„ეს შეიძლება იყოს დროებითი, შემაშინებელი ღონისძიება მედიის სხვა წარმომადგენლებისთვის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის შედეგად ტელეკომპანია „ოდიშის" ჟურნალისტის, ლევან თორიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და აღნიშნავს, რომ ეს საქმე არჩევნებს უკავშირდება და სავარაუდოდ, ჟურნალისტის პასუხისგებაში მიცემა არ მოხდება.
„ზოგადად, ძალიან ცუდად გამოიყურება ხოლმე, როდესაც ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევა ხდება. ჟურნალისტს როცა ასეთ მუხლს უყენებენ, ეს ძალიან ცუდი ფაქტია, მითუმეტეს, რომ მედიას აქვს ძალიან სერიოზული დანიშნულება წინასაარჩევნო პერიოდში.
„ეს ინციდენტიც არჩევნებს უკავშირდება, ამიტომ ეს საქმე ასე ვერ დარჩება და დარწმუნებული ვარ, ამ ჟურნალისტის პასუხისგებაში მიცემა ვერ მოხდება", - განაცხადა მუხაშავრიამ.
იურისტის თქმით, ეს არის შემაშინებელი ქმედება სხვა მედიის წარმომადგენლებისთვის.
„ეს შეიძლება იყოს დროებითი, შემაშინებელი ღონისძიება სხვა მედიის წარმომადგენლებისთვის, რომ მათაც ისევე არ იაქტიურონ, როგორც ამ კონკრეტულმა ჟურნალისტმა. საქმის აღძვრის საკითხზე გადაწყვეტილებას საგამოძიებო ორგანო იღებს. ეს პროკურორის შესაფასებელია და არ ვიცი პროკურატურამ რითი იხელმძღვანელა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შემაშინებელი ზომა და ეს საქმე სერიოზულად არ გართულდება", - აცხადებს ლია მუხაშავრია.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ოდიშის" ჟურნალისტის, ლევან თორიას წინააღმეგ, რომელიც ზუგდიდში მომხდარი თავდასხმისას თავს იცავდა, შსს-მ საქმე ძალადობის ფაქტზე აღძრა. თორიას ბრალი სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.