დღის განმავლობაში მომხდარი სხვადასხვა ინციდენტების - ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირებისა და დაპატიმრებების შემდეგ - ზუგდიდში გვიან ღამემდე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები დამაჯერებლად ამტკიცებდნენ, რომ ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნები მათმა კანდიდატმა გეგა შენგელიამ პირველივე ტურგი მოიგო. თუმცა, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე, გამარჯვებულად საკუთარი თავი გამოაცხადა.
ყოფილმა პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ მან პირველი ტური მოიგო და არ ურჩევდა ხელისუფლებას პირველივე ტურში „ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებულად გამოცხადებას.
აღსანიშნავია, რომ ცესკო-მ ზუგდიდის ოქმების გამოქვეყნება, სხვა იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდა, შედარებით გვიან დაიწყო. გამოქვეყნებული შედეგებით, „ოცნების“ წარმომადგენელი უსწრებთა თავის მთავარ ოპონენტს, მაგრამ მონაცემებით შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრის, შენგელიამ საბოლოოდ გადალახა 50%-იანი ზღვარი, თუ ზუგდიდის მერის გამოვლენისათვის მასსა და რულოვსს შორის მეორე ტური გახდება საჭირო.
შუაღამისას პარლამენტის თავმჯდომარემ იმ დროისათვის არსებულ შედეგებზე დაყრდნობით შენგელია გამარჯვებულად გამოაცხადა. მისი ცნობით, „ოცნების“ კანდიდატმა ხმების 54,8% მიიღო. თუმცა, ეს შედეგი უბნების დაახლოებით მეოთხედის მონაცემებს ეყრდნობოდა.
რა ხდებოდა არჩევნებზე
ზუგდიდში სიტუაცია დილიდანვე დაიძაბა და რამდენიმე საარჩევნო უბანზე პოლიციამ კონფლიქტშო მონაწილე ადამიანები დააკავა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სულ 5 ადამიანია დაკავებული, აქედან 2 ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ზუგდიდში სიტუაცია თავდაპირველად დილით კახათის #35 საარჩევნო უბანზე დაიძაბა, რისი მიზეზიც საარჩევნო უბანთან ადგილობრივი საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატ გია დანელიას მისვლა გახდა.
დანელია იმ სკანდალურ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, რომელიც 14 მაისის „კურიერმა“ გაასაჯაროვა და სადაც თავად ჰყვება, როგორ მიიღო პარტიის ცენტრალური ოფისიდან დავალება, რომ ყველა ხერხით, მათ შორის დაშინებითა და ტერორით, შეძლონ ამომრჩევლის ხმების 50 პროცენტს პლუს ერთი ხმის მიღება. მას ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირებდნენ და მათი გაშველება პოლიციას მოუწია.
ხმაური და დაპირისპირება იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიას #70 საარჩევნო უბანზე. შელაპარაკება ოპოზიციასა და სოფლის გამგებელს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამომრჩევლებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ საარჩევნო უბანთან ჩხორიას გამგებელი სიებით იმყოფებოდა და მოქალაქეებს აღრიცხავდა. ადგილზე მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს გამგებელი დახვდათ, თუმცა მას სიები თან აღარ ჰქონდა.
სამეგრელოში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო დილით სოფელ კოკში, სადაც მობილიზებული იყვნენ დიდი ოდენობით სამართალდამცველები. ხელჩართული ჩხუბის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
დაპირისპირების მიზეზი კი კოკის #97 საარჩევნო უბანში თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გახდა, რაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ დამკვირვებლებმა გააპროტესტეს. ისინი ამის შემდეგ საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა და ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი. როგორც მათ შორის, ასევე აქტივისტებსა და კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
დღის ბოლოს კი კოკში თბილისის ყოფილ მერ დავით ნარმანიასა და „ნაცმოძრაობიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს შორისაც მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.
თავად ზუგდიდში ვითარება ასევე უკიდურესად იყო დაძაბული მე-9 საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიცია ამბობდა, რომ ხელისუფლება ფულს არიგებდა. ინტერნეტგამოცემის ჟურნალისტს თავს დაესხა „ქართული ოცნების“ აქტივისტი. მანამდე ამ ჟურნალისტმა გადაიღო ავტომანქანა, სადაც „ქართული ოცნების“ ორი კოორდინატორი იჯდა და კადრებში ასახა, თუ როგორ არიგებდნენ ისინი ფულს. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მასზე თავდასხმის მიზეზი.
შეხლა-შემოხლა იყო ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზეც, სადაც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს და „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებს. ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი მიკროავტობუსში ჩასხდნენ და ტერიტორიიდან გაიქცნენ.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრებმა პოლიცია ამ უბანზე მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ოპოზიციის წევრებმა ერთ-ერთ მანქანაში ამომრჩეველთა სამაგიდო სიები შენიშნეს და პოლიციას მისი ამოღება მოსთხოვეს. პოლიციის მისვლის შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანი წითლიძეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა ხელი ჰკრა.
ხმაური იყო სოფელ რიყეში - დაპირისპირება კომისიის წევრების მიერ #63 საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთის გატანის მცდელობას მოჰყვა. კომისიის წევრებმა მოითხოვეს, რომ მათი დამკვირვებელი დამჯდარიყო იმ მანქანაში, რომლითაც გადაჰქონდათ გადასატანი ყუთი, თუმცა „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი იძლეოდა მითითებას, რომ დამკვირვებლები საარჩევნო ყუთს გაჰყოლოდნენ სხვა მანქანით. სწორედ ამას მოჰყვა ხმაური საარჩევნო კომისიაში.
ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანთანაც დაპირისპირება იყო, რის გამოც პოლიციამ ტერიტორიიდან ერთი პირი გაიყვანა. ორგანიზაცია „ახალი თაობის“ დამკვირვებელ რუსუდან მჭედლიძის მტკიცებით, მან შეამჩნია, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ჰქონდა სამაგიდო სიები და რეაგირება სცადა, რის გამოც კოორდინატორი ფიზიკურად დაუპირისპირდა.
დააკავეს ონლაინგამოცემა „პრესა.ჯი“-ს დამფუძნებელი გიორგი კაპანაძეც, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. „გახარიას უნდოდა, რომ გავენეიტრალებინე,“ - განაცხადა ჟურნალისტმა გათავისუფლების შემდეგ.
კაპანაძე პოლიციამ იმ დროს აიყვანა, როცა ის „აი-ტი-ვი“-ს ჟურნალისტ სუზი მკრტჩიანთან ერთად პოლიციის ესკორტს იღებდა. იგი პოლიციის მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ჟურნალისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
სოფელ ოქტომბერში საარჩევნო უბანთან „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა ე.წ. აფხაზურ ნომრებიანი მიკროავტობუსი შენიშნეს. ერთ-ერთი ვერსიით, გადმოიყვანეს ამომრჩევლები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩაწერილები არიან ზუგდიდში. ადგილობრივები ამბობენ, რომ აფხაზურნომრიან ავტობუსში ხალხი იჯდა და ავტომობილი საარჩევნო უბანთან იყო გაჩერებული.
დამკვირვებელთა შეფასება
საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძის განცხადებით, რაც ზუგდიდის ოლქს არჩევნების დღეს სხვა ოლქებისგან გამოარჩევდა, ეს არის ფიზიკური შეხლა-შემოხლის ფაქტები და დაძაბულობა მთელი დღის განმავლობაში.
იგი საქართველოს ექსპრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილი დამკვირვებლების როლს აკნინებს. მისი ინფორმაციით, ზუგდიდში ამომრჩევლების ნების კონტროლი და კოორდინატორების მობილიზება ხდებოდა.
„ამ ეტაპისთვის სულ 7 საჩივარი გვაქვს და არ გამოვრიცხავთ, რომ საჩივრების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ზუგდიდში რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო, არის კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის აღრიცხვა. ეს არის არაპირდაპირი გავლენის მოხდენა ამომრჩევლის ნების თავისუფლებაზე.
„გასაგებია, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ეს, კანონით, არ არის დარღვევა და სულ ამაზე აპელირებს როგორც ცესკო, ასევე მმართველი პარტია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის ის პროცესი, რომელსაც დემოკრატიული პროცესი შეიძლება ვუწოდოთ დღეს და რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენასთანაა დაკავშირებული,“ - აცხადებს სულხან სალაძე.
იგი ამომრჩევლისათვის ფულის გადაცემის ფაქტებზე ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსაც ეხმაურება. მისი თქმით, აუცილებელია ასეთი ფაქტების შესწავლა და თუკი დადასტურდება მოსყიდვის შემთხვევა, უნდა მოხდეს რეაგირება.
საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ, საბოლოო ჯამში, ზუგდიდში არჩევნებმა მაინც მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა დაძაბულობის მუხტი ყველაზე მაღალი იყო.