ეკატერინე ბასილაია
26.05.2019

 „ჭიათურაში კლასიკური გადაგდების ისტორია გათამაშდა. ჩვენ ვნახეთ იქ ჩასული „ოცნების“ ლიდერები, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ მეშახტეების მოთხოვნებს უჭერდნენ მხარს, ნიანგის ცრემლები დაღვარეს, რითაც ჭიათურელებში შექმნეს განცდა, რომ მათი პრობლემები გადაწყდებოდა, მაგრამ არჩევნებმა ჩაიარა და მათი პრობლემები არ გადაწყდა. ანუ, ხელისუფლებას ჰქონდა ამოცანა, არჩევნები მოეგო, ამიტომ ნიანგის ცრემლები დაღვარა, ადამიანები გამოიყენა და შემდეგ კლასიკური გადაგდება მოხდა, რაც არაერთხელ გვინახავს,“ - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

„რეზონანსი“: პარასკევს მოსამართლეთა ე.წ. კლანის მიერ უვადოდ დაინიშნა გირგვლიანის საქმის კიდევ ერთი მოსამართლე, ნაირა გიგიტაშვილი, ასევე კლანის წევრი გიორგი მიქაუტაძეც, რომელმაც დააანონსა, რომ უზენაესში უვადო მოსამართლედაც წარადგენს კანდიდატურას. პროტესტის მიუხედავად არაფერი იცვლება და კლანის წევრები თანამდებობებს ინაწილებენ?

გია ხუხაშვილი: ეს უკვე აღარ არის კლანის პრობლემა, ეს სახელმწიფოს პრობლემაა, ეს არის პოლიტიკური ნების პრობლემა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხელებს გადაგრეხვით მოეხდინა დემონის ჰეროიზაცია და აბსოლუტურ ფარსად ექცია ის პროცესი, რასაც ქვეყანაში სამართლიანობის, მართლმსაჯულების დაბრუნება ჰქვია.

გამოგვიცხადეს კიდეც, რომ ესენი ადრე კი იყვნენ ცუდი ბიჭები, მაგრამ ახლა კარგი ბიჭები გახდნენ და მათთან თანამშრომლობას ვაპირებთ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხელების გადაგრეხვით გააკეთეს. არავის პროტესტი არ გაიზიარეს და იმ მანკიერი სისტემის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადეს თავი, რის გამოც შედგა საერთოდ 2012 წელი და რა ტალღაზეც ხელისუფლებაში მოვიდნენ. 

ეს არის მოცემულობა. ეს ძალიან მძიმე პროცესია, მაგრამ, მეორეს მხრივ, პოზიტივი გახლავთ ის, რომ რადგან ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ მიდის და ეს დაჯგუფებაც ჯიუტად სარგებლობს ხელისუფლების გარყვნილებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ლეგიტიმური საფუძველი იქმნება, როგორც კი შეიცვლება პოლიტიკური კონიუნქტურა, საზოგადოებას სრული უფლება ექნება ეს ადამიანები მძიმე ფორმით გამოყაროს იქიდან. 

პროცესი, რომელიც ხელების გადაგრეხვით და საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს, საბოლოო ჯამში, აუცილებლად მარცხდება, უბრალოდ მარცხდება ბევრად უფრო მძიმე ფორმით, ვიდრე შეიძლებოდა დღეს მომხდარიყო. ბრძოლა მოიგეს, მაგრამ ომს აუცილებლად წააგებენ.

„რ“: როგორც პარასკევის დანიშვნებმა ჩაიარა, ისე მარტივად ჩაივლის უზენაესში „კლანის“ წევრები უვადოდ დანიშვნაც? 

გ.ხ.: პროტესტი იქნება და უნდა იყოს მუდმივად, მაგრამ ხელისუფლება უკან არ დაიხევს. ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ამ ადამიანებზე. მეტიც, გამოგვიცხადეს, რომ გმირები იყვნენ, მურუსიძე გმირი იყო.

„რ“: ჭიათურაში 10 დღეზე მეტია მაღაროელების პროტესტი მიმდინარეობს. მათ სოლიდარობა ტყიბულის მეშახტებბმაც გამოუცხადეს. შესაძლებელია ეს დიდ სოციალურ პროტესტში გადაიზარდოს?

გ.ხ.: მე არ ვფიქრობ ასე. ჯერჯერობით დიდი საპროტესტო კონსოლიდაცია საქართველოში ვერ ხერხდება, იმიტომ, რომ ნაციონალური მასშტაბის კონსოლიდაციას შესაბამისი ლიდერი სჭირდება. ასეთი ლიდერი არ ჩანს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საქმე გვაქვს ლოკალურ ბევრ კრიზისთან და ეს ყველაფერი რომ ერთ დიდ ტალღად გადაიქცეს, ამას სჭირდება პოლიტიკური ცენტრი, რომელიც მოახდენს ამ ყველაფრის კაპიტალიზაციას. 

ასეთ ცენტრად ვერ ივარგებს „ნაცმოძრაობა“, ხოლო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, რომლებსაც შეუძლია ნაციონალური მასშტაბის საპროტესტო ტალღა ააგოროს, არ ჩანს.

„რ“: ჭიათურაში გაფიცვა 16 მაისს დაიწყო, სამ დღეში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და გაფიცული ქალაქის 65%-მა მაინც „ოცნების“ კანდიდატს მისცა ხმა. როგორ აიხსნება ეს?

გ.ხ.: კლასიკური გადაგდების ისტორია გათამაშდა. ჩვენ ვნახეთ ჭიათურაში ჩასული „ოცნების“ ლიდერები, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ მეშახტეების მოთხოვნებს უჭერდნენ მხარს, ნიანგის ცრემლები დაღვარეს, რითაც ჭიათურელებში შექმნეს განცდა, რომ მათი პრობლემები გადაწყდებოდა, მაგრამ არჩევნებმა ჩაიარა და მათი პრობლემები არ გადაწყდა. ანუ, ხელისუფლებას ჰქონდა ამოცანა, არჩევნები მოეგო, ამიტომ ნიანგის ცრემლები დაღვარა, ადამიანები გამოიყენა და შემდეგ კლასიკური გადაგდება მოხდა, რაც არაერთხელ გვინახავს.

„რ“: არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი პრობლემა განახლდა, ლარის გაუფასურება დაიწყო და ხელისუფლება გვამუნათებს, რომ ეს მათი გამოისობით არ ხდება, თურქეთის ეკონომიკური რყევებია დამნაშავე...

გ.ხ.: შეიძლება ნაწილობრივ გავიზიარო ის, რომ თურქეთი ახდენს გავლენას ჩვენს სავაჭრო ბაზარზე, მაგრამ თურქეთში რომ რაღაც ხდება და ეს ჩვენს სავაჭრო ბაზარზე ზემოქმედებს, ეს ვისი ბრალია?! რატომ ზემოქმედებს, ბარემ ესეც აგვიხსნან და მათი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება ამაში. ძალიან მარტივად არის საქმე, ჩვენ პირდაპირი სავაჭრო ბმა გვაქვს თურქეთთან. რატომ არის ჩვენი სავაჭრო სალდო ასეთი მძიმე თურქეთთან, რატომ? იმიტომ რომ, არ გვაქვს ეკონომიკა.  

„რ“: ამ კვირას ასევე განახლდა დავით გარეჯის პრობლემაც. რა მოლოდინი გაქვთ, სადამდე მივა ეს გაუგებრობა?

გ.ხ.: მემგონი აქ ზედმეტი ემოციები ძალიან სახიფათოა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მეზობლად გვყავს ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი, რომელთან ერთადაც ერთიან გეოპოლიტიკურ ფუნქციას ვიძენთ, როგორც ქვეყანა და ეს არის აზერბაიჯანი. აქედან გამომდინარე, ემოციების გარეშე უნდა მიდიოდეს ყველა ასეთი მოლაპარაკება. მით უმეტეს, რომ ფორმალურ-სამართლებრივი და დოკუმენტური  თემები მაინცდამაინც ჩვენს სასარგებლოდ არ არის ამასთან დაკავშირებით. 

კი, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს აზერბაიჯანთან ერთად გადაწყდეს მეგობრულ და საქმიან ვითარებაში და არა რელიგიური კონტექსტებით, რაც ძალიან სახიფათოა. ამან შეიძლება ემოციების ტალღა გამოიწვოს და უნდა გვესმოდეს, რომ ემოციების ტალღა მარტო თბილისში არ იხარშება, ბაქოშიც იხარშება. ძალიან სახიფათო ფორმა შეიძლება მიიღოს ამ ყველაფერმა.

ეს არ არის ახალი პრობლემა და იქიდან გამომდინარე, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის ფორმულა ვერ გამოიძებნა, ეს თემა კონსერვაციის რეჟიმში იყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში წმინდა წყლის პროვოკატორის როლი პრეზიდენტმა ითამაშა, როცა ჯერ კიდევ 5 მარტს დაიწყო კატეგორიული მოთხოვნა საზღვრების დელიმიტაციის საჭიროებაზე. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი თანამედროვე პანდორაა, რომელმაც თავისი ხუშტურებით გახსნა პრობლემების ყუთი ისე, რომ კონტექსტი და რისკები არც კი შეუფასებია. ის ასეთ არაერთ ყუთს კიდევ გახსნის მომავალში.

„რ“: სანამდე მიგვიყვანს ეს ამბავი?

გ.ხ.: იმედს ვიქონიებ, რომ ემოციები ისევ გადავა უკანა პლანზე და ყველაფერი პოლიტიკური მოლაპარაკებების ფარგლებში ჩაჯდება. ზურაბიშვილმა ააფეთქა ეს სიტუაცია, პოლიტიკამ უკანა პლანზე გადაიწია, წინა პლანზე გამოვიდა რელიგიური მომენტები, საზოგადოება და ემოცია. ცივი გონება უკვე აღარ მოქმედებს, რაც ძალიან სახიფათო სიტუაციაა. უნდა დავუბრუნდეთ იმ ვითარებას, რაც იყო ზურაბიშვილის ბრიყვული განცხადებამდე. სხვანაირად შეიძლება ისე დამძიმდეს ეს ყველაფერი, რომ ხვალ და ზეგ უკვე გვიან იყოს. აქამდე ნუ მივიყვანთ ყველაფერს.

„რ“: თქვენი აზრით, ამდენი პრობლემაა მთაწმინდაზე მეორე ტურში „ოცნების“ რეიტინგზე უარყოფითად აისახება?

გ.ხ.: პროგნოზს არ გავაკეთებდი. ყველა გათვლებით ხელისუფლებას აქვს  რესურსების უპირატესობა, თუმცა კატეგორიული ვერ ვიქნები, მირჩევნია მოვლენების განვითარებას დაველოდო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×