თამთა ჩაჩანიძე
23.05.2019

 გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ დასრულდეს კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს მძიმე ტვირთად აწევს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ პუტინს აღნიშნული ქვეყნების ლიდერების მოწოდებაზე რაიმე კონსტრუქციული დატვირთვის მქონე რეაქცია არ ექნება.

ირაკლი მენაღარიშვილი: ევროპის ქვეყნების ლიდერების მოწოდებაზე პუტინს რაიმე რეაქცია შეიძლება ჰქონდეს, ოღონდ იქნება თუ არა ეს რეაქცია კონსტრუქციული დატვირთვის მქონე, ამაზე საუბარი ძნელია.

მოგეხსენებათ, ბატონ პუტინს სრულიად გაუგებარი პოზიცია უჭირავს უკრაინის სრულიად ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის პიროვნებისადმი, მან უარი განაცხადა ზელენსკის მიულოცოს არჩევნებში გამარჯვება, ხოლო პუტინის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ „ბატონი პუტინი, ბატონ ზელენსკის გამარჯვებას მხოლოდ წარმატების შემთხვევაში მიულოცავს," ჩემი აზრით, ეს წარმატება უნდა ეხებოდეს უკრაინულ-რუსულ ურთიერთობებს, ეს არის შანტაჟის საკმაოდ ღია ფორმა, გასაგებია რასაც სთხოვენ რუსები უკრაინას, რეალურად საუბარია კაპიტულაციაზე რუსების ინტერესების სასარგებლოდ.

„რეზონანსი":ოკუპირებულ დონბასში, რუსეთის პასპორტების სწრაფი წესით გაცემა იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ უკრაინა მალე ახალ პრეზიდენტს აირჩევდა, რომელი კანდიდატიც პუტინისთვის მისაღები არ იყო?

ი.მ: აქ პირდაპირი კავშირის დანახვა ძნელია, მაგრამ ჩვენ ქართველებმა, ამ პასპორტების სპეცოპერაცია კარგად ვიცით რასაც ნიშნავს, მითუმეტეს ცინიკურად ჟღერს მისი მოთხოვნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდეს პოზიტიური კეთილგანწყობა რუსეთის მიმართ, მაშინ როდესაც თვითონ რუსეთი ამგვარ დესტრუქციულ ნაბიჯს სდგამს, სამწუხაროდ, ეს რუსეთის დამოკიდებულების პირდაპირი მახასიათებელია, როგორც მინიმუმ პოსტ საბჭოთა ქვეყნების მიმართ.

„რ": თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდება უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა მომავალში (ვლადიმირ ზელენკის მმართველობის პერიოდში)?

ი.მ: პრაქტიკულად მდგომარეობა არის იმგვარი, როდესაც უამრავი შეკითხვაა და არცერთი პასუხი, რუსეთის დამოკიდებულება უკრაინისადმი წმინდა წყლის დესტრუქციაა. რუსეთი ამ ე.წ. სპეცოპერაციების გზით თავისი მიზნების რეალიზაციიას ცდილობს, ხოლო ინტერპერსონალური ურთიერთობა ამგვარ სრულიად არასერიოზულ ფორმატში არის მოქცეული, როგორ უნდა ელაპარაკოს პუტინი ადამიანს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტად ვერც აღიქვამს.

პუტინისთვის კატეგორიულად არც პეტრო პოროშენკო იყო მისაღები და როგორც ჩანს, არც ბატონ ზელენსკის დღემდე გადაგმული ნაბიჯები იწვევს მასში პოზიტიურ ემოციებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×