თამთა ჩაჩანიძე
24.05.2019

 „ჩემი აზრით, რუსეთს არავისი არაფერი მართებს", - ასე გამოეხმაურა რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით გაეკთებულ განცხადებას. პუშკოვის თქმით, საქართველო პატარა შესაძლებლობის ქვეყანაა იმისათვის, რომ რუსეთს რაიმე უკარნახოს.

„საქართველოსთვის არავისთვის არ მიუცია ნება, რომ ცხინვალი დაებომბა, გაეგზავნა ჯარები, დაეხოცა რუსეთის მოქალაქეები და რუსი სამშვიდობოები. საქართველომ თავის თავს უნდა დააბრალოს რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში და არა რუსეთს. რომ არა სააკაშვილის მხრიდან ცხინვალზე თავდასხმა, არ იქნებოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფა, ყოველ შემთხვევაში, ამას ასეთი ფორმა არ მიეცემოდა.

„საქართველომ ცოტა უფრო მეტად უნდა შეუთავსოს თავისი მოთხოვნები თავის შესაძლებლობებს. შესაძლებლობები კი საქართველოს მცირე აქვს და მას არ შეუძლია რუსეთს უკარნახოს, რა გააკეთოს და რა - არა, თუ საქართველოს სურს გზის გამონახვა რუსეთთან ურთიერთობისთვის, ეს მხოლოდ ორ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს და არა სხვამ", - აცხადებს პუშკოვი.

მან ასევე დასძინა, რომ რუსეთი არ იღებს მსოფლიო სერიოზულ მსხვილ მოთამაშეებისგან ბრძანებებს, არამცთუ საქართველოსგან.

ორი დღის წინ, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი არასწორად იქცევა არა მარტო საქართველოსთან, არამედ ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებასთან მიმართებაში.

ესტონელი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა ის პუტინს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის უფრო საინტერესოა, თუ რას ეტყოდა მას თვითონ რუსეთის პრეზიდენტი.

„რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში ის არის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა.

„ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×