ეკატერინე ბასილაია
27.05.2019

 ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენეები ძალიან ხმაურიანები იქნებიან, თუმცა, მათ რაიმე დიდი გავლენები ვერ ექნებათ... საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯს არ ველოდები, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში არსებული დღევანდელი კონფიგურაცია ამის თქმის საფუძველს მომავალი 5 წლის განმავლობაში არ მაძლევს," - ევროპარლამენტის არჩევნებს აფასებს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

„რეზონანსი": ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა და გამარჯვებას ზეიმობენ ლიბერალური ძალებიც და ულტრამემარჯვენეებიც თვლიან, რომ მათ წარმატებას მიაღწიეს. რეალურად, რა კონფიგურაციას ვიღებთ ევროპარლამენტში, ვინ რა დაკარგა და ვინ რა მოიგო?

ვანო ჩხიკვაძე: ხმის დათვლის პროცედურა ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე რა სურათიც იკვეთება, ყველაზე დიდი გამარჯვება წილად ხვდათ „მწვანეებს", იქიდან გამომდინარე, რომ წინა მაჩვენებლებთან შედარებით ყველაზე მეტი ხმა მათ მოიპოვეს.

რაც შეხება "ევროპის სახალხო პარტიას", მათი წარმომადგენლობა შემცირდა, თუმცა, ზოგადად, მოლოდინი იყო, რომ ძალიან დიდი იქნებოდა ულტრამემარჯვენეების გამარჯვება და კარგია, რომ ასეთი რამ არ ყოფილა, იმის მიუხედავად, რომ მათ უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე წინა წლებში.

პირველ-მეორე ადგილი გადანაწილდა ისე, როგორი პროგნოზებიც იყო. პირველი ადგილი ისევ ევროპის სახალხო პარტიას აქვს, მეორე ადგილი - სოციალ-დემოკრატებს. ასე იყო წინა პარლამენტშიც და ასე იყო მოსალოდნელი ახლაც. უბრალოდ ისინი ევროპარლამენტში უფრო ნაკლები რაოდენობით იქნებიან წარმომადგენლები, ვიდრე იყვნენ 2014-22019 წლებში. ახლა მთავარია, რა კონფიგურაციას მიიღებს და როგორ ჩამოყალიბდება კოალიცია. ამას დრო გვიჩვენებს. ეს ჯერ მოლაპარაკების თემაა.

„რ": ბრიტანეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იტალიაში, უნგრეთში, საბერძნეთში გაიმარჯვეს უფრო მემარჯვენე და ევროსკეპტიკოსმა ძალებმა და ეს რამეს შეცვლის?

ვ.ჩ: გამარჯვებაზე არ არის საუბარი. მათ უფრო კარგი შედეგი აჩვენეს, ვიდრე აქამდე აჩვენებდნენ. საფრანგეთში პრეზიდენტის პარტიას აჯობა მარინ ლე პენის პარტიამ და ეს თვალში საცემია. რაც ძალიან კარგია, ამ არჩევნებმა აჩვენა ის, რომ ზოგადად საარჩევნო პროცესში ამომრჩევლების ჩართვა გაზრდილია. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის პროექტს მოსახლეობა ჯერ კიდევ დადებითად აფასებს. ბოლო მონაცემებით, 50% იყო აქტივობა, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია მას მერე, რაც პირდაპირი წესით ტარდება არჩევნები.

„რ":როგორი იქნება ევროპარლამენტი მომავალი 5 წლის განმავლობაში, რა შეიცვლება და ევროსკეპტიკოსებს რამდენად ექნებათ გადამწყვეტი ხმა?

ვ.ჩ: ულტრამემარჯვენეები ძალიან ხმაურიანები იქნებიან, თუმცა ის, რომ რაიმე დიდი გავლენები ექნებათ მათ და ისინი მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებებს, ამის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. ულტრამემარჯვენეები მაქსიმალურად შეეცდებიან აჩვენონ თავიანთი ძალა, თუმცა, არ მგონია, რომ მათ მხარეს გადაიხაროს სასწორი. უბრალოდ, ისინი უფრო ხმაურიანები აუცილებლად იქნებიან, ვიდრე იყვნენ აქამდე, იმიტომ რომ, რაოდენობრივად მეტნი არიან.

„რ": საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელია რაიმე შეიცვალოს?

ვ.ჩ: ცვლილებას არ ველოდები. ზოგადად, ევროპარლამენტის დამოკიდებულებას თუ შევხედავთ ბოლო წლებში, ეს არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც პირდაპირ აკეთებს მითითებას ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლზე, რაც გაფართოვებას ნიშნავს და საქართველოს ამ კონტექტსში მოიხსენიებს.

ველოდები, რომ ეს მიმართულება გაგრძელდება, მაგრამ გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯს არ ველოდები იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში არსებული დღევანდელი კონფიგურაცია ამის თქმის საფუძველს მომავალი 5 წლის განმავლობაში არ მაძლევს.

ცნობისათვის, ევროკავშირში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და წინასწარი მონაცემებით, ორმა მთავარმა ცენტრისტულმა ბლოკმა მანატები დაკარგა. ევროპის სახალხო პარტიამ მიიღო 180 მანდატი, სოციალ-დემოკრატებმა - 145 და ჯამში 80 დეპუტატით ნაკლები შეიყვანეს, ვიდრე 2014 წელს. ევროსკეპტიკოსმა ულტრამემარჯვენეებმა და კონსტერვატორებმა კი - პოზიციები გაიუმჯობესეს და მათი დეპუტატების რაოდენობა ჯამში გახდა 179. ამის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, ევროპარლამენტში მომდევნო 5 წლის განმავლობაში უმრავლესობაში მყარად, 2/3-ით ისევ ერთიანი ევროპის მომხრე ძალები იქნებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×