ლარი თავბრუდამხვევი სისწრაფით უფასურდება. "ბლუმბერგის" დინამიკაზე თვალის მიდევნებითაც ჩანს, რომ ლარი სპეკულაციური ფაქტორების ზემოქმედებას განიცდის. სპეციალისტების ნაწილი კურსზე ხელოვნურ ჩარევას ადასტურებს კიდეც, საუბრობენ იმაზეც, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება დოლარის გადინებას უკავშირდება. დევალვაცია მოსახლეობის ცხოვრების დონეზე უმძიმესად აისახება, რადგან სწორედ ლარის კურსს უკავშირდება საწვავსა და საკვებზე, განსაკუთრებით კი, პურზე ფასის ზრდა.
თამამად შეიძლება თქმა, რომ სავალუტო ბაზარზე პანიკაა. ამ დროს კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფლაციის მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ის ნორმის ფარგლებშია.
„გაცვლით კურსთან დაკავშირებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოკლევადიან პერიოდში არსებულ რყევებზე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ განმარტებას, რადგანაც ეს შეუძლებელია. აქ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ თუ რა ხდება ინფლაციასთან დაკავშირებით. ინფლაცია საქართველოში არის მიზნობრივ მაჩვენებლებთან ახლოს. ქალბატონმა ლაგარდმა აღნიშნა კიდეც, რომ ინფლაცია ქვეყანაში არის დაბალი", - აცხადებს გვენეტაძემ.
პარლამენტს ეს ინფორმაცია არ აკმაყოფილებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან განმარტებას ელის.
„დამატებითი ინფორმაციის მიღება დაგვჭირდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან, რის შემდეგ შეიძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში კურსის სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ფინანსთა მინისტრი კი კურსის ცვლილებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს და ამბობს, რომ ინფლაციას საფრთხე არ ემუქრება. ეს მაშინ, როცა მან მიზნობრივ მაჩვენებელს უკვე კარგა ხანია გადააჭარბა.
,,დოლარი მიუახლოვდა 2.8-ს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებულები ვართ, ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა, იქნება იმ ზღვარში, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი” ,- ამბობს ივანე მაჭავარიანი.
არსებულ სიტუაციაში მთავრობა ცდილობს, რომ მღელვარება არ შეიმჩნიოს, თუმცა ფაქტია, რომ ლარის კურსი გაექცათ და წონანსწორობის აღდგენა უჭირთ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კურსი 2,80-ს გადააჭარბებს. ახლა ლარი სპეკულაციური ფაქტორების ზემოქმედების ქვეშაა.
ანალიტიკოსი ნიკა შენგელია `რეზონანსთან~ ამბობს, რომ გაუფასურებაზე საგარეო ტენდენციებმაც იმოქმედეს, თუმცა ყველაზე მეტი საფრთხე ეროვნულ ვალუტას დოლარის მასშტაბური გადინების გამო შეექმნა, რაც ბოლო პერიოდში ხდება.
,,ჩვენ ვამბობდით, რომ 15 მაისის შემდეგ ლარი გადაინაცვლებდა სხვა შუალედში და ასეც მოხდა. ქართული ფაქტორის გარდა, ლარზე საგარეო ტენდენციებმა იმოქმედეს. რუბლზე დიდი ზეწოლაა, თურქული ლირაც უფასურდება, ხოლო საქართველოდან დიდი რაოდენობით გაედინება უცხოური ვალუტა, ერთი სიტყვით, დოლარზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც ლარზე უარყოფითად მოქმედებს.
ამას ემატება ინფრასტრუქტურული პროექტები, ტენდერებს ძირითადად უცხოური კომპანიები ყიდულობენ, რომელთაც ქვეყნიდან დიდი რაოდენობით ფინანსური რესურსი გააქვთ. ერთბაშად რამდენიმე ფაქტორმა მოიყარა თავი და ლარი ამის გამო სერიოზულ წნეხს განიცდის. უფრო და უფრო რეალური ხდება პროგნოზი, რომ სექტემბრიდან კურსი 2,85-ს მიაღწევს და ამ პროცესს, სამწუხაროდ, ვერაფერი შეაფერხებს. ლარი ნელ-ნელა სწორედ ამ გზით მიდის. ვამბობდი, რომ 2,65-იანი კურსი სანატრელი გაგვიხდებოდა და ნამდვილად ასეა. ცხადია, სპეკულაციური ფაქტორების ზეგავლენაც დიდია. ვისაც უნდა თუ არა, დოლარის შესყიდვა დაიწყო და უცხოურ ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა გაჩნდა, რასაც სავალუტო კრიზისამდე მივყავართ. ცოტა ხანში შეიძლება ოდნავ მოახდინონ კორექტირება და კურსი 2,75-მდე დაიყვანონ, მაგრამ რყევები ისევ გაგრძელდება", - ამბობს ნიკა შენგელია.
მოსაზრებას, რომ ლარი საგარეო ფაქტორების გავლენით უფასურდება, არ ეთანხმება ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი, რომლის შეფასებითაც, ფინანსთა მინისტრის განმარტება არასწორია და ლარის გასაჭირი თურქული ვალუტის კურსს არ უნდა დავუკავშიროთ.
„ლირა დასტაბილურდა, ამიტომ ახლა ლარის გაუფასურება თურქეთის ფაქტორით ვერ აიხსნება. ის, რომ ლარის გაუფასურება ლირის ბრალია, ამ არგუმენტს წონა არ აქვს; თურქეთში ქარი რომ დაუბერავს, ლარს არ უნდა აცემინებდეს,“ - აღნიშნა ფინანსისტმა.
საბანკო სფეროს სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე ლარის გაუფასურებას კომერციული ბანკების მხრიდან სპეკულაციებს უკავშირებს და ამბობს, რომ უნდა მათი საქმიანობის შესწავლა აუცილებელია.
"ფინანსთა მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ თურქული ვალუტის გაუფასურების გამო მოხდა ლარის გაუფასურება. კარგი იქნება, თუ აგვიხსნის, ეს გავლენა რაში გამოიხატება, ერთი ფაქტორი მაინც დამისახელონ. ასეთი დაუცველები თუ ვართ, მაშ, რისთვის გვყავს ეროვნული ბანკი? ძალიან სუსტი არგუმენტები ისმის, მათ შორის კობა გვენეტაძის მხრიდან, მოკლევადიან რყევებზე კომენტარებს არ ვაკეთებთო. ამ დროს ლარი უკვე გრძელვადიან რყევებს განიცდის და ამას აქვს საკმაოდ დიდი ხნის ტენდენცია.
გარდა ამისა, სებ-მა გამოაქვეყნა აპრილის მონეცემი ბანკების მოგების შესახებ, 64 მლნ მოგებიდან, 30 მლნ ლარი ვალუტის გაცვლითი ოპერაციებით არის მიღებული, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ბანკებმა მონახეს გზა მაღალი მოგების მისაღებად და ამაზე არავინ რეაგირებს. გამოდის, რომ მოგების 50% ვალუტის გაყიდვებით მიიღეს. სებ-მა აგვისხსნას, რატომ შედის ბანკების ინტერესებში ლარის გაუფასურება? 1 თვეში 1 თეთრით გაუფასურებული ლარი, ჩემი გათვლით, ათიათასობით მოგებული ლარია", - ამბობს კაპანაძე და დასძენს, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა ეროვნული ბანკი მხოლოდ ინფლაციაზე გახადეს პასუხისმგებელი.
"დღეს ბანკებს რაც სურთ, სწორედ ის კურსი დგინდება "ბლუმბერგის" პლატფორმაზე, სწორედ ეს არის საყურადღებო. მოსახლეობა ზარალდება, პასუხისმგებლობას და ახსნა-განმარტებას არავინ ითხოვს. თავისუფალი თავისუფალი მცურავი კურსი უკონტროლობას არ ნიშნავს. ბანკებს არ უნდა ვენდოთ და გადამოწმება მოხდეს, ლარი სპეკულაციურ ზემოქმედებას განიცდის და ამაზე თვალის დახუჭვა უკვე დანაშაულია. დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა ეროვნული ბანკი მხოლოდ ინფლაციაზე გახადეს პასუხისმგებელი", - აცხადებს ვაჟა კაპანაძე.