ია აბულაშვილი
19.05.2019

 „არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს ზესტაფონის მერად ვაცხადებ. ჩემ კოორდინატორებზე მიდის ზეწოლა, ისინი ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვლად. არ გაუვათ გაყალბება და დავიცავ ხმებს“, - განაცხადა ზეტაფონის 51-ე საოლქო კომისიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე „თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ.

ამ აქციის გამართვამდე, რამდენიმე წუთითი ადრე „რეზონანსი“ გოგი წულაიას ესაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა, რომ მეორე ტური გაიმართოს და დარჩეს მხოლოდ „ოცნება“ და „ნაციონალები“.

„როგორც დაინახეს, რომ არჩევნებს მე ვიგებ, მაშინვე ატყდა ამბავი. ჩემი შტაბის ყველაზე აქტიური წევრი სპარტაკ კაპანაძე ოთხმა პოლიციელმა გაკავებული გაიყვანა, გეგონება შვარცნეგერი იყო, ერთი კაფანდარა ბიჭია, მაგრამ ეს საჩვენებლად სჭირდებოდათ, ხალხი ხომ მიაჩერდება და აი, რა ვუქენითო.

„ეს მოხდა იმ სკოლაში, რომლის ეზოშიც კომუნისტების დროიდან იდგა შოთა რუსთაველის ბიუსტი. მერე, მიშას დროს, ბავშვებს საფრთხეს უქმნისო და მიწაში ჩამარხეს. მოვიდა „ოცნება“ და არც ამათ შეუწუხებია თავი, ისევ მიწაშია ჩამარხული. აი, ამ სკოლის დირექტორია კომისიის თავმჯდომარე. ამათმა შოთა რუსთაველი არ დაინდეს და ჩვენ რას გვიზამდნენ.

„ვაღიარებ, რომ იყო კანონდარღვევა, ჩემი წარწერიანი მაისურით იმყოფებოდა შენობაში, მაგრამ რამდენიმე საათის განმავლობაში ყველამ ხომ დაინახა, რატომ ხმა არ ამოიღეს? როცა სიებში მკვდარი სულები აღმოაჩინა და თქვა - რატომ აყალბებთო, თანაც დაინახეს, რომ მე ყველა უბანზე ვიმარჯვებ, ატყდა ეს ამბავი. 4 საათი ჰყავდათ  დაკავებული.

მთელი თბილისი ზესტაფონშია ჩამოსული, „ოცნების“ პარტიის წევრები სვავებივით არის შესეული უბნებს და ქალაქში ერთი მოსამართლე ვერ იპოვეს, სასამართლო პროცესი რომ დაენიშნა.

„მაგრამ ხელისუფლებას, უნდა რომ გაიმართოს მეორე ტური და დარჩეს „ოცნება“ და „ნაციოანლები“. მე რომ ამ ქალაქში ვერ მომიგებენ, ესეც ძალიან კარგად იციან“, - განაცხადა „რეზონანსთან“ „თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×