„მიქაუტაძის დანიშვნა ჩემთვის არ იყო მოულოდნელი. ის არის იმ გავლენიანი ჯგუფის წევრი, რომელთა ხელშიცაა ძალაუფლება და დღევანდელ კენჭისყრაზე მას უვადო თანამდებობისთვის დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ დასჭირდებოდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ გამორცხავს იმას, რომ მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზეც განაცხადოს პრეტენზია და ამას ღიად ამბობს,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ დანიშვნას.
მისი თქმით, ეს თანამდებობა მიქაუტაძისთვის ერთგვარი კომპენსაცია იყო მიხეილ ჩინჩალაძისა და „კლანის“ მხრიდან.
„დღევანდელი გადაწყვეტილება არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ იგი არის უვადო მოსამართლე და მის კარიერას, ამ კუთხით, ვერავინ შეეხება. რომც არ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მას აქვს გარანტირებული უვადო თანამდებობა.
„მიქაუტაძემ მიიღო ერთგვარი კომპენსაცია ჩინჩალაძისა და მისი კლანის მხრიდან, რომ ის რასაც აქამდე აკეთებდა საბჭოში, რა იდეებითაც აქამდე მოქმედებდა, დაფასდა. ეს იდეები, რა თქმა უნდა, საერთო და მართლმსაჯულების ინტერესებს არ ემსახურება - მხოლოდ ამ ვიწრო ჯგუფის ინტერესებს,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით მიიღო.