ეკატერინე ბასილაია
20.05.2019

 ოკუპირებულ სოხუმში აფხაზური ოპოზიცია 21 ივლისს დაგეგმილი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადადებას ითხოვს, მათი „საპრეზიდენტო" კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გამო და პლუს, ითხოვენ, რომ ბჟანიას მოწამვლის ფაქტი ობიექტურად და დროულად გამოიძიონ.

ამ მიზნით, მოქალაქეები სოხუმში დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან ორშაბათ დილიდან შეიკრიბნენ.პარალელურად, დე ფაქტო პარლამენტში ე.წ დეპუტატების სპეციალური შეხვედრა დაიგეგმა, სადაც ოპოზიციის ეს ინიციატივა განიხილება. მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ დე ფაქტო პარლამენტი ე.წ. არჩევნების გადადების საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს.

დილიდან შენობასთან მობილიზებულია ძალოვანებიც.

როგორც დე ფაქტო შს მინისტრი გარი აშბა აცხადებს, აქციის პროცესში მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად 500-მდე პოლიციელია მობილიზებული.

არშბას თქმით, შსს-ს მთელი შემადგენლობაში გამოცხადებულია განგაში. ყველა „პარლამენტის" შენობის წინ იმყოფება და „დეპუტატების" გადაწყვეტილებას ელოდება.

გაერთიანებული აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, დე ფაქტო დეპუტატი ასლან ბჟანია, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობა სურს, 18 აპრილს მძიმე ტოქსიკური დიაგნოზით მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ის ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს. ანალოგიური სიმპტომებით კლინიკაში მკურნალობს ბჟანიას დაცვის 2 წევრიც.

ბჟანიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად 2 მაისს, აფხაზეთის ოპოზიციური ბლოკმა ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატად ბჟანია დაასახელა.

16 მაისს ოპოზიციური ბლოკის ლიდერებმა გაავრცელეს განცხადება, რომ მათი ლიდერი მოწამლული იყო. ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მათ გერმანიიდან ექსპერტიზის შედეგები მიიღეს, რომლის შესაბამისად, ბჟანია მოწამლულია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ოპოზიციის ლიდერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის "მოშორება" სურთ, რადგან ბჟანია ყველაზე რეიტინგული ფიგურაა და მოქმედი „პრეზიდენტის" რაულ ხაჯიმბას დამარცხების შანსი აქვს.

ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციური გაერთიანება გამოვიდა ინიციატივით, რომ ე.წ. არჩევნები შემოდგომისთვის გადადებულიყო. ამასთან, მოითხოვეს ბჟანიას და მისი დაცვის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სს გამოძიებაც ჩატარდეს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ბჟანიას შესაძლო მოწამვლაში არანაირი შემხებლობა არ აქვს და თუკი ვინმეს მოწამვლაზე რაიმე ფაქტები გააჩნია, პროკურატურას მტკიცებულებებით უნდა მიმართოს. მისივე თქმით, ბჟანიას ავადმყოფობამ, პირველ რიგში, სწორედ ის და მისი გუნდი დააზარალა.

ოპოზიციის ბრალდებების შემდეგ, 17 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭომ ჩამოაყალიბა ჯგუფი და რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან ერთად დაიწყო ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გარემოებების გამოძიება.

ამასთან, ოპოზიციამ მიტინგიც დაანონსდა და ორშაბათს, 20 მაისს, დილიდან დე ფაქტო პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ მოთხოვნით, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა გადაიდოს 21 ივლისიდან შემოდგომამდე ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გამო.

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი თეიმურაზ ხიშბა მიიჩნევს, რომ არჩევნების გადადება მსოფლიო საზოგადოებას დაანახებს აფხაზეთის ხალხის დემოკრატიისკენ სწრაფვას.

„ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობა სტაბილურია, მისი გამოჯანმრთელება სწრაფად ხდება", - განაცხადა მან.

ახლა მთავარია, რას გადაწყვეტს დე ფაქტო პარლამენტი - დაუთმობს თუ არა ოპოზიციას.

ჯერჯერობით, დე ფაქტო პარლამენტი აცხადებს, რომ შექმნილია კომისია „არჩევნების" გადადების საკითხზე სამსჯელოდ და გადაწყვეტილებას „დეპუტატები" ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით მიიღებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს არის დაგეგმილი. ე.წ. კანდიდატების რეგისტრაცია იწყება სამშაბათიდან, 21 მაისიდან. თუმცა მანამდე უკვე აქტიურად არის დაწყებული აგიტაცია და სავარძლისთვის ბრძოლა.

წინასწარი მონაცემებით აფხაზეთის „პრეზიდნეტობა" 9 ადამინას სურს, მათ შორისაა მოქმედი „პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა და მისი ყველაზე დიდი ოპონენტი ასლან ბჟანია. ბჟანია დე ფაქტო პრეზიდენტად 2014 წელსაც იყრდა კენჭს და მაშინ ის მეორე ადგილზე გავიდა. მაშინ რაულ ხაჯიმბამ მიიღო - 51%, ბჟანიამ - 36%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×