„ახლა ვიტანთ ამ თავხედობას, მაგრამ როდესაც დადგება უზენაესი სასამართლოში კანდიდატების განხილვა და გადაწყვეტილებები იქნება მისაღები და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ემოციური ფონი ამ საკითხების ირგვლივ, პირდაპირი მნიშვნელობით, ძალიან დიდი კონსოლოდაცია გვმართებს იმისთვის, რომ კუდით ქვა ვასროლინოთ ამ ვულგარული ცინიკოსების კლანს,“ - სასამართლოს პირველ ინსტანციაში ერთ-ერთი ოდიოზური მოსამართლის, იუსტიციის საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის უვადოდ დანიშვნას ასე გამოეხმაურა „ოცნებიდან“ წასული დეპუტატი ლევან გოგოჩაიშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ დაინიშნა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით მიიღო.
მიქაუტაძეს თავდაპირველად განაცხადი ასევე შეტანილი ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზეც, თუმცა თუმცა კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა.
„უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განაცხადზე და ამ კუთხით დაწინაურებაზე. საბჭოს ვთხოვ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილოს, მხოლოდ და მხოლოდ, იქ, სადაც ამჟამად ვარ გამწესებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში... მე მაქვს ამის სურვილი და უფლებაც, რომ უვადოდ გადანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
სააპელაციო სასამართლოში კანდიდატებს შორის გიორგი მიქაუტაძესთან ერთად იუსტიციის საბჭოს სამ წევრიც იყო: რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო და და ვასილ მშვენიერაძე, თუმცა სამივე მათგანმა (მიქაუტაძის გარდა) კანდიდატურები კენჭისყრამდე მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პირების გარდა, კანდიდატებს შორის არიან უზენაესი სასამართლოს ე.წ. სკანდალური 10-კაციანი სიის სხვა წევრებიც.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველ და მეორე ინსტანციებში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის მსურველთა შესარჩევის კონკურსი პარასკევს საბჭოს სხდომის შემდეგ დაიწყო. 43 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი 78 კანდიდატს აქვს შეტანილი. კონკურსი, რომელიც ნახევარ წელზე მეტია გრძელდება, დღეს 24 მაისს სრულდება.
კონკურსის დაწყებამდე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ რაც ახლა საბჭოში ხდება, ეს არის ფარსი, სადაც „კლანის“ წევრები სხვადასხვა თანამდებობებს ინაწილებენ.
„როგორც არაერთხელ ვთქვი, იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე, „კლანს“ აქვს სრული საშუალება, რომ ის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნოს სასამართლოში. ამ პროცესს კონკურსთან საერთო ძალიან ცოტა აქვს. ეს იყო ეტაპი, როდესაც „კლანის“ წევრები გადალაგდნენ სასამართლოს შიგნით ერთი თანამდებობიდან მეორეზე“, - განაცხადა დოლიძემ.
იუსტიციის საბჭოს მიერ პირველ ინსტანციაში გიორგი მიქაუტაძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას „ცინიზმი“ უწოდა „ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, მიქაუტაძის და ე.წ. სკანდალური 10-კაციანი სიის სხვა წევრები მარტო პირველ და მეორე ინსტანციაში უვადო დანიშვნით არ დაკმაყოფილდებიან და უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეობაზეც შეიტანენ განაცხადს, რასაც დიდი წინააღმდეგობა უნდა დაახვედროს მთელმა საზოგადოებამ.
„დღეს სასამართლო მაფიოზური პრინციპით იმართება. რაღაც ერთ მუჭა ჯგუფს, რომელიც მხარდაჭერილია პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების მხრიდან, სასამართლო ტყვეობაში ჰყავთ აყვანილი, სარგებლობენ ამ მხარდაჭერით და ცდილობენ სამიდღემჩიოდ დაიმკვიდრონ თავი სასამართლოში ისე, რომ მათ ძალაუფლებას და გავლენებს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს არც დღეს და არც მომავალში.
„უნდა ითქვას, რაც სასამართლოში ხდება, იგივე ხდება ქვეყანაში - ქვეყანაში მყარდება მაფიოზური სისტემა. ეს კომფორტული ზონა, რომელიც ივანიშვილისთვის სასამართლოში შეიქმნა, ეს არის მთელ ქვეყანაში - პარლამენტში, სხვადასხვა ინსტიტუტებში. დემოკრატიიდან აღარაფერი აღარ დარჩა.
„გიორგი მიქაუტაძის განცხადება სრული ცინიზმია, როცა თქვა, რომ მე მქონდა შანსი დავწინაურებულიყავი აპელაციაში, მაგრამ დავრჩები საქალაქო სასამართლოში. ეს არის ვულგარული ცინიზმი, პატარა კაცის გამონათქვამი. თითქოს ახლა მთელი ქვეყანა უნდა ვიდგებით და აღფრთოვანებული უნდა ვიყოთ მისი ამ „სიქველით“, მისი „დიდსულოვანი“ გადაწყვეტილებით, რომ ეს მონა ადამიანი, ვულგარული ცინიკოსი არ წავიდა სააპელაციოში და დარჩა საქალაქო სასამართლოში.
„რა თქმა უნდა, მისი ამბიციები არ შემოიფარგლება საქალაქო სასამართლოთი, უზენაეს სასამართლოს უმიზნებს და იმედი აქვს, ეს მორჩილი იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა მას უზენაესის უვადო მოსამართლედ გახდის. ამ ყველაფერში მთელი დრამა ისაა, რომ იმდენად დატყვევებულები არიან ამ ალუზიით, რომ მათ ყველაფერი გამოსდით და ყველაფერი შეუძლიათ ამ ქვეყანაში, ზუსტად ეს წარმოსახვა გახდება მათი დამთავრების დასაწყისი.
„კონსოლიდირებული ძალისხმევით უნდა იყოს, რომ ამ სიმახინჯემ, რასაც ჰქვია ვულგარული ცინიკოსების კლანი, ვერ იხილოს უზენაესი სასამართლოს დარბაზები. წარმოუდგენელია, რომ ამ კლანის ხელში, ამ კორუმპირებული, გახრწნილი ფსიქიკის ადამიანების ხელში აღმოჩნდეს უზენაესი სასამართლო,“ - აცხადებს გოგიჩაიშვილი.