ელზა პაპოშვილი
23.05.2019

 სოფელ აღაიანში დატრიალებულმა ტრაგედიამ სულ უფრო მეტი კითხვები გააჩინა და საზოგადოებაში კვლავ აქტუალური გახდა ნაადრევი ქორწინების პრობლემა. დამნაშავე თუ მსხვერპლი - ვინ არის 16 წლის გოგონა, რომელსაც სამართალდამცველები ბრალს საკუთარი შვილის 7 თვის ჩვილის მკვლელობაში სდებენ.

შსს-მ 22 მაისის დილას გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულმა საკუთარ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. ბრალდება 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, რომ დაღუპული ბავშვი შვიდი თვის იყო - ის 2018 წლის ოქტომბერში დაიბადა. შესაბამისად, იგი დაახლოებით 2018 წლის იანვარში ჩაისახა.

ამ დროს დედა 16 წელს მიღწეული არ იყო. დაღუპული ბავშვის მშობლები რეგისტრირებულ ქორწინებაში ვერ იქნებოდნენ, რადგან 18 წლამდელთა ქორწინება აკრძალულია. პარტნიორი კაცი კი ბავშვის სავარაუდო, ჩასახვის მომენტშიც სრულწლოვანი იყო.

„რეზონანსი" შეეცადა დანაშაულის ჯაჭვის შეკვრას და იმ ადამიანების პასუხსიმგებლობის წარმოჩენას, ვისაც ევალებოდა, რომ კანონი დაეცვა და 14 წლის გოგონას ე.წ. „ქორწინება" აღეკვეთა. იურისტების განცხადებით, აღნიშნული ფაქტით პირველ რიგში სკოლა და დირექტორი უნდა დაინტერესებულიყვნენ, რომელთაც ეს ინფორმაცია პოლიციისთვის და სოციალური სამსახურისთვის უნდა მიეწოდებინათ. საქართველოს კანონის მიხედვით, არა აქვს მნიშვნელობა გოგონას ოჯახი იყო თუ არა თანახმა მისი ე.წ. „ქორწინების".

იურისტები აცხადებენ, რომ საქართველოში 16 წლამდე ადამიანთან სექსუალური კავშირი დასჯადია და სექსუალურ ძალადობად კვალიფიცირდება. ჯერჯერობით უცნობია შსს-ს ამ მიმართულებით დაიწყებს თუ არა გამოძიებას.

სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი, რომელიც 16 წლამდელთან სექსუალურ კავშირს კრძალავს, 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იურისტები ამბობენ, რომ სწორედ ამ მუხლით, გოგონას ე.წ. ქმრის მიმართ გამოძიება უკვე დაწყებული უნდა იყოს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ის მედიასაშუალებებთან კომენტარს აკეთებს და მომხდარის შესახებ საუბრობს.

შვიდი თვის ჩვილი სოფელ აღაიანის სასაფლაოზე 22 მაისს დაკრძალეს. ადგილობრივები „რეზონანსთან" საუბარში კატეგორიულად უარყოფენ ფაქტს, რომ გოგონა ბავშვის მიმართ როდესმე აგრესიულად გამოირჩეოდა. იგივეს საუბრობს გარდაცვლილი ჩვილის მამაც.

მისმა ოჯახმა და ახლობლებმა განაცხადეს, რომ მათ ოჯახში არასრუწლოვანი გოგონას რძლად მიყვანა არ სურდათ, თუმცა, ის თავის მოკვლით იმუქრებოდა. იურისტები ამბობენ, რომ მაშინ თუ ასეთ ფაქტს ადგილი რეალურად ჰქონდა, ბიჭის ოჯახს პოლიციისთვის უნდა მიემართათ და ე.წ. „ქორწინება" არ უნდა შემდგარიყო.

იმ სკოლის დირექტორი, სადაც 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი გოგო ირიცხებოდა, აცხადებს, რომ 2017 წელს გოგოს დაოჯახების ამბავი პოლიციას შეატყობინეს. დირექტორი ამბობს, რომ მისი მხრიდან რაც საჭირო იყო იმ დროისთვის ყველაფერი გაკეთდა და მან კანონის შესსაბამისად იმოქმედა.

ცნობისთვის, კანონის მიხედვით, სკოლა ვალდებულია, 18 წლამდე მოსწავლის ქორწინების შემთხვევები პოლიციას შეატყობინოს. 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ უწყება ინფორმირებული იყო როგორც არასრულწლოვნის სახლიდან წასვლის, ისე მის მიერ ბავშვის გაჩენის შესახებ, თუმცა მათმა თანამშრომელმა შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა. ამის გამო მას უფლებამოსილება შეუწყდა. გენერალური ინსპექცია აგრძელებს მოკვლევას, რათა დადგინდეს, პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან იყო თუ არა რაიმე სახის გადაცდომა ან სამსახურეობრივი გულგრილობა.

ბავშვთა უფლებადამცველები და იურისტები „რეზონანსთან" შვიდი თვის ჩვილის 16 წლის დედის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და იმ სტრუქტურულ დანაშაულზე ლაპარაკობენ, რომელმაც მათი თქმით, ერთნაირად იმსხვერპლა ჩვილიცა და მისი არასრულწლოვანი დედაც.

ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი „რეზონანსთან" ამბობს , რომ მიუხედავად იმისა, თუ რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო ჩვილის გარდაცვალების საქმეზე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ორი წლის წინ, თავად 16 წლის მოზარდის მიმართაა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სრულწლოვანი პირის მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებას გულისხმობს და რაც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, არ მართლდება „ქორწინებით".

მისი თქმით, თავად გოგონა გახდა ჯერ მსხვერპლი, რადგანაც მასთან სექსუალური კავშირი 14 წლის ასაკში მოხდა. მითუმეტეს მოზარდის ქმარი 21 წლისაა, რაც გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.

„პირველ რიგში აუცილებლად 16 წლის გოგონას მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპცია დაცული უნდა იყოს და ამ შემთხვევაში მედიასაშუალებების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამის როგორც ფაქტის საზოგადოებისთვის მიწოდება არ შეიძლება. მანამ სანამ, სასამართლოს მიერ არ დადგინდება, რომ ის დამნაშავვეა, მანამდე უდანაშაულოდ ითვლება.

"ეს არის ისეთი ფაქტი და დანაშაული, რომელსაც მხოლოდ ერთი მსხვერპლი არ ჰყავს. პირველ რიგში მსხვერპლია გოგონაა, რომელიც ბრალდებულის სტატუსის მქონეა. მასზე განხორციელდა როგორც ფსიქოლოგიური ასევე, სექსუალური ძალადობა. ჩვენი კანონი 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალურ ურთიერთობას კრძალავს.

"აქ საუბარი ძალადობის გამოყენებაზე არ არის. ნებაყოფილობითაც, რომ მომხდარიყო და მას თანხმობა განეცხადებინა, ეს მაინც დანაშაულია. პირველი შსს-მ ამ ეტაპზე რაც უნდა გააკეთოს, სასწრაფოდ ამ დანაშაულის კუთხითაც გამოძიება უნდა დაიწყოს. რატომღაც უწყება ჯერჯერობით ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს.

"გამოძიება უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაც უნდა იყოს დაწყებული, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წელს მიუღწეველი პირის სხეულში და რაც 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ე.წ. ქორწინება, ვერ გაამართლებს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას",-აცხადებს იურისტი „რეზონანსთან".

მისივე თქმით, მეორე საკითხია სახელმწიფომ ამაზე თავის დროზე გამოძიება რატომ არ დაიწყო. თავხელიძე ამბობს, რომ დირექტორმა პოლიციას ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა, თუმცა, მისი უგულველყოფა მოხდა. ასევე, იურისტი აცხადებს, რომ სერვისების სააგენტოდან უწყებას კიდევ მეორედ ინფორმაცია მიეწოდა, როდესაც ბავშვის დაბადების რეგისტრაცია მოხდა, უწყებას ამ მომენტშიც გამოძიების დაწყების ვალდებულება ჰქონდა.

იურისტი ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, ვინც ამ ქორწინებას ხელი შეუწყო და არ შეუშალა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ასაკი ყველამ კარგად იცოდა. თახველიძე ამბობს, რომ ასევე პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება იმ სამედიცინო დაწესებულებასაც ჰქონდა, სადაც გოგონა ორსულობის დროს აღრიცხვაზე დადგა.

ფსიქოლოგი ნანა ჯანჯღავა კი „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ 16 წლის გოგონას მშობიარობის პროსტრავმული დეპრესია ჰქონდა და მას ეს ვერავინ შეამჩნია. მისი თქმით, სწორედ ეს არის ალოგიკური, როდესაც, სავარაუდოდ, დედა 7 თვის შვილს გუდავს, შემდეგ ტანსაცმელს იცვლის, ფულს და ოქროულს იღებს და გარბის. ანუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა არც თუ ჯანსაღია და ამ კუთხით მას გამოვლინება უნდა ჰქონოდა.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ადრეულად დაოჯახება ხელს უწყობს ფსიქიკური პრობლემების წარმოქმნას. ნაადრევად დაქორწინებული მოზარდები უფრო მეტად შეიძლება დაავადდნენ ფსიქოლოგიური აშლილობით, ვიდრე ზრდასრულ ასაკში დაქორწინებული ქალები.

ჯანჯღავა ამბობს, რომ ადრეული ქორწინება ხშირ შემთხვევაში არის ფსიქოლოგიური ტრავმა. ნაადრევმა დაოჯახებამ, ნათესავებისა და ახლობლების გულგრილობამ, ასევე, პარტნიორის დომინანტურობამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა.

„ნაადრევად დაოჯახებულ ქალს აღენიშნებოდა დეპრესია. ნათელია, რომ ადრეული ქორწინება ხელს უშლის მოზარდების ნორმალურ ფსიქოლოგიურ განვითარებას და ეს რიგი კვლევებით უკვე დადასტურებულია.

"ადრეული ქორწინება არის სოციალური ინტეგრაციის შემაფერხებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. ნაადრევად დაოჯახებული გოგონები, ძირითადად, ვერ ესწრებიან გაკვეთილებს, არ მუშაობენ, უვლიან ოჯახს, სახლის საქმეებსაც აკეთებენ და ამის გამო, ნორმალურ სოციალიზაციას ვერ ახერხებენ.

"ასეთ იზოლაციას დიდი გავლენა აქვს ახალგაზრდებზე. მოზარდების ჩაკეტილობა იწვევს მათი სოციალური როლის დაკნინებას, თვითშეფასების დაქვეითებას და რეალობის აღქმის დაკარგვას. ყველა მოზარდის ფსიქიკა ვერ უძლებს ნაადრევ ქორწინებას და მშობიარობას.

"ამიტომაც, ეს არის ინდივიდუალური ფაქტორი და საუბარი იმაზე, რომ ადრეც თხოვდებოდნენ 14 წლის გოგონები აბსურდია. ამიტომაც დადგინდა, რომ ნაადრევი ქორწინება არის დამაზიანებელი ყველა ასპექტით და ნურავინ ნუ იტყვის, რომ ამას გავლენა არა აქვს. პირიქით, პირველი მიზეზი ესაა",-აცხადებს ფსიქოლოგი „რეზონანსთან".

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×