ლარის არნახულმა გაუფასურებამ პროდუქტის მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა. დისტრიბუტორები აცხადებენ, რომ მომავალი კვირიდან პროდუქტი ერთბაშად გაძვირდება. იმპორტიორები არაადეკვატურად მიიჩნევენ ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ ფასი არ მოიმატებს. მათი აზრით, მთავრობა რეალურად არ აფასებს მოვლენებს და ვერ აღიქვამს სიტუაციას, რაც შეიძლება ქვეყანას ლარის მასშტაბური გაუფასურებით თავს დაატყდეს.
ისეთ პირობებში, როდესაც ბაზარი 80-85%-ით იმპორტულ პროდუქტზეა დამოკიდებული, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ
დოლარზე დამოკიდებულება ქვეყანაში წლიდან წლამდე შემცირდება, თუმცა სრულად ვერ გაქრება, რადგან იგი ძირითადი სარეზერვო ვალუტაა. მაჭავარიანის თქმით, მთავარი ის არის, რომ შერბილდეს "რყევის ეფექტი".
"მიუხედავად იმისა, რომ კურსი 2.80-ს მიუახლოვდა, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებული ვართ, ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი და თარგეთირებული", - განაცხადა სულ ცოტა ხნის წინ მაჭავარიანმა, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ ლარის გაუფასურების გამო იმპორტიორები სერიოზულად დაზარალდნენ და ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი. მისი ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან ფასები გადაიხედება და ეს აბსოლუტურად ყველა სახის პროდუქციას შეეხება.
"არ მესმის, რა არგუმენტი აქვთ ისეთი, რომ ფასების შენარჩუნება შეძლონ, ეს წარმოუდგენელია. 2,70-ზეა ბიუჯეტი გათვლილი, კურსი კი უკვე 2,80-ზეა და როგორ შეიძლება ფასის დაჭერა, ამაზე რთული ვითარება რა უნდა იყოს?! სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიებს ყოველდღიურად ძალიან მძიმე ვითარებაში უწევთ საქმიანობა, მწარმოებლების სახელითაც შემიძლია ვისაუბრო და მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ბიზნესიც მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ნედლეული გაუძვირდათ.
ელემენტარულად ფქვილი, შაქარი და შოკოლადი რომ ავიღოთ, რომელსაც სურსათის წარმოებაში ყველაზე მეტად იყენებენ, გაძვირებულია. შესაბამისად, ხარჯი გაიზარდა და ლოგიკურია, რომ ფასებს კიდევ ასწევენ. როცა ბაზარი, ძირითადად, იმპორტულ პროდუქციაზეა დამოკიდებული, გამოსავალი არ ჩანს", - ამბობს "რეზონანსთან" ჭყონია და დასძენს, რომ საწვავის გაძვირების გამო ბოლო თვეების განმავლობაში სადისტრიბუციო ბიზნესი ისედაც ზარალით მუშაობს.
"ტრანსპორტირება ძვირდება, ხოლო დისტრიბუციისთვის მთავარია საწვავის ფასი, ჩვენ ისედაც ძალიან დავზარალდით. ვერ ვიტყვი, რომ დღესვე ყველაფერი ერთბაშად მოიმატებს, მაგრამ უახლოეს პერიოდში ეს პროცესი დაიწყება, ველოდები, რომ მომავალი კვირიდან პროდუქტზე ფასი აიწევს. 1-2 კვირაში გადავხედავთ და ყველაფერი მასობრივად გაძვირდება. ლარის გაუფასურების პროცესი უკვე ძალიან გვაზარალებს, რთული ვითარებაა და ეკონომიკურმა გუნდმა ძალიან კარგად და კოორდინირებულად უნდა იმუშაოს.
გადაბრალების დრო არ არის, ბიზნეს სექტორი ზარალდება და სამომავლოდ უფრო ცუდ ვითარებაში აღმოჩნდება თუ ლარს არ გაამყარებენ. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს შეექმნება პრობლემა, ნამდვილად არ გვჭირდება გაკოტრებული კომპანიები და უმუშევარი ადამიანები, ისედაც ბევრი გასაჭირია. ამდენი ტურისტია და ეს ქვეყანას ვერ დაეტყო, რადგან ლარი კრიტიკული ნიშნულზეა", - ამბობს ივა ჭყონია.
იმპორტიორების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობამ ბიზნესს შერავათები უნდა დაუწესოს, რადგან ბევრი კომპანია რეალურად გაკოტრების ზღვარზეა. კომპანია "დუს" დამფუძნებლის, დავით გოგიჩაიშვილის თქმით, პროდუქტების გაძვირების პროცესი უკვე დაიწყო და უახლოეს დღეებში ფასი ყველაფერზე მომატებს.
"სამომხმარებლო ბაზრის მომხმარებლსითვის ადვილად შესამჩნევია, თუ ყოველდღიურად როგორ მატულობს ფასი, ნელ-ნელა ყველაფერი ძვირდება. ეს მხოლოდ დასაწყისია და ლარის გაუფასურების პროცესი თუ არ გაჩერდება, კატასტროფა გველის. ძალიან მიკვირს, რის იმედი აქვს მთავრობას და რატომ ატყუებენ ხალხს, რომ ფასები არ გაიზრდება, როცა ეს ტენდენცია უკვე დაიწყო.
გამოსავალი უნდა მოიძებნოს. პირველ რიგში, ხელისუფლებამ გადასახადების შემცირებაზე უნდა იფიქროს, ბიზნესი რთულ ვითარებაშია და სხვა ვერაფერი უშველის", - ამბობს "რეზონანსთან" გოგიჩაიშვილი.
იმპორტიორების პათოსს იზიარებენ სურსათის სფეროს სპეციალისტებიც, რომელთა ვარაუდითაც, იმპორტულთან ერთად, შეიძლება, ადგილობრივი პროდუქტიც გაძვირდეს. ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია მთავრობას მოუწოდებს, რომ ეროვნული წარმოების განვითარებაზე იზრუნოს.
"დღეს ბაზრის 80-85% უცხოურ პროდუქტს უჭირავს, ეს ყველამ ვიცით. შესაბამისად, ფასი აიწევს, მაგრამ მეორე უბედურებაა ისიც, რომ ადგილობრივი ნაწარმიც გაძვირდება. რეგიონებიდან პროდუქტის ტრანსპორტირების ხარჯი გაიზარდა. ყველა მიმართულებით ფასების მატებაა და ამ მხრივ მოსახლეობას დიდი განსაცდელი ელის. აქედან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის განცხადება ეფუძნება მხოლოდ სურვილს, რომ ფასებმა არ აიწიოს, მაგრამ ჩვენ ამ რეალობაში არ ვცხოვრობთ.
ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს და ამაზე უნდა იზრუნონ, დღეს ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ინფლაცია რომ არ გაექცეთ, ზომები უნდა მიიღონ და ლარი გაამყარონ, ამისთვის ყველა ინსტრუმენტი არის გამოსაყენებელი, რის შესაძლებლობაც არსებობს. სხვანაირად შედეგს ვერ მივიღებთ. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს, ხალხს სხვანაირად არ ეშველება", - აღნიშნა "რეზონანსთან" კვარაცხელიამ.