ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას NDI-ის („ენ-დი-აი") დღეს გამოქვეყნებული კვლევები შეაფასა. საყვარელიძე ამბობს, რომ პარტიების რეიტინგის ნაწილში კვლევა სანდოა, რადგან ეხმიანება ძველი კვლევების შედეგებს.
„დიდი ხანია ასეთია ხალხის დამოკიდებულება პარტიების მიმართ - უმრავლესობას არც ერთი პარტია არ უნდა და არც მეორე. „ენ-დი-აი"-ს კვლევევაში რეიტინგების ეს თანამიმდევრობა - „ქართული ოცნება" - 21%, „ნაციონალური მოძრაობა" - 15% და „ევროპული საქართველო" - 4% - პრინციპში მეორდება, ეხმიანება ძველ კვლევებს და უფრო მეტად სანდოა. როდესაც ახალი კვლევების შედეგების განსხვავება ძველ კვლევებთან, ან უკვე ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დიდია, მაშინ საეჭვო ხდება ჩატარებული კვლევა", - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, აღნიშნული კვლევის თანახმად, საზოგადოების 39%-ის მხრიდან ივანიშვილის მიმართ უარყოფითი შეფასება გასაკვირი არ არის, რადგან იგი უკვე დიდი ხანია ხელისუფლების სათავეშია და პრობლემებიც არ შემცირებულა.
„ყველა არჩევნების შემდეგ პრეზიდენტიც და მმართველი პარტიაც კარგავენ ხოლმე რეიტინგს. ამ შემთხვევაში უკვე შვიდი წელიწადია გასული, რამდენიმე არჩევნებიც იყო და პრობლემებიც არ შემცირებულა. რაღაც პრობლემები მოიხსნა ივანიშვილის მოსვლასთან ერთად, მაგრამ მერე ერთ ადგილზე გაიყინა და ასეთ გაყინვას საზოგადოება ცუდი თვალით უყურებს.
„ამ შემთხვევაში ივანიშვილის მიმართ 39 % უარყოფითი შეფასება გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ აღნიშნული საზოგადოებისთვის სასურველი ფიგურა იგი ალბათ არ არის," - აცხადებს საყვარელიძე.
მან პარლამენტის რეიტინგზეც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ მათი დაბალი რეიტინგი უცხო არ არის, რადგან ივანიშვილიც და საკონმდებლო ორგანოს გარკვეული ჯგუფებიც უკმაყოფილონი არიან პარლამენტის მუშაობით.
„პარლამენტი რომ ცუდად მუშაობს, ამაზე თვითონ ივანიშვილიც ჩივის და პარლამენტარებიც უკმაყოფილონი არიან პარლამენტის და მმართველი პარტიის მუშაობით. ჯგუფიც გამოეყო მმართველ პარტიას. ძირითადი საყვედური იყო მოსამართლეების მიმართ. ასე რომ, მათ მიმართ საყვედურის მიზეზები ძალიან ბევრია და თან უნდობლობაა ხელისუფლების საპარლამენტო ჯგუფის მიმართ, რომ ისინი დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს და ბევრს მიაჩნია, რომ მათი გადაწყვეტილებები მოდის პარტიის გადაწყვეტილებებიდან და დამოუკიდებელი ფიგურები არ არიან. ეს ყველაფერი მათ რეიტინგს დაბლა აგდებს,
„სასამართლო სისტემა ბოლო ხანებში იმდენად კრიტიკული მსჯელობის საგანი გახდა, რომ მაღალი რეიტინგი რომ ჰქონდეს, ეგ იქნებოდა გასაკვირი. სასამართლო სისტემის გამოცდილება ყველა ჩვენგანს საიმისოდ არ აქვს, რომ ზუსტი დასკვნები გამოვიტანოთ, მაგრამ ძალიან ხშირად ამ დასკვნებს მასმედიიდან ვაკეთებთ და მასმედიაში პოლიტიკოსების, არასამთავრობოების და თავად ჟურნალისტების მხრიდან სასამართლოზე ძალიან მძიმე პოზიცია ჩანს ხოლმე," - განიცხადა საყვარელიძემ „რეზონანსს".
მისივე აზრით, საზოგადოების მხრიდან პრეზიდენტის მუშაობის შეფასება არასწორია, რადგან პრეზიდენტს უფლებამოსილებები ძალიან შემცირებული აქვს.
„პრეზიდენტი არჩეულია და ძნელია სანამ ახალი არჩევნები არ დადგება, მანამდე მის რეიტინგზე ვისაუბრო და მეორეც, გაუგებარია პრეზიდენტს რის მიხედვით აფასებენ. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილებები ძალიან შემცირებული აქვს და ამის მიხედვით პრეზიდენტი არ ცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ.
„პოლიტიკოსების რეიტინგში სერგეენკოს და კალაძეს ყოველთვის მაღალი რეიტინგი ჰქონდა, სააკაშვილის რეიტინგზე კი „ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობამ თავისი გავლენა იქონია. რაც შეეხება ნათელაშვილს, იგი ამ რეიტინგის ოთხეულში რატომ არის, გაუგებარია, იმიტომ, რომ პარტიაც არ არის აქტიური. „ენ-დი-აი"-ს კვლევები ამ პუნქტებში მემგონი სანდო არ არის", - აცხადებს საყვარელიძე.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები „ენ-დი-აი"-მ დღეს გამოაქვეყნა. პარტიების რეიტინგის თვალსაზრისით, საზოგადოების 37%-ს მიაჩნია, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს, 21%-მა „ქართული ოცნება" დაასახელა, 15%-მა - „ნაციონალური მოძრაობა", ხოლო 4%-მა - „ევროპული საქართველო".
გამოკითხულთა 40% პარლამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს; 30% თვლის, რომ პრეზიდენტი ცუდად მუშაობს; ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 39%-ს აქვს. სასამართლოს მიმართ უნდობლობა კი 31%-ს აქვს.
გამოკითხულთა დადებითი განწყობილება პოლიტიკოსების მიმართ ასე გადანაწილდა: დავით სერგეენკო - 40%, კახი კალაძე - 40%, მიხეილ სააკაშვილი - 31% და შალვა ნათელაშვილი - 28%.