ია აბულაშვილი
23.05.2019

 "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი "ნაცონალური მოძრაობის" წევრებს მიმართავს, რომ, ვინც რეგიონებში საპროტესტო აქციების გაშლის გეგმით გამოდის და ივანიშვილის სასახლესთან მისვლით იმუქრებიან, შესაძლოა ციხეში აღმოჩნდნენ.

"ნაციონალური მოძრაობა" ახალი გეგმით გამოვიდა, რომ მათი მთავარი ამოცანა რეგიონებში ფრონტის გაშლაა, საპროტეტსო აქციების ჩატარება და ა.შ. საბოლოო ჯამში, როგორც სანდრა რულოვსი აცხადებს, უნდათ, ეს აქციები ბიძინა ივანიშვილის სახლთან დამთავრდეს, რაც ძალიან ყურადსაღები და შემაშფოთებელია.

"მინდა ეს ადამიანები გავაფრთხილო, სასახლის ნაცვლად, უბრალოდ ციხეში არ აღმოჩნდნენ"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პოლიტსაბჭოს მდივნის მოსაზრებას იზიარებენ მმართველი გუნდშიც და დაანონსებულ მასშტაბურ აქციებში, რევოლუციურ სცენარს ხედავენ.

"აქ არ იყო აქციებზე საუბარი, აქციები ჩვეულებრივი ამბავია, დემოკარტიულ სამყაროში მისაღები ფორმა, უნდა შევაფასოთ სიტყვა და კომენტარი, რომელიც გააკეთა სანდრა რულოვსმა და მისმა ინსტრუქტორმა მიხეილ სააკაშვილმა. საუბარი არ იყო ჩვეულებრი აქციებზე, არამედ საუბარია საკმაოდ სერიოზულ თემებზე, რასაც - ჰქვია დაპირისპირება, დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობის კერების შექმნა, გზების გადაკეტვა, ფაქტიურად რევოლუციური სცენარი.

"როცა ასეთ გზას აირჩევ პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმად, რასაკვირველია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუ ეს გადააბიჯებს გარკვეულ დამოკრეტიულ სტანდარტებს"- აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და იმაზე, პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმად რა ფორმას აირჩევენ, პარლამენტარი რომან გოცირიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოლიტიკური ბრძოლის ყველა ფორმას გამოიყენებენ, მათ შორის ქუჩის აქციებს, რაც პოლიტიკური ბრძოლის შემადგენელი ნაწილია.

"ჩვენ ყველანი ჩამოვედით რეგიონებიდან და ვიწყებთ აქტიურ მუშაობას, პირველ რიგში საპარლამენტო აქტიურობას. ასევე შეიკრიბება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო და შევაფასებთ განვლილ არჩევნებს, სად იყო წარმატება და სად შეცდომები.

"აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, ტყუილი აჟიოტაჟია, ნიკა მელია აგრძელებს აქტიურ მუშაობას. "ნაციონალური მოძრაობა" არ არის "ოცნება", სადაც განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო ხალხს პარტიიდან რიცხავენ. პარტიაში ყოველთვის იყო და იქნება განსხვავებული და თავისუფალი აზრი, რომელიც საჯაროდ გამოდის და კულუარებში არ იმალება.

"ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას, რა ფორმით და როდის, ეს პოლიტსაბჭოზე გადაწყდება. გამოვიყენებთ პოლიტიკური ბრძოლის ყველა ფორმას, მათ შორის ქუჩის აქციებს, და ეს არის პოლიტიკური ბრძოლის შემადგენელი ნაწილი.

"დღე არ გავა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ქვეყანაში საპროტესტო ქუჩის აქციები არ იმართებოდეს. მხოლოდ "ოცნება" უწოდებს ქუჩის აქციებს არეულობას; როცა თვითონ იჯდნენ კარვებში, ეს არ იყო არეულობა, ეს იყო დარეულობა?" - განაცხადა "რეზონანსთან" რომან გოცირიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×