„ანრი ოხანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ზარქუა ჩემზე თუ გაავცელებენ მთაწმინდის ტერიტორიაზე ხმებს, რომ ჯაბა ჯიშკარიანი არის „ნაციონალი", ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ეს არის იმ დიდი პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ისტორიის წაშლას", - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა ჯიშკარიანი, რომლის მტკიცებითაც, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები მის დისკრედიტირებას გეგმავენ.
„ისინი ისტორიას, ცნობიერებას და მახსოვრობას ჩვენში ნამდვილად ვერ წაშლიან. ძალიან კარგი ნათქვამია - „ვერ გათეთრდების ყორანიო". ვერ გაათეთრებენ ზარდიაშვილებს, ოხანაშვილებს... ვერ გათეთრდებიან ეს ადამიანები, არ არსებობს ქიმიური ნაერთი, რომელიც შეძლებს ამ ადამიანების გათეთრებას და ქართული საზოგადოების მიყიდვას", - ამბობს ჯიშკარიანი.
ჯიშკარიანის თქმით, იგი ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების" დეპუტატებს და გამგებლებს დავალებული აქვთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
„ამასთან დაკავშირებით სხდომაზე განცხადება გავაკეთე. მე არ მინდოდა საერთოდ არჩევნებში ჩარევა და ვიყავი გვერდზე გაწეული იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ჩემი ფაქტორი არასწორად გამოყენებული საზოგადოების მხრიდან. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს განცხადებებს, ჩემამდე მოვიდა არაერთი ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების" დეპუტატებს და გამგებლებს პირდაპირ დავალება აქვთ მიღებული, რომ საზოგადოება შცდომაში შეიყვანონ, რომ თითქოს მე წინა არჩევნებზე ვინმეს ვეხმარებოდი.
„თითოეული ჩვენთაგანი ვცხოვრობთ მორალური პრინციპებით და არა წესებით და დოგმებით, როგორც ცხოვრობენ „ქართული ოცნების" და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე ერთად, ისინი არიან თანაცხოვრებაში, მაგრამ ამ ორივეს ქართველი ამომრჩეველი აუცილებლად გაისტუმრებს 2020-ში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობას შევთავაზოთ ალტერნატივა და ახალი პლატფორმა, რომელიც იტყვის ყველაფერს ცუდზე უარს", - ამბობს ჯიშკარიანი.
მან მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა და „ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გააკრიტიკა.
„ლადო კახაძე ჩემთვის მიუღებელია, რადგან რამდენიმე ხნის წინ „ქართულ ოცნებას" აკრიტიკებდა და პაატა ბურჭულაძესთან ერთად მიხეილ სააკაშვილს შორიდან თავს აწონებდა. ორ წელიწადში რომ გამოდის ეს ადამიანი და ამბობს, რომ „ქართული ოცნება" კარგია, ჩემთვის რა თქმა უნდა მიუღებელია. ეს არც მორალური პრინციპია და არც წესი.
„რაც შეეხება ბატონ შავგულიძეს, მას პიროვნულად ვცემ ძალიან დიდ პატივს. ჩვენ მთაწმინდაზე ერთად გავიზარდეთ, მაგრამ მისი გუნდი, რომელსაც ის წარმოადგენს, ჩემთვის არის მიუღებელი; გუნდი, რომელმაც მოაწყო 26 მაისი, გუნდი, რომელმაც მოკლა სანდრო გირგვლიანი და გუნდი რომელმაც არაერთი უბედურება დაატეხა ქართველ საზოგადოებას", - განაცხადა ჯიშკარიანმა „რეზონანსთან" საუბრისას.
ჯიშკარიანის თქმით, იგი 2020 ის არჩევნებზე ამომრჩეველს ღირსეულ არჩევანს შესთავაზებს.
„ამ არჩევნებზე შეიძლება არც წავიდე. ჩემთვის არაფერს არ წყვეტს ეს არჩევნები. პირადად მე ვარ იმედგაცრუებული იმიტომ, რომ საზოგადოებას არ დაუდეს რეალური არჩევანი და ჩვენც ძალიან ცოტა დრო გვქონდა, რომ რეალურად შეგვეთავაზებინა ამომრჩევლებისთვის ვინმე. მომავალ არჩევნებზე ჩვენ აუცილებლად გავაჩენთ ძალიან ბევრ, ღირსეულ არჩევანს და საზოგადოება შემდეგ თვითონ გადაწყვეტს წარსულის მოხტუნავე პოლიტიკოსებს დაუჭიროს მხარი, თუ დაუჭირონ მხარი ადამიანებს, რომლებიც სხვა ადამიანების გაჭირვებას და გულისტკივილს იზიარებენ.
„ბექა დავითულიანმა აირჩია ის გზა, რომელიც აირჩია. ამას საზოგადოება ძალიან მალე განსჯის, თუ რა ნაბიჯი გადავდგი მე და რა - დავითულიანმა. მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს და „ქართული ოცნების" ყველა ყოფილ კოლეგას, ნუ მაიძულებენ ღიად ჩავერთო აბსოლუტურად ყველა კამპანიაში. ჯაბა ჯიშკარიანი ისევ ცოცხალია, ჩემი მოქმედებები და მანევრირება მთელ საზოგადოებას ახსოვს, ჩემი გაჩერება შეუძლებელია", -აცხადებს ჯიშკარიანი.
დღე თბილისის საკრებულოს სხომაზე ჯიშკარიანსა და „ქართული ოცნების" წარმომადგენელ ბექა დავითულიანს შორის კამათი მოხდა, თუმცა ამ დაპირისპირების მიზეზსა და დეტალებზე ჯიშკარიანმა „რეზონანსთან" საუბარს თავი აარიდა.