თამარ შუკვანი
21.05.2019

 „ვერაფრით წარმოვიდგენ, რომ რაღაც კლიპის გამო მოხდა დაპირისპირება, ეს ჩემთვის გაუგებარია, თუმცა ერთი რამ გასაგებია, რომ ამ სკოლაში ეს ძალიან ხშირად ხდება. ამ სკოლას რა უბედურება სჭირს, არ ვიცი. ჩემთვის მიუღებელი სკოლა გახდა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე 51-ე სკოლის „ჰიმნს", სადაც ე.წ. ქურდული სამყაროა გაშარჟებული და ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ეს ვიდეო გახდა გუშინ მომხდარ შემთხვევაში, მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზიც.

„51-ე სკოლის ჰიმნი" - ამ სათაურით ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ვიდეორგოლში მონაწილეობს კლასის პედაგოგიც.

სიხარულიძე 51-ე სკოლას აკრიტიკებს. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ამ სკოლაში ხშირად ხდება.

„კლიპი არ მინახავს, მაგრამ ნუ გადავაბრალებთ რაღაცეებს 51-ე სკოლაში უბედურებებს, რაც ოდითგანვე ხდება. ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ეს სკოლა ითვლებოდა ვითომ პრესტიჟულ სკოლად და ისედაც, რაც პრესტიჟულად ითვლება, არ მომწონს.

„მომწონს უბრალოება. მე ჩემ შვილს ამ სკოლაში არ მივიყვანდი. ჩემ შვილს მივიყვანდი ისეთ სკოლაში, სადაც უბრალო ოჯახიდან გამოსული ბავშვები სწავლობენ, რომლებშიც არის სინდისი, ნამუსი, პატიოსნება, კეთილშობილება, გოგოებს კლდემამოსილებად ზრდიან და ბიჭებს ვაჟკაცებად. მთელი ჩემი ცხოვრებაა ეს სკოლა არ მომწონს," - განაცხადა გივი სიხარულიძემ.

ცნობისათვის, გუშინ თბილისში, 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებმა იჩხუბეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობისთვის დგება.

დაპირისპირებული მოზარდების მშობლები უარყოფენ, რომ ჩხუბი ვიდეოკლიპის გამო დაიწყო. კლიპის გამო დაპირისპირებას უარყოფენ მასწავლებლებიც. ისინი ამბობენ, რომ ბავშვები უბრალოდ მუსიკას უსმენდნენ. თუმცა, 51-ე სკოლის მოსწავლეები ღიად საუბრობენ, რომ დაპირისპირება სწორედ ვიდეო შარჟს მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×