თბილისის მერიამ ხელშეკრულება გაწყვიტა - ვინ შეიტანს საკვებს ბაღებში?
თეო გუდავაძე
20.05.2019

 დედაქალაქის ბაღების საკვებით მომარაგება რისკის ქვეშაა. თბილისის მერიამ კომპანია "ნილს", რომელიც დედაქალაქის ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება შეუწყვიტა. ბაღების სააგენტოს უფროსის განცხადებით ამის გამო პრობლემა არ შეექმნებათ ბაღებს და ისინი შეძლებენ საკვები პროდუქტების მიღებას, თუმცა გრძელვადიანი გეგმა უცნობია. "ნილის" დირექტორი ამბობს, რომ მერია მათ დაუმსახურებლად ცუდად მოექცა. 

თბილისის მერიამ კომპანია "ნილს", რომელიც დედაქალაქის ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება გუშინ შეუწყვიტა. ეს ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. ელოშვილის თქმით, კომპანიას ხელშეკრულება სამშაბათიდან შეუწყდება. მიზეზი კი ისაა, რაზეც ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობდნენ - კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და იმასაც დაგვიანებით აწვდიდა.

ამჟამად კომპანია "ნილს" ყადაღა ადევს, რის გამოც, ბაღების კვების პროდუქტებით მომსახურებას ვერ ახერხებს. მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, მუდმივად იყო შეფერხებები. კერძოდ, ბაღებში საკვები დაგვიანებით შეჰქონდათ და თანაც ხშირ შემთხვევაში, იგი უხარისხო იყო. 

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ბაღები ხარისხიანი საკვებით მარაგდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ კომპანია `ნილს~ მივეცით გაფრთხილება, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღეს ისევ ანალოგიური მდგომარეობაა, კვლავ დაგვიანებით ხდება ბაღებში საკვების შეტანა და ხარვეზები გვაქვს. 

წინა პარასკევს ვთქვით, რომ ამგვარ რეჟიმში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყდეს. ამისთვის ყველანაირი კონტრაქტუალური საფუძველი გვაქვს. 

უახლოესი რამდენიმე დღის და შესაძლებელია, კვირის განმავლობაში, შესყიდვას საჯარო ბაგა-ბაღები ავტონომიურად განახორციელებენ. საკვები პროდუქტების მიწოდებისა და ხარისხის მხრივ, ამ პერიოდში, არანაირი შეფერხება არ იქნება, ხოლო შემდგომში კომპანიის ჩანაცვლება მოხდება. საუბარია, დარჩენილ ორ თვეზე, სანამ საზაფხულო არდადეგები გამოცხადდება. შესაბამისად, ამ პერიოდში სხვა კომპანიით ჩანაცვლება მოხერხდება და უკვე მომავალი წლისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ბაღების სურსათით მომარაგების მხრივ რომ შეფერხება არ იქნება, ადასტურებს ბაღების სააგენტოს უფროსი კახა გვანცელაძემ. 

„როგორც უკვე იცით, კომპანია „ნილს“ დღეიდან უწყდება ხელშეკრულება. მინდა დავამშვიდო მშობლები, რომ ბაღების საკვებით მომარაგების მხრივ შეფერხება არ იქნება. საბავშვო ბაღების ადმინისტრაციები თავად უზრუნველყოფენ გარკვეული პერიოდით ხელშეკრულებების გაფორმებას მომმარაგებელ კომპანიებთან და პროდუქტი შევა ბაღებში შეუფერხებლად. დაცული იქნება პროდუქტის ხარისხი და კვების სტანდარტები“ - აღნიშნა ბაღების სააგენტოს უფროსმა. 

ბაღებში ეს პრობლემა თითქმის 3 კვირაა გრძელდება, თუმცა სანამ ამაზე ხმამაღლა საუბარი არ დაიწყეს, როგორც პედაგოგებმა ასევე მშობლებმა, მანამდე ინფორმაცია არ გახმაურებულა. ბოლო პერიოდში აღსაზრდელებს უწევდათ შემცირებული ულუფების მიღება, რაც შესაძლოა მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი ყოფილიყო. 

გლდანში მდებარე ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ პრობლემა ბოლო ერთი თვეა შესამჩნევი გახდა: 

"ორ კვირაზე მეტია აღარ შემოაქვთ წესიერად საკვები და მასწავლებლებს და მზარეულებს გვიწევდა მცირე ულუფების გადანაწილება 40 ბავშვისთვის. იყო დღეები, როდესაც არც კი ჰყოფნიდათ აღსაზრდელებს საჭმელი და ძალიან რთულ პირობებში გვიწევდა, მუშაობა. როგორ შეიძლება ტენდერებს ასეთი კომპანიები იგებდნენ, რომ წლის ბოლომდე თავიანთი ვალდებულება ვერ შეასრულონ. 

ეს არის უაზრო ეკონომიის გაკეთების შედეგი, რაც ახლა მივიღეთ. როგორ შეიძლება ფული ბავშევბის ხარჯზე დაიზოგოს და აბსურდულმა კომპანიამ მოიგოს ტენდერი იმის, გამო რომ მინიმალური ფასი წარადგინა. ხომ უნდა მიხვდეს ვინმე, რომ ამ თანხით ვერც ერთი კომპანია ვერ გაკვებავს ვერც ერთ ბაღს", - აღნიშნა გლდანის რაიონის საბავშვო ბაღის პედაგოგმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას. 

კომპანია „ნილის“ დირექტორი კახა გიორგაძე კი ამბობს, რომ თბილისის მერიისგან ხელშეკრულების შეწყვეტას მისი კომპანია არ იმსახურებდა. მან დეტალებზე საუბრისგან, თუ რატომ მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა, თავი შეიკავა.

„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ მე და ჩემი კომპანია, ამას არ ვიმსახურებდით. სხვა რამის კომენტირება არ შემიძლია, უკომენტაროდ დავტოვოთ“, - განაცხადა გიორგაძემ.

როგორც ჩანს, ბაგა-ბაღებს ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე თავად მოუწევთ სურსათის მომარაგებაზე ზრუნვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×