„პრეზიდენტის მოწოდება მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მშვიდობიანი გზით, მშვიდობიან მანიფესტაციით ხმები დაიცვან. მის განცხადებაში არ ჩანდა, თითქოს თავის მომხრეებს ძალადობისა და კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მოუწოდებდეს,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ ხელისიფლების წარმომადგენლებს „ხელი წაუცდებათ რამეზე“, თავად ქართველ ხალხთან ერთად შესაბამისად იმოქმედებს.
საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებელთა მიმართ ჩიტაძე კრიტიკას გამოთქვამს; მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები თვალს ხუჭავენ სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე და სააკაშვილის განცხადებაც სწორედ ამით აიხსნება.
„იმ ძალადობის ფონზე, როდესაც ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობა არსებობს - ართმევენ პიროდობის მოწმობებს იმისათვის, რომ საარჩევნო უბნებთან არ გამოცხდადდნენ და შემდგომში მათ ნაცვლად შესაძლოა ბიულეტენები ყუთებში თავად ჩაყარონ, აქედან გამომდინარე, სააკაშვილის მოწოდებაა, მოქალაქეებმა საკუთარი ხმები მშვიდობიანი გზით დაიცვან.
„საერთაშორისო დამკვირვებლები თვალს ხუჭავენ სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე; ჩამოდიან, ჰონორარებს იღებენ, მივლენ ერთი უბანზე, შემდეგ მეორეზე და ექვსი თვის განმავლობაში დასკვნას ამზადებენ და მეტი არაფერი. საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებმა არანაირი მოთხოვნა არ წაუყენეს, პირიქით. ამ შემთხვევაში სააკაშვილის გარკვეული განცხადებები გასაგებია იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების ე.წ. დამკვირვებლებთა მიმართ.
„მშვიდობიანი მანიფესტაცია და პროტესტი - ეს არის ხალხის უფლება. თუ ხალხი იცავს თავის უფლებას, ეს არეულობა არ არის. გრძელვადიან პერსპექტივაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების წინაპირობაა, როდესაც ქართველ ხალხს შეუძლია დააფიქსირონ, რომ მათ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ხმები, საარჩევნო უფლებები და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება,“ - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
დღეს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს თავის მომხრეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ნურაფრის შეეშინდებათ. მისი თქმით, არ აპირებს საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების დასკვნებს ექვსი თვე ელოდოს.
„მეგობრებო, ჩვენო დამკვირვებლობო, ჩვენო აქტივისტებო, უბრალო მოქალაქეებო, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, არ არიან ეგენი ძლიერები, არც უშიშროების აპარატი არა ჰყავთ, არც საბოლოო ჯამში იმდენი ფული არა აქვთ, როგორც წარმოგვიდგენია და მორალურად ბოლომდე გაკოტრებულები არიან. მგონი, ყველა ვხვდებით ამას. აბა, თქვენ იცით, არაფერი არ დაუთმოთ არავის და თუ ხელი წაუცდათ რამეზე, ამას ისეთი გაგრძელება მოჰყვება.
„ეს აღარ არის გასული წლის ნოემბერი, ნამდვილად არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას და გვერდიდან ყურებას, მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას. მეტი საქმე არ მაქვს, ახლა კიდე ექვსი თვე ველოდო ვიღაცის დასკვნას. მაშინ ქართველი ხალხი გააკეთებს თავის დასკვნებს და იმოქმედებს, მე ვიმოქმედებ ქართველ ხალხთან ერთად.
„ახლა გაუშვით ეს ჩანაწერი თქვენს ბანძ არხებზე. ხალხს ვეუბნები იმას, რასაც ვამბობ ყველასათვის. ყველაფერი კარგად იქნება, საქართველო გაიმარჯვებს და ეს არჩევნები მათ წაგებული აქვთ მიუხედავად იმისა, სად რომელ შედეგს გაიფორმებენ, თუ შეეცდებიან გაფორმებას. გაფორმდება საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის გამარჯვება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.