ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“ შუალედური არჩევნების შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ რეალურად არჩევნების დღეს გაყალბება არ ყოფილა, თუმცა ხელისუფლებამ ამაზე ერთი კვირით ადრე იზრუნა. კაკაჩია აცხადებს, რომ „ოცნებამ“ გაყალბების მეთოდები შეცვალა და ამას არჩევნებამდე მოსახლეობის მოსყიდვით, დაშინებით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ახრეხებს.
თუმცა კაკაჩია ამბობს, რომ ეს მეთოდი ახალი არაა და „ოცნებას“ ექსკლუზიურად არ ეკუთვნის. ამ ხელისუფლებამ ეს მეთოდი პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადმოიღო, თუმცა ამ მეთოდმა 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებას ვეღარ უშველა. შესაბამისად, თუ წელიწადნახევარში ოპოზიციურ ველზე სიტუცია შეიცვალა, ივანიშვილსაც ეს მეთოდი ვეღარ დაეხმარება.
კაკაჩია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებსაც აფასებს და აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული პარტია რამდენიმე წევრმა დატოვოს. მისი აზრით, თუ ეს პარტია დასუსტდა, მაშინ ოპოზიციურ ფლანგზე პირველობას „ევროპული საქართველო“ მოიპოვებს. კაკაჩია სააკაშვილს ურჩევს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პარტიისგან დისტანცირება მოხადინოს და მინიმუმ მის პოლიტიკაში არ ჩაერიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილის ფაქტორს ყველა არჩევნების დროს ივანიშვილი ისევ წარმატებით გამოიყენებს.
„რეზონანსი“: მიუხედავად ოპიზციის განცხადებისა, რომ შუალედური არჩევნები გაყალბდა, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, დარღვევებზე მხოლოდ 30 საჩივარია შესული და ამ არჩევნებმა განსაკუთრებული გაყალბების გარეშე ჩაიარა. თქვენი აზრით, რა მოხდა რეალურად?
კორნელი კაკაჩია: მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ არჩევნების ჩატარების ტაქტიკა შეცვალა. ერთი კვირით ადრე ყველა საორგანიზაციო საკითხები მოაგვარა. დაგეგმა კარგად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი და ასევე საკმაოდ დიდი ფული დახარჯა იმისთვის, რომ ამომრჩევლსი მოსყიდვა მომხადრიყო.
თუმცა, ეს ტაქტიკა „ოცნების“ ექსკლუზივი არ არის და ამ ხერხს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყენებდა. ახლა ამ ხელისუფლებამ გადმოიღო და გაამართლა კიდევაც.
არ ვიცი ამას რა შეიძლება დაუპირისპირდეს, მაგრამ ოპოზიცია თუ ერთიანი იქნება და გარკვეულ შცდომებს გაანალიზებს, შესაძლოა რაღაც გამოსავალი მოიძებნოს. ასევე ბევრი რამ ამ წელიწად ნახევარზეც იქნება დამოკიდებული, როგორი მოქმედების ტაქტიკა ექნება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.
„რ“: თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ შუალედური არჩევნებისთვისაც ივანიშვილმა სააკაშვილის ფაქტორი, როგორც კოზრი, სათავისოდ ისევ გამოიყენა. იყო ესეც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რის შედეგადაც „ოცნებამ“ არჩევნები მოიგო?
კ.კ.: რა თქმა უნდა, სააკაშვილის ფაქტორი მანამდე იმუშავებს, სანამ ის ივანიშვილს ამის საშუალებას მისცემს. სააკაშვილი რეალობას მოკლებულია და დისტანციიდან საზოგადოების განწყობებს ობიექტურად ვერ აფასებს. ამას, როგორც ვნახეთ, „ნაციონალურ“ მოძრაობაშიც მიხვდნენ.
სააკაშვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ქვეყანაში არსებობს და ეს არასდროს განელდება. არ ვიცი ნებსით თუ უნებლიედ, სააკაშვილი ივანიშვილს იმაში ეხმარება ყველა არჩევნების დროს, რითაც ის საქართველოს მოსახლეობას უკვე დიდი ხანია აშინებს. ხალხს არ სურს არანაირი რევოლუცია და გადატრიალება, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობისა.
„რ“: როგორ ფიქრობთ, ნიკა მელიას განცხადების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს? ელით, რომ ზოგიერთი ლიდერი პარტიას დატოვებს?
კ.კ.: ნიკა მელიას შეფასება და განცხადება სწორი და ადეკვატურია. რა თქმა უნდა, მოსახლეობას ფუჭი მოლდინები არ უნდა მივცეთ. მითუმეტეს, როგორც აღვნიშნე, ეს განწყობა საზოგადოებაში არ არის.
არ გამოვრიცხავ, რომ ამ პარტიის მარგინალიზება მოხდეს. შესაძლოა რამდენიმე წევრმა პარტია დატოვოს. ეს გასაკვირი არ იქნება, რადგანაც უკვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს ბზარები გაჩნდა. სააკაშვილის ფაქტორი ამ პარტიისთვის არის როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასევე შემაჩერებელი ბერკეტი.
სააკაშვილს ჰყავს, მიუხედევად მისდამი ნეგატიური დამოკიდებულებისა, თავისი ამომრჩეველი, მაგრამ მისი განცხადებები არის არ არის რეალობასთან ახლოს. ამიტომაც, თუ პარტიისგან ცოტა ხნით მაინც არ დისტანცირდება, ანუ ჩარევისგან თავს არ შეიკავებს, ამ პარტიის დასუსტება გარდაუვალია. ეს კი ხელისუფლებას ძალიანაც აწყობს. თუმცა მისი დასუსტების შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ შეეცდება, რომ წაინა პლანზე გადმოვიდეს.
„რ“: „ენ-დი-აი“-ს კვლევებზე მინდა გკითხოთ და ივანიშვილის რეიტინგის კლებაზე. როგორ ფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის 4 წელია პოლიტიკაში აქტიურად არ იყო ჩართული, მისი რეიტინგი ასე რატომ დაეცა?
კ.კ.: ივანიშვილის რეიტინგი როგორც თავად მან, ასევე მის მიერ დანიშნულმა მთავრობამ და მინისტრებმა გაფლანგეს. ივანიშვილის დაპირებები, რომლის ირგვლივაც მოსახლეობას დიდი მოლოდინი ჰქონდა, არ შესრულდა. ამიტომაც ყველაფერს ხალხი, რაც კი ქვეყანაში ცუდი ხდება, მას აბრალებს.
თავად ივანიშვილიც არ ცდილობს, რომ რაიმე თავიდან აიცილოს, ისევ გამოდის და მოსახლეობას ხმის მიცემის სანაცვლოდ დაპირებებს აძლევს. ხალხს კი ამის აღარ სჯერა და მისი ავტორიტეტი ყოველთვე იკლებს.
„რ“: ასეთი რეიტინგიდან გამომდინარე, რისი იმედი შეიძლება „ოცნებას“ და ივანიშვილს 2020 წლის არჩევნებისთვის ჰქონდეთ? ან რატომ ვერ იყენებს ხალხის ნეგატიურ განწყობას ხელისუფლების და ივანიშვილის მიმართ ოპოზიცია?
კ.კ.: რა თქმა უნდა, ივანიშვილს ისევ ფულის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების იმედი აქვს. თუმცა, ბევრი რამე ოპოზიციაში განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების ქმედბებეზეც იქნება დამოკიდებული - ვინ რის შეცვლას შეძლებს წელიწად ნახევრის განმავლობაში.
თუკი ოპოზიცია შეძლებს რაღაცაზე შეთანხმებას და გაერთიანდება, ან კიდევ გამოჩნდება ახალი ძალა, რომელზეც საზოგადოება ჩათვლის, რომ უნდა ანდოს ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ივანიშვილს ფული ვეღარ უშველის.
ჩვენ კარგად დავინახეთ შალვა შავგულიძის შემთხვევაში რაც მოხდა. საზოგადოებამ მიიღო ადამიანი, რომელიც არ არის არცერთ იმ პარტიასთან დაკავშირებული, რომელიც ახალ და ძველ ხელისუფლებას წარმოადგენენ. ამიტომაც ოპოზიციამ უნდა ეცადოს, რომ თუ უნდა ივანიშვილს მოუგოს და ფული აღარ იყოს ხალხისთვის გადამწყვეტი, ასეთი პოლიტიკოსები წინ უნდა წამოწიონ - ადამიანი, რომელიც არის კვალიფიციური, აქვს საზოგადოებაში ავტორიტეტი და არ არის რაიმე ცუდთან დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას შანსი აქვს.