ელზა პაპოშვილი
22.05.2019

 კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დედამ - მ.შ. თავისი შვიდი თვის ჩვილი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სავარაუდოდ, გოგონამ, რომელიც არასრულწოლვანია, მიმალვა სცადა, ის პოლიციამ მალევე თბილისში დააკავა. გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიებას ასახელებს. ასევე, ამბობს, რომ მას საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება უნდოდა.

ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებაინ, რომ ინციდენტი ღამით მოხდა, როდესაც ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა. თუმცა, გოგონამ, სავარაუდოდ, დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც ყველას ეძინა. არასრულწლოვანმა ჩვილის გაგუდვის შემდეგ სახლი და სოფელი დატოვა. მისი მეზობლები ამბობენ, რომ გაქცეულმა სახლიდან ოქროული და ფული წაიღო.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში ამბობენ, რომ ბავშვის მამამ გარდაცვლილი ჩვილი ღამის ხუთ საათზე აღმოაჩინა. როდესაც ნახა, რომ ბავში უგრძნობლად სარწეველა კალათში იწვა, ამის შემდეგ მან ცოლის ძებნა დაიწყო და აღმოჩნდა, რომ ის სახლში აღარ იმყოფებოდა. ხოლო მისი ნივთები, ტანსაცმელი და ოქროული წაღებული იყო.

ბრალდებული 16 წლის მ.შ, რომელიც სამართალდამცავებმა ფაქტიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს, ჩადენილ დანაშაულს ქმარზე შურისძიებად ხსნის.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს გოგონა ბავშვს ხშირად უყვიროდა და მისი ტირილი აღიზიანებდა, თუმცა „რეზონანსთან" ამ ინფორმაციას მისი მეზობლეები კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ გოგონასგან ბავშვის მიმართ, რაიმე ძალადობის ფაქტი არასდროს შეუმჩნევიათ.

ასეთ შემთხვევაში ყველა ეცდებოდა, რომ ბავშვის უსაფრთხოება დაეცვათ. მათი აზრით, გოგონა ფსიქიკურად გაწონასწორებული და საკმაოდ მოსიყვარულე დედა იყო. მათი ინფორმაციით, გოგონას საავადმყოფოში რამდენიმე ხნის წინ ოპერაცია გაუკეთებია, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუცვნია. მეზობლები ამბობენ, რომ სწორედ ამ მამაკაცთან ერთად გაიქცა. როდესაც ის პოლიციამ იპოვა, ზუსტად მასთან ერთად იმყოფებოდა. მამაკაცი პოლიციამ უკვე გამოკითხა და უცნობია ჯერჯერობით, იცოდა თუ არა მან ამ სასტიკი დანაშაულის შესახებ. ის ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.

„არ ვიცი რა ვთქვათ, ოჯახი შოკშია. მისი ქმარი უძრავად ზის და ვერაფერის თქმას ვერ ახერხებს. ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი. ვრცელდება ინფორმაცია თითქოს გოგონა ბავშვზე ძალადობდა ან უყვიროდა. ყველა მეზობელი დაადასტურებს, როგორ უვლიდა ბავშვს. ცოლიც და ქმარიც ჩვილს ზედ ყვებოდნენ. ჩვენთანაც შემოჰყავდა ბავშვი და მისგან ზედმეტი არაფერი შემიმჩნევია.

წარმოდგენა არ გვაქვს რა უნდა მომხდარიყო იმ ღამით ცოლ-ქმარს შორის. გეუბნებით, მათთან ახლოს ვცხოვრობ და არასდროს რაიმე ზედმეტი ჩხუბი არც ქმართან, არც დედამთილ-მამამთილთან არ ჰქონია. რამ გადაუტრიალა ჭკუა ამ გოგოს, წარმოდგენა არავის აქვს.

"შევდივარ ჭირისუფლებთან სახლში და ისევ უკან ვბრუნდები, მათი უბედურების ყურება არ შემიძლია. ვერავინ ვერ ხსნის რა უნდა მომხდარიყო ასეთი. ალბათ ქმარი, როდესაც შოკიდან გამოვა, იტყვის რა მოხდა იმ ღამეს, რომ დედას შვილის მოკვლა მოუვიდა ტვინში. თუმცა, რაც არ უნდა ყოფილიყო ამ საქციელს რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს ვერ წარმომიდგენია.

"ამბობენ, სოფელში, რომ რამდენიმე ხნის წინ ოპერაცია როდესაც გაიკეთა საავადმყოფოში ვირაც ბიჭი გაუცვნია. სწორედ თბილისში მასთან იმყოფებოდა, როდესაც პოლიციამ დააკავა",-აცახდებს დაკავებული გოგონას მეზობელი „რეზონანსთან".

მეზობლები კატეგორიულად გამორიცხავენ ფაქტს, რომ გოგონაზე ვინმე ან ძალადობდა, ან ეკონომიურად უჭირდათ. მათი აზრით, მისი აგრესია ოჯახის მიმართ, სწორედ მას შემდეგ გამომჟღავნდა, როდესაც მან სხვა მამაკაცი გაიცნო.

„დამირეკეს და მითხრეს, რომ გოჩიკო გარდაიცვალა და დედაც აღარ არის. თავიდან მეგონა, რომ დედამ ალბათ ბავშვის გარდაცვალების შემდეგ თავი მოიკლა. ღმერთო როგორ წარმოვიდგენდი, რომ მან ბავშვი მოკლა ვიღაც მამაკაცთან გაქცევის გამო. როგორც ვიცი ეს ინფორმაცია პოლიციამ უთხრა ოჯახს. მასთან ერთად უპოვიათ. აბა რაღა უნდა ვთქვათ, დახოცილები ვართ. არც ეკონომიურად უჭირდათ და მთელი ოჯახი ზედ ყვებოდა. ეს რა გააკეთა, ყველა გაგვანადგურა",-ყვება „რეზონანსთან" ბრალდებული გოგონას ქმრის ნათესავი.

ამ შემზარავ დანაშაულთან დაკავშირებით კომენტარი კეთდება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც: „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×