(რეზონანსი) ზაფხულის (ნაცუ) ბაშოზე სეკივაკე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მერვე გამარჯვება უბრძოლველად მიიღო - დებიუტანტი ოძეკი ტაკაკეიშო დოჰიოზე არ გამოცხადდა და ტრავმის გამო მეორედ მიატოვა ბაშო. ასე რომ, ლევან გორგაძეს 8-1 ბალანსი აქვს და ნაცუ ბაშოს ერთ-ერთი ლიდერია.
nikkansports.com-მა ქართველ სუმოისტს კომენტარი სთხოვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: "ტაკაკეიშოს წინააღმდეგ ფრთხილად ჭიდაობას ვაპირებდი, რომ მისთვის არაფერი დამეშავებინა. მე ძალიან კარგად ვიცი, რა ძნელია სუმოში ტრავმის მიღება, ამიტომ არ მსურს, ვინმე დაშავდეს", - განაცხადა ლევან გორგაძემ
ტოჩინოშინს მომავალ ბრძოლებზეც კითხეს - მას ხომ 6 დარჩენილ ორთაბრძოლაში 2 მოგებაღა ესაჭიროება ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად:
"ასე "შორს" არ ვიყურები, მხოლოდ მომდევნო ორთაბრძოლაზე ვიფიქრებ, თუმცა მიზნის მიღწევა შესაძლებელია".