19 მაისს, ვერის ბაღის მიმდებარედ მცხოვრებმა ამომრჩევლებმა მთაწმინდის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლეს. საარჩევნო უბანზე მისულებს საარჩევნო კომისიაში განუმარტეს, რომ მათი ქუჩის ნაწილი უკვე 2 წელია ვაკეს ეკუთვნის. ამის პასუხად „რეზონანსს" ცესკოში განუცხადეს, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დადგენილია გეოგრაფიული საზღვრები და ამომრჩეველმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც სწორედ ამ კანონმდებლობის გათვალისწინებით მიიღეს მონაწილეობა.
„საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 110-ე მუხლით, განსაზღვრულია პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის წესი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.
„19 მაისს არჩევნები ამ 22 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან ერთ-ერთ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა, რაც #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იყო. უბნის საზღვრები არის დადგენილი და ეს საზღვრები ზუსტად 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების საზღვრებს ემთხვევა. აქ მნიშვნელობა არ აქვს ეს არის მთაწმინდა თუ ვაკე. ეს ამომრჩევლები შედიან სხვა საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში.
„კანონმდებლობით არის დარეგურირებული 2016 წელს იყო ეს საზღვრები, რაც დადგენილი იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ და თბილისის შემთხვევაში ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ," - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
მისი თქმით, თავის დროზე გეოგრაფიული დაყოფის გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
„მოტივაცია თუ რატომ განხორციელდა, წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომ კანონმდებლობის გარდა, უნდა ყოფილიყო გადანაწილებული თბილისში და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა ისე, რომ დაცული ყოფილიყო გეოგრაფიულ-ფიზიკური მახასიათებლები, ადმინისტრაციული საზღვრები, ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობა, კომფაქტურობა, პროპორციულობა და სხვა.
„ამომრჩეველთა რაოდენობა ამ 22 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც თბილისში არის შექმნილი, ამომრჩეველთა რაოდენობა არის თითქმის თანაბარი. სწორედ ამ პრინციპით არის დაყოფილი და ეს იყო 2016 წელსაც. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზუსტად ამ საზღვრებში ჩატარდა და შუალედური არჩევნებიც ზუსტად ამ საზღვრებში იქნა ჩატარებული.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ თბილისის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მიუტანა ამომრჩეველთა ბარათები, ატყობინებდა ინფორმაციას სად იყო მათი საარჩევნო უბანი, როგორ უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და დარწმუნებული ვარ, იმ ამომრჩევლებთან არანაირი შეხვედრები არ ყოფილა და არც ამომრჩეველთა ბარათები ყოფილა მიტანილი, რადგან არ შედიოდა ეს გეოგრაფიული არეალი მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, იქ, სადაც ტარდებოდა არჩევნები," - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ვერი ბაღის ქუჩების ნაწილი, რომელიც უკვე 2 წელია ვაკეს ეკუთვნის, ინფორმაციას ამის შესახებ ვერელები დღემდე არ ფლობდნენ. მათი განცხადებით, არავითარი გაფრთხილება არ მისვლიათ. თანაც, მათ კომუნალურ ქვითრებზე ისევ მთაწმინდის რაიონი აწერია.