„ამ განცხადებაში სექსისტურს ვერაფერს ვხედავ. ეს არის ძალიან კეთილი რჩევა, თუ გაითვალისწინებს კარგი იქნება. ძალიან გონივრული რჩევაა სწორედ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, - ოჯახს და შვილებს სჭირდებათ დედა, მეუღლესაც ალბათ სჭირდება ცოლი," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ზუგდიდის მერობის ყოფილ კანდიდატ სანდრა რულოვსზე გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც საზოგადოების ნაწილი სექსისტურად მიიჩნევს.
ღარიბაშვილმა არჩევნების წინასწარი შედეგების გაგების შემდეგ სანდრა რულოვსს ურჩია „დაისვენოს, ქმარს მიხედოს" და ისინი „მიხედავენ ქვეყანას".
ქანთარია აცხადებს, რომ ღარიბაშვილის ამ განცხადებაში შეინიშნება ერთგვარი ცინიზმი, თუმცა სექსისტურ განცხადებად არ მიიჩნევს.
„რა არის აქ სექსისტური, როდესაც მოუწოდებს და ურჩევს, რომ მიხედეთ ოჯახს? ეს არის რაღაცის აგორება ღარიბაშვილის მიმართ. ვერ ვხედავ რაღაც განსაკუთრებულს. შეიძლება იყოს შეფარული ცინიზმიც, მაგრამ ის, რომ ეს სექსისტური განცხადებაა და უარყოფითი მუხტის მატარებელია, ვერ გავიზიარებ," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.