ჭიათურის პრეცედენტი - პირველი მძლავრი საპროტესტო მოძრაობა პოლიტიკური მოთხოვნების გარეშე?
ეკატერინე ბასილაია
26.05.2019

 ქვეყანა უპრეცენდენტოდ მასშტაბურმა და თვითორგანიზებულმა სოციალურმა გაფიცვამ მოიცვა. ჭიათურაში 10 დღეზე მეტია 3 000-ზე მეტი მაღაროელი გაფიცულია პარტიებისა და პროფკავშირების ჩართულობის გარეშე და ამ პროტესტს მთელი ადგილობრივი მოსახლეობა უჭერს მხარს. შაბათს სოლიდარობის ნიშნად ჭიათურაში 50-მდე ტყიბულელი მეშახტეც ჩავიდა. მოლოდინია, რომ ზესტაფონის „ფეროს" მუშებიც შეუერთდებიან პროტესტს.

შესაძლოა თუ არა, რომ ამ გაფიცვამ საერთოეროვნული მასშტაბები და დიდი სოციალური პროტესტის ფორმა მიიღოს? მით უმეტეს, რომ სოციალური უკმაყოფილება საზოგადოებაში არსებობს. მანამდე იყო ტაქსისტების აქცია თბილისში და მძღოლების უკმაყოფილება ჯერ ისევ არსებობს მერიის მიერ დაანონსებული ახალი რეგულაციების გამო. ამ ყველაფერს ემატება ლარის დიდი გაუფასურების მორიგი ფაზა.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, ჭიათურაში დაწყებული ეს აქცია კერძო სექტორის მიმართ პრეტენზიის გამოხატავს და არა სახელმწიფოს მიმართ უკმაყოფილებას, ამიტომაც ახალ-ახალი საპროტესტო თემა და აქციები გამორიცხული არ არის, მაგრამ დიდი პროტესტი ამ გადასახედიდან მოსალოდნელი არ არის.

მისივე თქმით, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენთან სიტყვა „პროტესტს" პოლიტიკური დატვირთვა უფრო აქვს და ამიტომაც, თუ პროცესს პოლიტიკური შინაარსი არ ახლავს, ის დიდ აქციად ვერ გადაიქცევა. ხოლო პოლიტიკოსებს საზოგადოებაში ნდობა მაინცდამაინც არ აქვთ.

„ისეთმა დრამატულმა მოვლენამაც კი, როგორიც იყო სარალიძის შვილს ამბავი, პოლიტიკოსების ძალისხმევის შედეგად დევალვაცია განიცადა, იმიტომ რომ, ეს პროცესი აღიქმებოდა როგორც პოლიტიკური ინტერესით ნაკარნახევი პროცესი და არა იმ კონკრეტული პრობლემით ნაკარნახევი, რამაც ეს ხალხი მიიყვანა პარლამენტის წინ.

„პოლიტიკოსებთან სულ დგას ეს პრობლემა და ძალიან ხშირად კეთდება დასკვნა, რომ პოლიტიკოსი თავისი პირადი ბრძოლის ინტერესით ხელმძღვანელობს და არა ადამიანებიც მოგება-წაგების ინტერესით. გავიხსენოთ, რომ მაღაროელებმაც მოიშორეს პოლიტიკოსები და უარი თქვეს ამ პროცესის პოლიტიკოსებით წარმართვაზე და სწორიც იყვნენ. ამ პროცესს არ აქვს პოლიტიკური შინაარსი. მსოფლიომ ასეთი პროტესტები გაიცნო სწორედ იმ პერიოდში, როცა კერძო მეწარმეების წინააღმდეგ აჯანყდნენ დაქირავებული ადამიანები და უმეტესწილად, ეს იყო კერძო სისტემაში მიმდინარე პროცესი.

„ჭიათურაში რაც ხდება, ეს არის კერძო სექტორთან ბრძოლის ფორმა და არა სახელმწიფოს, ანუ პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა. ეს არის პრეტენზიები კერძო სექტორთან, რომელსაც უამრავი რამ აქვს საპრეტენზიო. ამიტომ, შეიძლება ეს მოვლენა გადამდები აღმოჩნდეს, ოღონდ მეეჭვება, რომ ამან მიიღოს პოლიტიკური პროტესტის სახე. უფრო ვვარაუდობ, რომ ეს იქნება ევროპული ტიპის, პროფკავშირების ტიპის პროტესტი," - ამბობს საყვარელიძე.

მისი თქმით, ზოგადად, როცა კერძო მეწარმე არღვევს დაქირავებულის უფლებებს, ეს ხელისუფლების პოლიტიკის ბრალია, თუმცა ასეთ სიღრმეებში გაფიცულები არ შედიან. ამიტომაც ეეჭვება, რომ გაფიცვამ ხელისუფლებასთან დაპირისპირების, პოლიტიკური პროტესტის სახე მიიღოს.

როგორც საყვარელიძე ამბობს, სწორედ იმის გამო, რომ ამ პროცესში პოლიტიკა არ არის ჩართული, ამიტომაც იყო, რომ გაფიცვის დაწყების შემდეგ ჭიათურაში ადგილობრივ არჩევნებში მაინც „ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გაფიცულების რაოდენობა დიდია და ჭიათურას სოლიდარობა ტყიბულის მეშახტეებმაც გამოუცხადეს, ეს გაფიცვა მაინც ლოკალური პროტესტია.

„ქვეყანაში საკმაოდ რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა და კარგია, რომ ჩვენი საზოგადოება აქეთკენ მიდის და მუშებმა და ადამიანების ამ კატეგორიამ - მეშახტეებმა, ასევე თბილისში ტაქსისტებმა - დაიწყეს ზრუნვა საკუთარი ინტერესების დაცვაზე და არ არიან იმ რეჟიმში, რომ აი, მოვა რომელიღაც ნორმალური ხელისუფალი და ის მოაგვარებს ყველა პრობლემას...

„ეს პროტესტი სწორია. როცა ქვეყანაში პროტესტი არ არის, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება, ყველაზე კარგ ვარიანტში, მიძინებულია და ყველაზე ცუდ ვარიანტში - საერთოდ არ არსებობს," - აღნიშნავს ძაბირაძე.

მისი თქმით, საქართველოში ყველა პროტესტი ხელისუფლების შეცვლისკენ იყო მიმართული, დღეს კი სამოქალაქო და საზოგადოებრივი პროტესტის საწყის ეტაპს ვხედავთ.

„ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს არის პირველი სრულმასშტაბიანი, მძლავრი და უპრეცენდენტო პროტესტი, რომელშიც ხელისუფლების შეცვლას კი არ ითხოვენ, არამედ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას. მართლა ერთი ნაბიჯით წინ წავედით საზოგადოებრივი თვალსაზრისით, იმიტომ, რომ, არ შეიძლება საზოგადოება ყოველი გაჭირვების ჟამს ყოველთვის ხელისუფლების შეცვლას ითხოვდეს.

„ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ ამ 30-მა წელმა გვაჩვენა, რომ ჩვენ ვცვლით ხელისუფლებებს, მაგრამ ვითარება არ იცვლება. ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა არ არის, გამოსავალია საკუთარი პირობების დაკმაყოფილება ითხოვო და ამ მოთხოვნებს უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ.

„მართალია, გარკვეულწილად ალოგიკური იყო, ამ პროტესტის ფონზე ჭიათურაში „ოცნების" კანდიდატის გამარჯვება შუალედურ არჩევნებში, მაგრამ მეორე მხრივ, პროტესტის ეს მიმართულება სწორია," - აცხადებს ძაბირაძე.

ძაბირაძე დღეს და ხვალ დიდი პროტესტის აგორებას არ ელოდება.

„კარგია, რომ ჭიათურას სოლიდარობა გამოუცხადა ტყიბულმა და ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს აქცია, ჯერჯერობით, მაინც სპონტანურია, ადგილობრივია. ალბათ, ძალიან მალე გაჩნდება მოთხოვნილება, რომ შეიქმნას, ასე ვთქვათ, რეალური პროფკავშირები, რომელიც სოციალური და ეკონომიკური ტიპის ასეთ გამოსვლებს სწორ განსაზღვრებას გაუკეთებს," - დასძენს ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×