არჩევნების მოსაგებად ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა, ოპოზიცია კი რეალურ შეცდომებს კვლავ ვერ ხედავს
ელზა პაპოშვილი
20.05.2019

 წინასწარი მონაცემებით, ხუთივე ქალაქში მერის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ" მოიგო, მთაწმინდის დეპუტატის ასარჩევად კი, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაირა და მხოლოდ 30 საჩივარია შესული - მაშინ რას ნიშნავს ოპოზიციის განცხადება, რომ ხელისუფლებამ არცევნები გააყალბა. რა ტაქტიკას მიმართა „ოცნებამ" და როგორ შეძლო, რომ უშუალოდ საარჩევნო უბნებზე თვალში საცემ გაყალბებას ადგილი არა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგები თითქოს დამაჯერებელია, ხელისუფლების გადარჩენის მთავარ ფაქტორად მაინც მიხეილ სააკაშვილი რჩება, კოზირი, რომელიც ივანიშვილს ყველა არჩევნებზე ისევ ხელში უჭირავს. რას ვერ მიხვდა ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და რატომ უშვებს ისევ იგივე შეცდომებს, რის შედეგადაც ხელისუფლებას კვლავ გამარჯვების საშულებას აძლევს.

რა აჩვენა შუალედურმა არჩევნებმა? ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ თუ ოპოზიცია არ შეიცვალა და არ გაანალიზა რა ხდება, მაშინ ხელისუფლების შეცვლასაც ვერ შევძლებთ. მათი თქმით, ჯერჯერობით საარჩევნო პროცესი ისევ ორპოლუსიანია, თუმცა შავგულიძის შემთხვევაში დავინახეთ, რომ ასეთ ნეიტრალურ ფიგურას, რომელიც არცერთ ამ ორ პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული არ არის, გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 19 მაისის შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებიდან ვერეფერი ვერ ისწავლა.

მისი აზრით, თუ ოპოზიცია რიტორიკას არ შეცვლის და არ დაიწყებს გაანალიზებას რეალურად რა ხდება. მიუხედავად მოსახლეობაში არსებული დიდი პროტესტისა ხელისუფლების მიმართ, ისვე ის რატომ იგებს, მითუმეტეს ისე, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გაყალბების ფაქტებს არ ადასტურებს. ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბებეაზე განცხადებების გარდა, რეალური მტკიცებულებების და ფაქტების დადება უჭირს.

„თუ ოპოზიცია რეალურად მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ ხელისფლებამ გამარჯვება მხოლოდ გაყალბების და დაშინების მეშვეობით მოიგო, მაშინ საქმე ძალიან ცუდად აქვთ. ზუგდიდზე მე ადრევე ვამბობდი, რომ სანდრა რულოვსის ნაცვლად ჯობდა სრულიად სხვა კანდიდატი წარედგინათ. როგორც ეს მაგალითად მთაწმინდაზე შალვა შავგულიძის შემთხვევაში მოხდა.

როგორც კი ოპოზიცია შეთანხმდა ისეთ კანდიდატზე, რომელიც არ არის აფილირებული არც „ნაციონალებთან" და არც „ოცნებასთან", ასეთმა კანდიდატმა გაამართლა.

ანუ ხალხს სჭირდება ნეიტრალური პირი, რომელიც ამ ორ პარტიასთან დაკავშირებული არ იქნება. ზუგდიდი ადგილობრივი არჩევნები ისევ „ნაციონალების" და ივანიშვილის ბრძოლის ველად გადაიქცა. რეალურად ისევ ხალხმა არჩევანი ზუგდიდში სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის გააკეთა.

"თუ ოპოზიცია აცხადებს, რომ მას სრული მობილიზაცია ჰქონდა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაც გააკეთებდა ამას. „ოცნებამ" საკუთარი ამომრჩევლის 90%-ის მობილიზება შეძლო. რა თქმა უნდა, თავზე ხელს არავის ვუსმევ, მაგრამ მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ გაყალბებით არის არჩევნები მოგებული, 2020 წლისთვის ოპოზიცია კიდევ იგივე შეცდომას დაშვებს", - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია ნოდია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბების ტაქტიკა შეცვალა და არჩევნებს ახლა არა უშუალოდ უბნებზე, არამედ რამდენიმე დღით ადრე მოსახლეობის მოსყიდვის და დაშინებას მეთოდით უკვე აყალბებს.

მისი აზრით, ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს რა შეცდომაც დაუშვა ახლაც იგივე გაიმეორა. ხოლო ნოდიას აზრით, ხელისუფლებამ რა მეთოდიც გამოიყენა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არჩევნების გაყალბების, ისევ ის გაათამაშა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიციაში უნდა მოხდეს გარკვეული კონსენსუსი და იმ შეცდომების გადაფასება, რაც უკვე მეორე არჩევნების დროს დაუშვეს.

„ოპოზიციის ძალიან ბევრ შეცდომას ხელისუფლება უკვე სათავისოდ იყენებს. შუალედური არჩევნების დროსაც ისევ იგივე ფანდი გამოიყენეს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს. არჩევნებამდე ერთი კვირით თუ უფრო ადრე, მოსახლეობის მოსყიდვა, დაშინება და სხვადასხვა დაპირებებით გადაბირება შეძლეს. ასევე ფაქტია და ნათელია, რომ ივანიშვილი სააკაშვილს კარგად იყენებს.

"რევოლუციისკენ მოსახლეობის მოწოდება არ ამართლებს და ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს. უკვე მერამდენე არჩევნებია, რომ სააკაშვილის ფაქტორს ივანიშვილი ისევ იყენებს.

"ამიტომაც მე მგონია, რომ ოპოზიციამ ამ კუთხით რაღაც გამოსავალი უნდა ნახოს. სააკაშვილსიგან რაღაც დისტანცირება უნდა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2020 წლისთვის ისევ წააგებენ. სააკაშვილი, ფაქტია, რომ რეალობას მოკლებულია და ქვეყანაში საზოგადოების განწყობებს ვერ ხვდება. ასე დისტანციურად მართო პარტია და რეალურად საზოგადოების განწყობებს ხვდებოდე წარმოუდგენელია", - აცხადებს „რეზონანსთან" ნოდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×