რეზონანსი
27.05.2019

 საქართველოს მოქალაქეს, წარმოშობით ასურელ გიორგი სარქისოვს, 5 წლის წინ გული გადაუნერგეს. 28 წლის იყო, მძიმე დიაგნოზი რომ დაუსვეს – დილატაციური კარდიომიოპათია, ანუ გულის მწვავე უკმარისობა. ექიმმა უთხრა, რომ მისი გული 2 წელს აცოცხლებდა, მერე კი ცხოვრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებდა, თუ სხვის გულს გადაუნერგავდნენ.

გულის ტრანსპლანტაციის გაკეთება საქართველოში ამ დრომდე შეუძლებელია. გიორგი 30 წლის იყო, მინსკში გადანერგვის ოპერაცია რომ გაუკეთეს და უკვე 5 წელია, ბელარუსი ბაიკერის გულით ცხოვრობს. სწორედ იმ დღეს, როცა გიორგი მინსკში ჩავიდა, ის მამაკაცი ავარიაში მოყვა, ტვინი დაუზიანდა და მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. ის სიცოცხლეში დათანხმდა, რომ მისი ორგანოები ტრანსპლანტაციისათვის გამოეყენებინათ. გიორგი საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვისაც გული გადაუნერგეს: 

"მინსკში ჩავფრინდი თუ არა, მეორე დღეს გამიკეთდა გადანერგვა. იქ ყველა ბაიკერს ხელი აქვს მოწერილი, რომ მისი ორგანოები გამოიყენონ საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ექიმები ნებართვას მაინც იღებენ მშობლისგან. მის მშობლებთან რომ მივიდნენ და უთხრეს, 30 წლის ბიჭი იღუპება და თქვენი შვილის გული რომ გადავუნერგოთ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებითო, დედამისმა თქვა, მე და ჩემი შვილი ამაზე დიდ მადლს ვერ გავაკეთებთ, იცოცხლოს მისმა გულმაო.

იმ საღამოს, მინსკში რომ ჩავედი, ტელევიზორში ვუყურე ამ საშინელ ავარიას. მინსკის ავტობანზე მოხდა დიდი ავარია, 15 კაცი დაიმტვრა და დაიღუპა. სადაც მე ვიწექი, იქიდან 5 კილომეტრში მოხდა ავარია. 

შეუძლებელია, ადამიანის გარდაცვალებამ გული არ დაგწყვიტოს და მეც დამენანა ის ახალგაზრდა კაცი, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ დღეს მის გულს ვუვლი. არანაირი პრობლემა არ აქვს, მშვენივრად მუშაობს", - აღნიშნა გიორგი სარქისოვმა.

(სარკე)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×