პროტესტის მე-11 დღე - “ამხელა რისკის საფასურად წიაღისეულს მოვიპოვებთ, პროდუქციას ვქმნით და მათხოვრული ხელფასი 700 ლარი უნდა გქვონდეს!?
ელზა პაპოშვილი
27.05.2019

 მაღაროელების გაფიცვის და შიმშილობის 11-ე დღე - ჭიათურა პარალიზებულია, ქალაქში გაფიცვა გრძელდება. დაკეტილია ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება, სკოლები და მაღაზიები. ქალაქის მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული და გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მაღაროელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ და ისინი შესაბამის ანაზღაურებას ვერ ღებულობენ. მათ ოჯახებს კი უკიდურესად უჭირთ. მათი თქმით, არცერთი ობიექტი მუშაობას არ დაიწყებს იმ დრომდე, სანამ მაღაროელების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მუშების მოთხოვნებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ამ ეტაპზე მოშიმშილეთა რიცხვი 15-ს შეადგენს. მათგან სამმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური საპროტესტო აქცია უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს. აქციაში ჩართულია 3000-ზე მეტი მაღაროელი. კარვები გაშლილია „ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის შენობის გვერდით მდებარე სკვერში.

მაღაროელთა მოთხოვნებია: ხელფასის მომატება 30%-ით (და რეორგანიზაციის შემდეგ +20%); ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესება; მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა. მაღაროელები ასევე მოითხოვენ, რომ არავინ დაისაჯოს გაფიცვისა და საპროტესტო აქციების გამო.

ამ ეტაპზე გაჩერებულია „ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილი 11-ვე მაღარო. კომპანიის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ მაღაროელებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.

მოთხოვნების სანაცვლო „ჯორჯიან მანგანეზმა" გაფიცულებს ხელფასების 25%-იანი ზრდა შესთავაზა. თუმცა მაღაროელები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ, რადგან ეს ითვალისწინებდა ჯერ 15%-ის დარიცხვას და შემდეგ 10%-ის გადახდას ერთი წლის განმავლობაში.

მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის 26 მაისს გამართული შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. როგორც მაღაროელები ამბობენ, კომპანია არანაირ დათმობაზე არ მოდის.

მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და კომპანიის ჭიათურიდან წასვლას მოითხოვეს. მათი თქმით, ოფიციალურად დაფიქსირებული მათი ანაზღაურება რეალურისგან მკვეთრად განსხვავდება და სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"დამატებული არაფერი არ არის, 15-ს პლუს ათია ისევ და ამან გამოიწვია აგრესია. 30%-ს და 50%-ს თუ არ მოამატებენ, ვინც უნდათ ის ამუშაონ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ არის მაინც და მაინც ამათი წასვლა. ჩვენი მოთხოვნაა 50%-ით მატება. დათმობაზე წავედით, 30%-ი მოვითხოვეთ და ესეც არ მოუმატეს, ამიტომ გამოიწვია აგრესია და ამიტომ მოვითხოვეთ ამათ წასვლა. უკვე ყველას ყელში ამოგვივდინენ, როდემდე უნდა ვეფეროთ? მონურად გვამუშავებენ და კიდევ ჩვენ ვეფეროთ?" - აცხადებს ერთ-ერთ მაღაროელი, გიორგი ნეფარიძე „რეზონანსთან".

მაღაროელი ფრიდონ შენგელაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიუხედავად ამხელა პროტესტისა, „ჯორჯიან მანგანეზიდან" არანაირი შეხმიანება დ რაიმე სახის შეთავაზება 27 მაისს არ ყოფილა. მისი თქმით, ისინი კომპანიიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან. შენგელაშვილი ამბობს, რომ მათ ნამუსზე იყოს, როდესაც ამხელა პროტესტს ხედავენ და ჩუმად არიან.

„ამ კომაპნიის მიერ გაკეთებულ არცერთ განცხადებას არ ვენდობით. არსებობს შტატები, სადაც იმხელა ხელფასები აქვთ, რომ რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. მათ უნდა ჰქონდეთ 30 ათასები და ჩვენ, მშრომელ ხალხს, რომლებიც რეალურად საქმეს ვაკეთებთ და ამხელა რისკის საფასურად წიაღისეულს მოვიპოვებთ და პროდუქციას ვქმნით, მათხოვრული ხელფასი 700 ლარი უნდა გქვონდეს!?

"ამიტომ აგორდა ამხელა პროტესტი, ამოგვივიდა ყველას ყელში. ეს მონური ყოფა 21-ე საუკუნეში ვინმეს სადმე გაუგონია? შენს საკუთარ ხალხს ასე როგორ უნდა მოექცე? რასთან გვაქვს საქმე, ვერავის გაგვიგია. 4-ვე მოთხოვნა ქალაქისთვის, მისი მოსახლეობისთვის და მაღაროელებისთვის სასიცოცხლოდ გადამწყვეტია.

"მოთხოვნები სანამ არ დაკმაყოფილდება, პროტესტი მანამდე გაგრძელდება. თუ არადა დატოვონ ქალაქი, მოშორდნენ აქედან. ეგ კომპანია აქ ვეღარ იმუშავებს. მაგათი მონები აქ არავინ არ არის. 26 მაისს კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით. ეგენი ვერაფერს ვეღარ მოგვატყუებენ. ხალხმა გაიღვიძა, მონობა უნდა დამთარდეს. არ შეიძლება ამ საუკუნეში მთელი ქალაქი შენი მონა იყოს",-აცხადებს მაღაროელი „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×