ტატა შოშიაშვილი
18.05.2019

 „ეს, უბრალოდ, უპრინციპობაა. მდგომარეობა რთულია, მაგრამ რუსეთმა ამით, ფაქტობრივად, დასტური მიიღო, რომ მსგავსი ნაბიჯები, რაც მან უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ გადადგა, შეუძლია, რომ გადადგას მომავალშიც... ევროპის საბჭოს უფრო ერთიანი და მტკიცე პოზიცი უნდა ჰქონოდა", - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პოლიტიკური ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი თვლის, რომ ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს 17 მაისს ჰელსინკიში გამართული საიუბილეო შეხვედრის დროს, როდესაც ხმათა უმრავლესობით გზა გაუხსნეს რუსეთის დაბრუნებას ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეაში.

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოში რუსეთის სტატუსის აღდგენის ინიციატორები საფრანგეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნიდან 41-მა დაუჭირა მხარი.

რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნების წინააღმდეგ იყვნენ საქართველო, უკრაინა, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთ, ხოლო სომხეთმა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

თუმცა, ევროსაბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული დეკლარაცია, ჯერჯერობით ძალაში არაა და საზაფხულო სესიაზე უნდა დამტკიცდეს, რომელიც 2019 წლის ივნისის ბოლოს გაიმართება.

„რეზონანსთან" საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთს დაუსჯელობის განცდას უჩენს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორი და უპრინციპოა:

„რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების - 2008 წელს საქართველოს მიმართ, მაგრამ ევროსაბჭოს გადაწყვეტილების კონტექსტში უფრო მნიშვნელოვანი - უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის, კერძოდ, ყირიმის ანექსიის გამო, ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეზღუდა რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხმის მიცემის უფლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

„უკვე დიდი ხანია გრძელდება კამათი ამასთან დაკავშირებით. რუსეთი პირდაპირ შანტაჟზე გადავიდა - ევროპის საბჭოს წინაშე მან შეწყვიტა ფინანსური ვალდებულებების შესრულება, რამაც პრობლემები გააჩინა. გარდა ამისა, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, ზოგიერთი დელეგაცია შეცვლილი მოსაზრებით გამოდიოდა ამ საკითხის განხილვისას. ისინი აცხადებდნენ, რომ ჯობია, რუსეთი იყოს კლუბში და მასზე ამგვარად ვიმოქმედოთ, ვიდრე იგი გაირიყოს და მისი მარგინალიზაცია მოხდეს.

„ჩემი აზრით, ეს, უბრალოდ, უპრინციპობაა. მდგომარეობა, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ რუსეთმა ამით, ფაქტობრივად, დასტური მიიღო იმაზე, რომ მსგავსი ნაბიჯები, რაც მან უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ გადადგა, შეუძლია, რომ გადადგას მომავალშიც", - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროსაბჭომ საკუთარი პოზიციები შეცვალა და მდგომარეობის გაუარესების ფონზე საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო რუსეთთან თანამშრომლობა:

„ეს სამწუხაროა, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული, მკაცრი პოზიციის გარეშე სხვა ძალა, რომელსაც შეუძლია რუსეთი აიძულოს, რომ ხელი აიღოს აგრესიულ აზრებზე, ბუნებაში არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, ევროსაბჭოსთვის ამგვარი გადაწყვეტილების მიღება სულაც არაა უნიკალური - საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედებების შემდგომ, ხმამაღალი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირისა და დასავლეთის სხვა ინსტიტუტების მხრიდან; აცხადებდნენ, რომ აქამდე არსებული ჩვეულებრივი გზით რუსეთთან ბიზნესის წარმოება და თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ ძალიან სწრაფად იქნა (ეს სიტყვები) უკან წაღებული და და ახლოებით 1 წლის თავზე, პრაქტიკულად, ყველა არსებული ფორმატით რუსეთთან თანამშრომლობა აღდგა.

„ამ სიგნალმა შემდგომ მას უკარნახა, რომ ასევე დაუსჯელი იქნებოდა, თუ სხვაგან გადადგამდა ამგვარ ნაბიჯს და უკრაინის მოვლენებიც, მნიშვნელოვან წილად, ამგვარი დამოკიდებულების შედეგიც გახდათ", - ამბობს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.

ირაკლი მენაღარიშვილმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გამორიცხავს რუსეთისთვის „ხელების გახსნას" მის სხვა სამიზნეებთან მიმართებით, რომელთა წინააღმდეგ დაწყებული მოქმედებები, ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილების ფონზე, დაუსჯელი დარჩება:

„ევროპის საბჭოს უფრო პრინციპული, ერთიანი და მტკიცე პოზიცი უნდა ჰქონოდა. ეს არ არის მხოლოდ ევროსაბჭოს პრობლემა, ეს საერთოდ ევროპული საგარეო პოლიტიკური რეალიზების პრობლემაა, სადაც რუსეთი ისტორიულად თითქმის ყოველთვის ახერხებდა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს, მოკავშირეებს შორის ბზარი გაეჩინა და ეს ბზარი გამოეყენებინა. ამ შემთხვევაშიც მოახერხა.

„რაც შეეხება რუსეთის აგრესიასა და მის სავარაუდო დესტრუქციულ მოქმედებებს, რა თქმა უნდა ეს (ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება) მას წაახალისებს. ყოველ შემთხვევაში, რუსეთს უჩნდება განცდა, რომ მან შეიძლება დაუსჯელად, როგორც დიდმა და სამხედრო თვალსაზრისით მძლავრმა სახელმწიფომ (მისი სხვა სიმძლავრე, უბრალოდ, მითია და მეტი არაფერი), აკეთოს ყველაფერი ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ", - განმარტა ექსპერტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×