„კობიაშვილის მდგომარეობაში შევდივარ - ის საქართველოს ფეხურთის ფედერაციის პრეზიდენტია და საერთაშორისო თვალსაზრისით რამხელა დარტყმაა... საქართველოში ფეხბურთი ჩვენთვის მართლაც წმინდაა, ჩვენი ცხოვრების ნაწილია და რაც არ უნდა მკაცრები ვიყოთ, ის ფეხბურთელები შესაცოდები იქნებიან, რომელებიც ასეთ ცდუნებაში ჩავარდნენ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ფეხბურთელების დაკავებას.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებული ფეხბურთელები შესაბამის სასჯელს მიიღებენ.
„არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას. ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს, რადგან ეს ადამიანები არიან ამის ღირსი. რასაც დაიმსახურებენ, იმას მიიღებენ და მე ამის გარანტიას ვიძლევი.
„კონკრეტული ადამიანები საუბრობენ კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე და ა.შ. აბსოლუტური ტყუილია! ზოგიერთი სააგენტოები და ადამიანები ცდილობენ აქცენტი გადაიტანონ, გადაფარონ და ამბობენ, რომ რაღაცა დავალიანებები იყო - ეს არის ტყუილი. ერთადერთი დავალიანება, რაც ამ კლუბს ჰქონდა, ის არის, რომ ბოლო ორი კვირის ხელფასი არ ჰქონდა გაცემული.
„ორი კვირის, ორი თვის და წლის კი არა, საერთოდ რომ არ ჰქონდეს ხელფასი, არანაირი გამართლება არ აქვს ამ საქციელს, რაც ფეხბურთელებმა ჩაიდინეს. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებსაც, რომ მნიშნველოვანია, ყოველთვის ისეთი მესიჯები გავაშუქოთ, რომელიც ხელს კი არ უწყობს მათ ქმედებებს, პირიქით. გთხოვთ, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, რომ ვებრძოლოთ ამ ყველაფერს,"- განაცხადა კობიაშვილმა.
ყაველაშვილის განცხადებით, ყველა ღონისძიება უნდა იქნას მიღებული იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს. მისი თქმით, „4 თვეა ხელფასი არ ამიღია" - თავის გასამართლებელ საბუთს არ წარმოადგენს.
„პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სამსახურს, რომელმაც გამოავლინა მართლაც საზარელი დანაშაული. სამწუხაროდ, ეს არის ცდუნება და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ამაზე. პროპაგანდაც სჭირდება, რომ მსგავსი ცდუნება და აზრი სპორტსმენს არ გაუჩნდეს.
„საკანონმდებლო თვალსაზრისით, ჩვენ მანამდე გვქონდა მუშაობა დაწყებული. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციის თაობაზე კონვენციას და უნდა მოხდეს რატიფიცირება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ფეხბურთელებიც დავიცვათ, რომ ასეთი ცდუნება არ დაემართოთ.
„ეს არის კომპლექსური საკითხი და მხოლოდ ერთი მიმართულებით ვერ ვიმსჯელებთ. დღეს გაჟღერდა, თითქოს 3-4 თვე ხელფასი არ აუღიათ და ეს იყო მიზეზი. შეუძლებელია ამით გამართლდეს, რომ „ხელფასი არ ამიღია და ამ დანაშაულზე მივდივარ". ეს მიუღებელია და არც არავინ გაიფიქროს ამ თავლსაზრისით რამე. ერთად შევძლებთ, რომ გავამკაცროთ ყველა მიმართულებით მუშაობა," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისათვის, სუს-მა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.