ელზა პაპოშვილი
20.05.2019

 19 მაისის შუალედური არჩევნები შესაძლოა „ნაცინალური მოძრაობის" განხეთქილების ბოლო წვეთად იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პარტიაში ბზარი უკვე არსებობდა, ამას საჯაროდ პოლიტიკოსები არ აღიარებდნენ და მის დამალვას ცდილობდნენ. თუმცა, 19 მაისს ღამით სანდრა რულოვსის მიერ გაკეთებულმა, სავარუდოდ, პარტიასთან შეუთანხმებელმა განცხადებამ, „ნაციონალურ მოძრაობაში" სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.

არსებული ბზარი უფრო ხილული გახდა და საზოგადოებამაც პარტიის წევრის ნიკა მელიას განცხადება იხილა, რომელიც რულოვსის მოწოდებას დაწყებულიყო ქვეყანაში რევოლუცია, ფაქტობრივად გაემიჯნა. გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ რულოვსმა ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების შემდეგ გააკეთა. ხოლო პარტიის წევრები და ლიდერები ფაქტის წინაშე დააყენა, ამან კი წევრების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.

შუალედური არჩევნების მეორე დღეს, ანალიტიკოსები „რეზონანსთან" იმ გარემოებებზე საუბრობენ, რის გამოც შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული ბზარი კიდევ უფრო გაიზარდა. ვარაუდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" შესაძლოა კრიზისის წინაშე იდგეს, მათი თქმით, რეალურია. ექსპერტთა აზრით, სანდრა რულოვსი და მის უკან მდგომი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" აქილევსის ქუსლად ექცა. ხოლო ამით კი ხელისუფლება და ბიძინა იავანიშვილი სარგებლობენ.

„ყველა ის გუნდი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ხდება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის", - ეს სიტყვები ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს მდივანს ეკუთვნის.

მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარტიამ გუნდის შიგნით, ერთობლივი კონსულტაციების გზით უნდა მიიღოს და შემდეგ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ნიკა მელიას განმარტებით, აღნიშნულში სკანდალური არაფერია.

„არ ნიშნავს, რომ აქცია არ უნდა დაიწყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ უნდა დაიგმოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შენელდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვანი განცხადება ჯერ გახდეს გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი, ეს არის მთავარი, მნიშვნელოვანი და წარმატების ერთ-ერთი საწინდარი. ამის შემდეგ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. აქ არაფერი სკანდალის შემცველი ნამდვილად არ არის. გამარგინალებულ, გაბანკროტებულ ბიძინა ივანიშვილს საჩუქარი არ უნდა გავუკეთოთ", - აცხადებს ნიკა მელია.

მელიას წყრომა, ღია და პირდაპირი კრიტიკა 19 მაისის ღამეს, სანდრა რულოვსმა, ზუგდიდის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, უფრო ზუსტად კი მისმა განცხადებამ დაიმსახურა - განცხადებამ, რომ ის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მზად არის ბრძოლა ხმლით გააგრძელოს:

„ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი, სოფელ-სოფელში, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ეს ნაბიჯი გადავდგა. თქვენ არ იცით რა გელოდებათ, მე არ გირჩევთ, რომ პირველ ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადოთ, რადგან მე მზად ვარ, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, თქვენ მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ მე მზად ვარ, მე არ ვხუმრობ"-განაცხადა რულოვსმა.

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძეე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ როგორც სახელისუფლო გუნდში, ასევე „ნაციონალურ მოძრაობაშიც" განსხვავებული იდეოლოგიის და ხედვების ჯგუფები არსებობს. ლაგაზიძე ამბობს, რომ მშვიდობიან პირობებში ისინი თანარსებობენ, ხოლო, როგოც კი კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება დაპირისპირება მაშინვე ზედაპირზე ამოდის.

„რამდენი რაღაც საზოგადოებრივი პროტესტი დაიწყო და წინა პლანზე „ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდა, ყველა მიტინგი დაიშალა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს 800 ათასი ხმა მიიღეს და ქუჩაში რვაასი კაცი ვერ გამოიყვანეს. ამიტომ, რევოლუციურ სცენარს ამ ქვეყანაში პერსპექტივა აღარ აქვს. ერთი და იგივე წრეზე ხალხი აღარ მიდის. მითუმეტეს „ნაციონალების" დაძახილზე არ გავა. 19 მაისის არჩევნები ჩემთვისაც დიდი აღმოჩენა იყო და ბევრი რაღაც შეცვალა. თუ წელიწადნახევარში რამე რადიკალური ცვლილებები არ მოხდა, „ოცნება" დიდი ალბათობით, გახდება საქართველოს ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელიც მესამე ვადით ისევ გაიმარჯვებს",-აცხადებს ლაგაზიძე „რეზონანსთან".

ლაგაზიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილის მიმართ გაორებული დამოკიდებულება, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში" ასევე, საზოგადოებაშიც არსებობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მის გარეშეც პარტიაში არსებული გუნდის ნაწილი ვერაფერს ვერ შეძლებს და მათთვის მთავარი ღერძი საქართველოს მესამე პრეზიდენტია.

თუმცა, სააკაშვილი არის ის ძირითადი ბარიერი, რომელიც სახალხო პროტესტს ივანიშვილამდე არ უშვებს. ლაგაზიძე ამბობს, რომ საზოგადოების პროტესტი იქ წყდება, როგორც კი სააკაშვილის ფიგურა ამოიზრდება.

ანალიტიკოსის აზრით, სააკაშვილი ივანიშვილის დამცავ ფარად იქცა. ადამიანებს, რომლებსაც მისი დაბრუნების ეშინიათ, ხმას ყოველთვის ივანიშვილის სასარგებლოდ წყვეტენ. მისივე თქმით, სააკაშვილი ივანიშვილის მეხამრიკად იქცა და ის ივანიშვილს ქართველი ხალხის რისხვასა და მეხს არიდებს. სანამ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში იქნება, ივანიშვილიც მანამდე ყოფნას შეძლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×