ხელისუფლების და ოპოზიციის ბრძოლა ერთი შეხედვით არც თუ ისე მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნებისთვის უკვე სამკვდო-სასიცოცხლო დაპირისპირებად იქცა. რატომ აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა ამ არჩევნებს, როგორც „ოცნებისთვის“ ასევე ოპოზციციისთვის? რომელი რეგიონის და ქალაქის არჩევნები იქნება ყველაზე პრინციპული ორივე მხარისთვის? რომელ ქალაქშია ყველაზე დიდი დაძაბულობა მოსალოდნელი და მეორე ტურები ყველაზე დიდი ალბათობით სად გაიმართება? - ესაა მთავარი კითხვები, რომელიც შუალედური არჩევნების ირგვლივ არის გაჩენილი.
ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები „რეზონანსთან“ ვარაუდობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ზუგდიდში, მარნეულსა და მთაწმინდაზე გაიმართება. ისინი ელიან, რომ მარნეულსა და ზუგდიდში იქნება საარჩევნო უბნების დარბევა და ყუთების გატაცების ფაქტები.
მათი აზრით, ხელისუფლებამ ამჯერდაც მოახერხა კონკურენტული კანდიდატი დაეყენებინა თბილისში, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში. სავარაუდოდ, მთაწმინდაზე მეორე ტური გახდება საჭირო, რომელიც ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება. ამასთან ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს და მისი უძლეველობის მითი არ დაინგრეს.
მეორე ლოკაცია, სადაც არა მხოლოდ დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირებაა მოსალოდნელი, არამედ მეორე ტურიც და სიურპრიზებიც – ზუგდიდია, სადაც სახელისუფლებო კანდიდატს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი შეერკინება.
ხელისუფლებისათვის ღირსებისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ზუგდიდი იმდენად გადამწყვეტია, რომ სახელისუფლებო კანდიდატის წარდგენაში „ოცნების“ ყველა რეიტინგულმა სახემ მიიღო მონაწილეობა და ირიბად - ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარეც იახლა სამეგრელოში, ზვიად გამსახურდიას მუზეუმის აშენებაც დაავალა, გაზის გაყვანაც და რეგიონის აღორძინებაც.
მესამე ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო უბნად მარნეულს მიიჩნევენ, სადაც დაძაბულობა ყველა არჩევნების დროს არის.
ანალიტიკოსები 19 მაისის ადგილობრივი არჩევნების 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიციად მიიჩნევენ. მათი აზრით, რომ არა მომავალი საპარლამენრო არჩევნები, შუალედურს ამხელა მნიშვნელობა არ მიენიჭებოდა.
„გეგმა ასეთია - „გაერთიანებული ოპოზიცია“ არჩევნებამდე ზუგდიდში 5000-მდე მხარდამჭერს ჩაიყვანს. არჩევნების დღეს მათ მუნიციპალიტეტის 107 უბანზე გადაანაწილებენ. თითო უბანზე, როგორც ადგილობრივ, ისე ჩამოყვანილ 50-მდე წარმომადგენელს მიამაგრებენ. მაქსიმალურად შეეცდებიან „ტემპერატურის“ აწევას, სიტუაციას დაძაბავენ და დესტაბილიზაციის შექმნას შეეცდებიან“, - ასეთია „ქართული ოცნების” პროგნოზი და ამაზე განცხადება ზუგდიდის შტაბში ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გროგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ისინი ზუგდიდში 5000 დამკვირვებლის მობილიზებას გეგმავენ.
„ოცნების“ ამ ბრალდებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან“ ეხმაურება. დეკანოიძე, რომელიც ზუგდიდის წინასაარჩევნო მარათონში აქტიურად არის ჩართული, აცხადებს, რომ მმართველი გუნდის განცხადებები აბსურდია, რადგანაც ისინი ზუგდიდში დამკვირვებლების ჩაყვანას აპირებენ, რომლებიც ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ხელს შეუშლიან.
დეკანოიძე ამბობს, რომ არჩევნების დღეს „ოცნების“ მხრიდან პროვოკაციები გამორიცხული არ არის. მისი თქმით, მათ მთელი დღის განმავლობაში სუს-ის თანამშრომლები დასდევენ, რომლეებიც მათ უთვალთვალებენ და გარკვეულ პროვოკაციებს უწყობენ. დეკაონიძე აცხადებს, რომ ასევე შსს-ს თანამშრომლებს დააწერინეს შვებულებები და ზუგდიდში ჩაიყვანეს. ხდება საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მობილიზება, რათა მათ დაუპირისპირდნენ.
„ჩვენ ზუგდდში, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ ხელისუფლებას გაყალბების უფლება არ მივცეთ. ამიტომ ჩვენს დამკვირვებლებს ფაქტია, რომ ჩამოვიყვანთ. რაც შეეხება დესტრუქციულ ქმედებებს და პროვოკაციების მოწყობას, დანელიას, კვარაცხელისა და შელიას პატრონები, რომლებიც უშუალოდ სუს-ის დავალებებს ასრულებენ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ პროვოკაციების მოწყობა გვინდა?! ხალხმა არ მოისმინა, ვინ აპირებს მოსახლეობის გატაცებას და დაშინებას?!
„პოლიცია სამ საარჩევნო უბანს იცავს. ამხელა რაოდენობის სამართალდამცველები ჰყავთ გამოყვანილი, ვის პროვოკაციებზე ლაპარაკობენ... რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანს და „ოცნების“ შტაბს, არ მჯერა ადამიანების, რომლებიც საკუთარ თანაგუნდელებს განუდგება. აქ სიტუაციას გახარია და სუს-ი აკონტროლებს.
„ჩვენ მშვიდ საარჩევნო კამპანიას ვაპირებთ. ვართ საკმაოდ მობილიზებულები. საერთოდ დისკრედიტირებულია საოლქო საარჩევნო კიმისია, ჩავუგდეთ ყველა გაყალბების გეგმა. იდეოლოგიურად არამდგრად ჩიქოვანის განცხადებები არ მაინტერესებს. ჩვენ არანაირ დაძაბულობას არ ვაპირებთ, მაგრამ აქეთ სუს-ის დავალებით ველით, რომ ჩვენს მიმართ პროვოკაციები იქნება“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, „ოცნება“ თავის ამომრჩევლის მობილიზებას სუს-ის აგენტურის სახით ახდენს. დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლება გამგეობის თანამშრომლების მობილიზებას ახდენს, რომლებსაც კონკრეტული დავალებები აქვთ მიცემული.
„ქართული ოცნების“ წევრი და დეპუტატი ნუკრი ქანთარია კი ამბობს, რომ „ნაციონალური“ მოძრაობა თავად არის დაინტერესებული, რათა ზუგდიდში სიტუაცია დაძაბული იყოს, რადგანაც მათი კანდიდატი არჩევნებს აგებს. ამიტომაც ქანთარია ელის, რომ ოპოზიცია გარკვეულ პროვაკაციებს ეცდება.
დეპუტატი ასევე არ გამორიცხავს, რომ რიგ საარჩევნო უბნებზე მეორე ტურები დაინიშნოს, თუმცა კონკრეტულად დასახელებისგან თავს იკავებს.
„რა თქმა უნდა, ველით მეორე ტურებს. ამის პრაქტიკა გვაქვს უკვე და აქ გასაკვირი არც არაფერი იქნება. დაველოდოთ არჩევნების დღეს და გამოჩნდება, სად დაინიშნება მეორე ტურები. ასე ახლა წინასწარ პროგნოზირებსიგან თავს შევიკავებ. უბრალოდ გეტყვით, რომ ყველაზე მეტად მეორე ტურს ზუგდიდში უფრო არ ველი. მართალია აქ ფონი ყველაზე დაძაბულია, მაგრამ ესეც ოპოზიცის მხრიდან ხელოვნურად გამოწვეული მგონია.
„სანდრა რულოვსის კანდიდატურის დაყენება უკვე პროვოკაცია იყო. არ მგონია, რომ ზუგდიდში მეორე ტური იყოს. „ნაციონალების“ მხრიდან ისეთი ხლაფორთი მიდის და ყველაფერს ისეთ ისტერიკას უპირისპირებენ, აი, აქ ეჭვი მიჩნდება.
„ოცნება“ თავისი ამომრჩევლის მობილიზებას მოახდენს და ახდენს მხოლოდ ერთი მოტივით - რომ ამომრჩევლი დარწმუნებული იყოს, მივიდეს საარჩევნო ყუთთან და მხარი დაუჭიროს იმას, ვისაც სურს. როგორ შეიძლება ხელისუფლებას დაძაბულობის კერის გაღვივება უნდოდეს? ეს მხოლოდ „ნაციონალებს“ აწყობს და ხედავთ მათ ისტერიკასაც“, - აცახდებს ქანთარია „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან“ რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რის გამოც შუალედური არჩევნები როგორც „ოცნებისთვის“, ასევე ოპოზიციისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გახდა. ანალიტიკოსი მოელის, რომ მეორე ტური თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე დაინიშნება და მისი აზრით, ეს დამოკიდებული იმაზე იქნება, ოპოზიცია დამკვირვებლების გაშლას როგორ და რა ფორმით მოახდენს.
მისი აზრით, მოსალდნელია ზუგდიდში და მარნეულში კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე შევარდნა და ყუთების გატაცება. ამ რაიონებში ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას გაყალბება გაუჭირდება, ამიტომაც ის ყველა ნაბიჯზე შეიძლება წავიდეს. თავის მხრივ კი ოპოზიცია ეცდება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთი დაარწმუნოს იმაში, რომ შუალედური არჩევნების შედეგის გათვალისწინებით, 2020 წელს უფრო მეტი დამკვირვებელი გამოუშვას. მისი აზრით, ეს არის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიციაა და რომ არა მომავალი საპარლამენტო არჩევნები, შუალედურს ამხელა მნიშვნელობა არ მიენიჭებოდა.
„რატომ გახდა შუალედური არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი - სამ მთავარ სეგმენტად დავყოფ. უპირველის არენა, სადაც ბრძოლა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, ზუგდიდია,რადგანაც თუ იქ სანდრას გაიმარჯვებს, ამას აუცილებლად დომინოს ეფექტი ექნება. ხელისუფლებისთვის ჩამოშლის ძალიან მნიშვნელოვანი წაინაპირობა შეიქმნება.
„პარლამენტში და პარტიაში ისეთი დუღილია, რომ საკმარისია სანდრას გამარჯვება მოხდეს, ერთ წელში „ოცნებაში“ კარის გამღები კაცი აღარ დარჩება. ამის კლასიკური მაგალითი შევარდნაძის ხელისუფლებაა, პრაქტიკულად 2002-დან უკვე სააკაშვილთან მისი მინისტრების და დეპუტატების რიგი იდგა, რომლებიც მასთან სიტუაციას ალაგებდნენ.
„დიდი ალბათობით, თუ რულოვსი გაიმარჯვებს, ზუსტად იგივე მოხდება. საზოგადოების პოლარიზება კიდევ უფრო მოხდება და „ოცნებაში“ პორტირებული „ნაციონალები“ პირველები იქნებიან, ვინც ივანიშვილს გაემიჯნებიან. სააკაშვილის რეალური დაბრუნების შიში გაჩნდება და მასთან რაღაცეების დალაგებას ბევრი დაიწყებს“, - აცხადებს ლაგაზიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, „ნაციონალები“ გარკვეული იდეის გარშემო იყვნენ გაერთიანებული, ხოლო „ოცნებას“ არანაირი იდეა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, პრაგმატული მოსაზრების და შიშის გამო, „ნაციონალებში“ ბევრი გადავა. ხოლო ვინც დარჩება, ეს ორი კატეგორია იქნება: ერთი - ვისაც „ნაციონალებთან“ საერთოდ არ მიესვლება და მეორე - ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ ხელისუფლების ფინანსებით იკვებებიან.