სხდომა 27 ივნისს გაიმართება.