თამარ შუკვანი
19.05.2019

 „მინდა მჯეროდეს, რომ მხარეები რაღაც საზღვრებში ჩაჯდებიან. წინა პერიოდშიც იყო მსგავსი ფაქტები; ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ინციდენტები შეიძლება კიდევ იყოს, პროცესის პროვოცირება მოხდეს, მაგრამ თმენის ვალდებულება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს - პასუხისმგებელი მხარე ამჯერადაც ხელისუფლებაა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია არჩევნების დღეს ზუგდიდში არსებულ ვითარებას.

გამზარდიას განცხადებით, ზუგდიდში ვითარების ასეთი დაძაბვის მიზეზი ის არის, რომ არჩევნებში ექს-პრეზიდენტის მეუღლე მონაწილეობს, რაც, მისი თმით, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას უდრის.

„ზუგდიდში კენჭს იყრის არა უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, არამედ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე. არაპირდაპირი გაგებით, კენჭს იყრის ყოფილი პრეზიდენტი. ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე სხვა რეგიონში რომ ყოფილიყო, დაძაბულობა იქ იქნებოდა," - განაცხადა გამზარდიამ.

ცნობისათვის, ზუგდიდში არჩევნებამდე რამდენიმე დღის წინ დაწყებული დაპირისპირება და ჩხუბი, არჩევნების დღესაც გრძელდება. უკვე დაფიქსირდა პირველი ინციდენტები.

ზუგდიდის N9 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. სიტუაციის დაძაბვა იმ გარემოებას მოჰყვა, რომ სავარაუდოდ, ერთ-ერთ პირს საარჩევნო სიები ჰქონდა, რის გამო „გაერთიანებული ოპოზიციისა" და „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტისას ერთ-ერთმა პირმა, ერთ-ერთ ჟურნალისტს, გიორგი რურუას ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×