ეკატერინე ბასილაია
24.05.2019

 საპატრიარქოს პრესცენტრის ხემძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დიდი პრობლემაა, როცა აზერბაიჯანი საქართველოსთან შეუთანხმებლად გზის მშენებლობას იწყებს დავით გარეჯის იმ ტერიტორიაზე, რომელიც დაუზუსტებელია და საქართველოს ეკლესია არ შეეგუება ამ ტერიტორიის დათმობას.

„გზის მშენებლობა, სავარაუდოდ, უკავშირდება იმ ტერიტორიას, რომელიც ჯერ დაუზუსტებელია. ყველა შემთხვევაში, ეს გზა რომ გადიოდეს უკვე დაზუსტებული საზღვრის იქით, მაინც იქნებოდა პრობლემა, იმიტომ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ამ სამუშაოების გამო საშიშროება ექმნება. ამ ტერიტორიაზე ჯერჯერობით საზღვარი დაზუსტებული არ არის და მით უმეტეს, ეს არის სირთულე, როდესაც ჩვენთან შეუთანხმებლად ის მხარე (აზერბაიჯანი) ახორციელებს ამგვარ სამუშაოებს. 

„ეკლესია ვერაფრით ვერ შეეგუება საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესების ვერანაირ დათმობას. თუმცა, ვიცით, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მაღალ დონეზე მიმდინარეობს დიალოგი, ჩართულია დავით ზალკალიანიც და პრემიერიც და ველოდებით ამ დიალოგის შედეგებს. სხვა განცხადებას ჯერჯერობით ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ, ნაჩქარევი იქნება. დაველოდოთ, რა შედეგს მოიტანს ეს დიალოგი“, - ამბობს ჯაღმაიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.

იგი არ აკეთებს კომენტარს იმაზე, რამდენად ნორმალურია, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანელების მიერ სამი დღის წინ დაწყებული გზის მშენებლობის შესახებ საგარეო უწყებამ არაფერი იცოდა და როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს ინფორმაცია მან მედიიდან გაიგო.

„ძალიან გთხოვთ, ამის შეფასებას მე ნუ მომთხოვთ,“ - ამბობს ჯაღმაიძე.

იგეგმება თუ არა უახლოეს დღეებში საპატრიარქოდან სასულიერო პირების ჩასვლა დავით გარეჯში, ამაზე ჯაღმაიძეს ინფორმაცია არ აქვს.

„არ ვიცი. ჯერჯერობით ჩვენ ვცდილობთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ იმ ფონზე, ვიდრე მიმდინარეობს დიალოგი, რომ ხელი არ შეეშალოს ამ პროცესს,“ - დასძენს ჯაღმაიძე.

ხუთშაბათს, 23 მაისს, ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თემაზე შექმნილი კომისიის 2-დღიანი შეხვედრები დაიწყო. პარალელურად დავით-გარეჯის გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი დღეა გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის მხარეს არსებულ ჩიჩხიტურის კოშკთან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო და მობილიზებულია გზის სამშენებლო  ტექნიკა.

ამის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ინფორმაცია გზის მშენებლობის შესახებ მედიიდან ახლა გაიგო და მესაზღვრეებთან გადაამოწმებს. ამასთან, დავით ზალკალიანმა ყველას მოუწოდა „ემოციური განცხადებებისგან“ თავი შეიკავონ.

„უნდა გადამოწმდეს სად, რომელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია, ისევე როგორც ჩვენს კომისიას“, - განაცხადა ზალკალინმა ისე, რომ არ აუხსნია მედიაში ინფორმაციის გავრცელებამდე რატომ არ იცოდა სადავო ტერიტორიაზე გზის მშენებლობის შესახებ საგარეო უწყებამ.

მეორე დილით, პარასკევს განცხადებები გააკეთეს საეკლესიო პირებმაც.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა დაანონსა, რომ უახლოეს დღეებში ჩავა გარეჯში და აზერბაიჯანის მხარეს არსებულ ჩიჩხიტურის მონასტერში მივა.

„ამ დღეებში მე ჩამოვალ და მე ავალ, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება. წყნარად უნდა ჩავიდეთ, ცივილიზებული ადამიანები ვართ. ხომ იცით, როგორ არის, როგორი ტერიტორიაა, ალიევიც აღიარებს, რომ ჩვენი ტერიტორიაა. სახელმწიფო მოქმედებს და ჩვენ ვენდობით, რომ სახელმწიფო არ გაყიდის ჩვენს ურთიერთობას. მე ისიც მჯერა, რომ აზერბაიჯანი იმას არ იზამს, რომ ჩვენი რაღაც დააზიანოს. დროებით დაველოდოთ და ცივილიზებულ გადაწყვეტილებას დაველოდოთ, თუ არადა, ჩვენ დამთმობი არ ვართ არაფრის,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

განცხადება ასევე გააკეთა დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა და ხელისუფლება არაადეკვატურ ქმედებებსა და განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.

არქიმანდრიტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გააგებინოს, რომ დავით გარეჯი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამ ტერიტორიაზე ბულდოზერებით მუშაობა არ შეიძლება.

„ამგვარი სამუშაოების წარმოება ამ ძეგლზე არ შეიძლება და ვანდალიზმია. არ შეიძლება ასევე მათი (აზერბაიჯანული) კანონმდებლობით... მე იმათი საკანონმდებლო დანაშაული არ მაინტერესებს, მაგრამ მე ჩვენს მხარეს ვიძახი, რომ ადეკვატური არ არის, არც საქციელია ადეკვატური და არც განცხადებებია ადეკვატური,“ - ამბობს მამა კირიონი.

ცნობისათვის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მცირე ნაწილი, ჩიჩხიტურის მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, საბჭოთა დროს მიეკუთვნა ეს ტერიტორია აზერბაიჯანს და საქართველო უკვე რამდენი წელია სწორედ ამ ნაწილის გაცვლა სურს აზერბაიჯანთან, თუმცა უშედეგოდ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×