თუკი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, აფხაზეთში შესაძლოა სისხლისღვრა დაიწყოს. ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბრისას. ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
აფხაზეთში მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ 21 ივლისს დაგეგმილ „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამლეს და არჩევნების შემოდგომამდე გადადებას ითხოვს. ხაჯიმბას ხელისუფლება კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.
ბჟანია უკვე თვეზე მეტია მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე როგორც დიაგნოზი, გასაიდუმლოებულია.
„რუსეთს არ სურს, რომ ბჟანია გახდეს „პრეზიდენტი“, ხოლო აფხაზეთს - ხაჯიმბა. ის რაც ხდება, ხდება მოსკოვის ბრძანებით. ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი და ამას ყველა კარგად ხვდება.
„ბჟანიას მომხრეები არ გაჩერდებიან, ბოლომდე იბრძოლებენ და ამას სახარბიელო შედეგები არ მოყვება. ჩემი აზრით, ვიდრე სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავს, დე ფაქტო ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს უმცირესობის მოთხოვნები, ან რაულ ხაჯიმბაც უნდა ჩამოშორდეს დაკავებულ თანამდეგობას. აფხაზეთს არეულობა და მითუმეტეს სისხლისღვრა აღარ არჭირდება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ოპოზიციამ პროტესტი 20 მაისიდან დაიწყო. ისინი 21 ივლისს დანიშნული „არჩევნების“ 23 ნოემბრისთვის გადადებას ითხოვენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ბჟანიას სისხლში აღმოაჩინეს ვერცხლისწყლისა და ალუმინის მაღალი შემცველობა, რასაც ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზის პასუხები.
„რაულ ხაჯიმს აქვს მოსკოვის გვერდში დგომის იმედი. რუსეთს კი სურს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი მთლიანად თავის დაქვემდებარებაში მოიქციოს და ყველანაირად ცდილობს არასასურველი კანდიდატების ჩამოშორებას“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
ზურა სოლომნიშვილი