თამთა ჩაჩანიძე
21.05.2019

 აფხაზეთში, ფინანსების მოზიდვის ერთერთი მთავარი წყარო -ტურისტული სეზონი ჩაშლის ზღვარზეა. რუსმა ტურისტებმა მასიურად დაიწყეს ზაფხულისათვის აფხაზეთის სასტუმროებში დაჯავშნული ნომრების ჯავშანის გაუქმება. ოპოზიციის აქციების გამო კი აფხაზებმა 2 დღეში 1.5 მილიონი რუბლი (დაახლოებით 64 ათასი ლარი) დაკარგეს, რაც შესაძლოა რუსი ტურისტების ვიზიტებს მოეტანა.

ყველაფრის მიზეზი 20 მაისს სოხუმში დაწყებული ოპოზიციის უვადო საპროტესტო აქციაა. ოპოზიცია 21 ივლისისათვის დაგეგმილი „საპრეზიდენტო არჩევნების“ ნოემბერში გადატანას ითხოვს, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება არ თანხმდება.

რუსების მიერ სასტუმროებში ჯავშანის გაუქმებაზე ინფორმაცია „აფხაზეთის ტურისტული კავშირის თავმჯდომარე“ ანა კალიაგინამ გააკეთა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ტურისტებმა ბევრ სასტუმროში უკვე დაიწყეს დაჯავშნული ნომრების გაუქმება. გაუქმებული ჯავშნების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვსწავლობთ სიტუაციას და გავარკვევთ რამდენად დააზარალებს ეს ფაქტი ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა  კალიაგინამ „სპუტნიკთან“ საუბრისას.

მან ასევე თქვა, რომ ქვეყნისთვის ტურისტული სეზონი ძირითადი შემოსავლის წყაროა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ტურისტებს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის“.

ამის პარალელურად აფხაზეთის ტურიზმისა და კურორტების დე ფაქტო მინისტრმა ავთანდილ ღარწკიამ განაცხადა, რომ „რესპუბლიკამ“ ოპოზიციის აქციების გამო უკვე ნახა სერიოზული ზარალი. კერძოდ, ოპოზიციის აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვის გამო რუსეთიდან აფხაზეთში შემოსული ტურისტების სავსე 20 ავტობუსი უკან გაბრუნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×