დამოუკიდებლობის დღე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსშიც აღნიშნა. საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა 26 მაისი ჩიჩხიტურში იზეიმეს. მათ ჩიჩხიტურის მონასტრის ტერიტორიაზე საქართველოს დროშა აღმართეს და ჰიმნი შეასრულეს.
ადგილზე 26 მაისს დილიდან მივიდნენ მოქალაქეები, როგორც კახეთის რეგიონიდან, ასევე თბილისიდან. ამის მიზეზი კი 25 მაისს ჩიჩხიტურის მონასტერთან გზის გაყვანის პროცესი გახდა, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე ახორციელებდა.
ამ ეტაპზე გზის გააყვანის სამუშაოები შეწყვეტილია აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა გახსნა. მოქალაქეები, როლებმაც მონასტერში ასვლა მოახერხეს, აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გეგმა შეასრულა და გზა ჩიჩხიტურამდე უკვე გაყვანილია - 5-დღიანი მუშაობა 25 მაისს გვიან ღამით დაასრულეს.
იქ შეკრებილი მოქალაქეების ინფორმაციით, 28 მაისს, აზერბაიჯანის მოქალაქეები, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ადგილზე დროშებით ასვლას აპირებენ. ამიტომაც ისინი იქ ყოფნას მანამდე გეგმავენ, სანამ ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ იქნება.
როგორც ცნობილია, ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა 12 წლის განმავლობაში, 2007 წლიდან ჩაკეტილი იყო. გზა 5 მაისს, აზერბაიჯაულმა მხარემ გახსნა, თუმცა 16 მაისის შემდეგ, ის ისევ ჩაკეტეს და ჩიჩხიტურის მონასტრის ტერიტორიამდე მისვლას ვერავინ ახერხებდა.
საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადაო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ქვეყანაში აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა.
მოქალაქეები, რომლებიც 26 მაისს ჩიჩხიტურის მონასტერში იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ 28 მაისს, აზერბაიჯანული მხარისგან გარკვეულ პროვოკაციებს ელოდებიან.
„გახსნილია ჩიჩხიტურის ტაძარი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ერთჯერადი აქცია არ არის. ჩვენი მოლოდინი არის და გვინდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს ტერიტორია ხვალაც იქნება გახსნილი, ზეგაც, მაზეგაც, ერთი კვირის შემდეგ და მუდმივად,“ - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს საპატქრიაქროს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტროიაზე გზის გაყვანითი სამუშაოები აზერბაიჯანის მხრიდან ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკაც გაყვანილია. დეკანოზი გარეჯში იმყოფებოდა და სიტუაციას ადგილზევე გაეცნო. როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს საგზაო სამუშაოები ჩიჩხიტურის მონასტერთან საკმაოდ ახლოს არის მისული.
„ერთი ცხადია - ეკლესია ვერაფრით შეეგუება, რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები ირღვევოდეს. საკმაოდ რთული პროცესი მიდის, ეკლესია ამ დეტალებში თანდათან უნდა გაერკვას. საპატრიაქრო ძალიან ყურადღებით იქნება, თუ მოვლენები როგორ განვითარდება და ამ პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული“, - აცხადებს ჯაღმაიძე „რეზონანსთან“.
ჩვენს კითხვაზე, ხომ არ ჩაერთვება ეკლესია სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებებში, ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ მას არ ჰგონია, რომ მსგავსი ნაბიჯი გადაიდგას, თუმცა საპატრიარქოს მხრიდან ამ პროცესს მუდმივი მონიტორინგი გაეწევა. ჯაღმაიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას რითაც შეძლებენ დაეხმარებიან.
„ხალხის მოთხოვნაა, რომ ეს მოლაპარაკებები და პროცესი გამჭვირვალე იყოს. ამიტომაც ჩვენ გვმართებს, რომ თითოეული დეტალი გასაგები იყოს და ზუსტად ვიცოდეთ რა პროცესი მიმდინარეობს. აქ პრობლემა საერთოა - სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც ერთი მიზნები გვაქვს. შესაბამისად, საზოგადოების მოთხოვნაც ლეგიტიმურია, რომ ორივე მხარე ამ საკითხში აქტიურად ვმონაწილეობდეთ“, - აცხადებს ჯაღმაიძე „რეზონანსთან“.
„მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა, იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ გაჩენილიყო კითხვები, რომელიც ახლა დასვით, სამუშაოები შეჩერდა,“ – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ასეთია ბაქოში გამართული კომისიების სხდომის შედეგების მოკლე ფორმულირება.
„მსურს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ როგორ წარიმართა კომისიების სხდომა ბაქოში. მისი მოკლე ფორმულირება არის შემდეგი - მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა, იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ შექმნილიყო აღქმა და არ გაჩენილიყო ის კითხვები, რომელიც თქვენ ახლა დასვით, უნდა მომხდარიყო სამუშაოების შეჩერება და ეს ასეც მოხდა. რაც შეეხება დავით გარეჯთან დაკავშირებულ სიტუაციას, ამის შესახებ მოგვიანებით კიდევ გავაკეთებთ კომენტარს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ მუშაობა განაახლა. რიგით მე-12 სხდომა ბაქოში გაიმართა. მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე ექსპერტების დონეზე შეთანხმდნენ, შემდეგ კი მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„ამ ეტაპზე გადაწყვეტილება რომელიმე მონაკვეთთან დაკავშირებით არ არის მიღებული, ჯერ შეჯერებული პოზიციები არ არის. საექსპერტო ჯგუფები გააგრძელებენ მუშაობას უშუალოდ ადგილზე. შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩავლენ ადგილზე, კიდევ ერთხელ ჩაატარებენ საველე სამუშაოებს, რომლის შემდეგაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება და გააგრძელებს მუშაობას საერთო პოზიციების შეჯერებაზე“, - განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლაშა დარსალიამ „პირველი არხის“ ეთერში.