„ვითარება საყურადღებოა და მოთხოვნები ლეგიტიმური, რადგან მათი სამუშაო პირობები საკმაოდ მძიმეა. ეს მე თვითონ მაქვს ნანახი - დაახლოებით 350-400 მეტრის სიღრმეზე საკუთარი თვალით ვნახე რა პირობებში მუშაობენ მეშახტეები, რისი ენით აღწერა და გადმოცემაც საკმაოდ რთული და მძიმეა,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ჭიათურაში არსებულ ვითარებას, სადაც მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.
ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი გაფიცულია. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. რამდენიმე მათგანმა კი, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა.
ხუნდაძის განცხადებით, კომპანიამ ამ ყველაფერზე სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს. მისი თქმით, აუცილებელია მაღაროელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება, რადგან მათ საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა.
„მათი პირობები აშკარად გასაუმჯობესებელია, ტექნიკური აღჭურვილობა შესაცვლელია, რადგან მოძველებული ტექნიკით მუშაობენ და შესაბამისად, სიცოცხლის რისკი სამუშაოს შესრულების დროს საკმაოდ მაღალია.
„გარდა ამისა, მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა სოციალური მხარდაჭერისა, მათი სახელფასო განაკვეთი უნდა გაიზარდოს და ასევ მათი ჯანდაცვის პაკეტი უნდა იყოს განსხვავებული, რადგან ჯანმრთელობისთვის ზიანის, მათთვის უფრო მეტად მაღალი რისკის შემცველია, ვიდრე სხვა სამუშაოს შესრულების დროს.
„ვფიქრობ მათ ლეგიტიმურ მოთხოვნებს კომპანია გაითვალისწინებს. თუ საჭირო იქნება, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ საკანონდებლო ცვლილებებზე, რაც მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ეს კრიზისი რომ ამოიწუროს, ორივე მხარემ უნდა შეძლოს შეთანხმების მიღწევა. სურვილია, რომ ეს დროში არ გაიწელოს, რადგან მოშიმშილეთა ყოველდღიური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
„არაერთხელ ვიყავი მათთან, უშუალოდ სამუშაო პროცესიც ვნახე. თუკი პარლამენტარების ჩარევა გახდა საჭირო, შემიძლია კიდევ ერთხელ ჩავერთოთ. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი მასშტაბური ჩართულობა, არ გახდება საჭირო და კომპანია სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.