თამარ შუკვანი
25.05.2019

 „გამორიცხულია ეს! რეალურად, ჩვენი მხარის პოზიცია არის ის, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო და არის საქართველოს კულტური, ისტორიის მიწის ნაწილი," - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ფარული შეთანხმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, „ამ თემაზე სამთავრობო დელეგაცია მუშაობს" და სხვა ინფორმაცია არ აქვს.

დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ კვლავ განაახლა საგზაო სამუშაოები. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება უპრინციპოა და ვერ იცავს იმ ვალდებულებას, რაც ქვეყნის წინაშე აქვს.

„ისევ გააგრძელეს მუშაობა, ისევ თხრიან და ანგრევენ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის ქანებს. ყველანაირი მოლაპარაკება ფალსიფიკაცია გამოდგა. გუშინ სახელმწიფოების პირველი პირები ელაპარაკნენ ერთმანეთს და აზერბაიჯანის მხრიდან დაპირება იყო, რომ სამუშაოები გაჩერდებოდა, მაგრამ დღეს ისევ ისე აქტიურად გაგრძელდა.

„მდგომარეობა ისეთია, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად პასიური და უპრინციპოა. ხელისუფლება არ არის თავის სიმაღლეზე, რომ საკუთარი ვალდებულება, რაც ქვეყნის და ერის წინაშე გააჩნია, ის განახორციელოს, ამიტომ ხალხმა უნდა დავიწყოთ. მე ვფიქრობ, 26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ.

„უნდა გაგვართონ პატარა ბავშვებივით, ვითომ ყველაფერი რიგზეა. მე ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან და არაფერს არ აკეთებს, არანაირ კოზირს არ იყენებს. როგორ შეიძლება, 6 კოზირი გქონდეს და 2 კოზირით გამარცხებდნენ?!" - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს კიდევ ერთ დეპუტატს, რევაზ არველაძეს და აღნიშნავს, რომ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიის დათმობა არ მოხდება.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. დათმობა არ მგონია მოხდეს, ეს მოლაპარაკების საკითხია. როგორ შეიძლება ამის დათმობა?!" - განაცხადა რევაზ არველაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ცნობისათვის, 23 მაისს დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. პარალელურად, 23-24 მაისს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართებოდა ბაქოში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, სადელიმიტაციო კომისიის სხდომაზე ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთი განიხილეს. ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ერთობლივად დაათვალიერებენ. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ, შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება მოახდინონ, რაც სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან არის დაკავშირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×