ელზა პაპოშვილი
27.05.2019

 13 დღიანი პროტესტი ჭიათურაში შეწყვეტილია - მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის წინადადებას დათანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, მათ ხელფასის 25% დაუყოვნებლივ მოემატებათ, წლის ბოლომდე კი ანაზღაურება კიდევ 10%-ით გაიზრდება. ბოლო 11 დღე გაფიცულების ნაწილი შიმშილობდა. რამდენიმე მათგანს სამედიცინო დახმარების გაწევაც დასჭირდა.

ასევე, პროტესტის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა „ჯორჯიან მანგანეზმა," რომელშიც აღნიშნულია, რომ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი, აკაკი გურჯიძე გადადგა.

მანამდე კი ქალაქში მოვლენები საკმაოდ მძიმედ ვითარდესბოდა. 27 მაისს დილიდან, ჭიათურა პარალიზებული იყო. დაკეტილი იყო ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება, სკოლები და მაღაზიები.

ქალაქის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და გაფიცულ მუშებს სოლიდარობა გამოუცხადა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მაღაროელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ და ისინი შესაბამის ანაზღაურებას ვერ ღებულობენ. მათ ოჯახებს კი უკიდურესად უჭირთ. მათი თქმით, არც ერთი ობიექტი მუშაობას მანამდე არ დაიწყებდა, სანამ მაღაროელების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

მუშების მოთხოვნებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური საპროტესტო აქცია ორი კვირაა მიმდინარეობდა. აქციაში ჩართული იყო 3000-ზე მეტი მაღაროელი. კარვები გაშლილი „ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის შენობის გვერდით მდებარე სკვერში ჰქონდათ.

მაღაროელთა მოთხოვნებია: ხელფასის მომატება 30%-ით (და რეორგანიზაციის შემდეგ +20%); ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესება; მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა. მაღაროელები ასევე მოითხოვენ, რომ არავინ დაისაჯოს გაფიცვისა და საპროტესტო აქციების გამო.

ამ ეტაპზე გაჩერებულია „ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილი 11-ვე მაღარო. კომპანიის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ მაღაროელებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.

მოთხოვნების სანაცვლოდ „ჯორჯიან მანგანეზმა" გაფიცულებს ხელფასების 25%-იანი ზრდა შესთავაზა. თუმცა მაღაროელები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ, რადგან ეს ითვალისწინებდა ჯერ 15%-ის დარიცხვას და შემდეგ 10%-ის გადახდას ერთი წლის განმავლობაში.

მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის 26 მაისს გამართული შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. როგორც მაღაროელები ამბობდნენ, კომპანია არანირი დათმობაზე არ მოდიოდა.

მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და კომპანიის ჭიათურიდან წასვლას მოითხოვეს. მათი თქმით, ოფიციალურად დაფიქსირებული მათი ანაზღაურება რეალურისგან მკვეთრად განსხვავდება და სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ქალაქში სიტუაციის დაძაბვის შემდეგ კი პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები ჭიათურაში ადგილზე სიტუციის შესასწავლად გაგზავნა. მინისტრები მაღაროელებს დახურულ შეხვედრაზე შეხვდნენ. ამის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა და მისი დროებითი მმართველი გადადგა.

მაღაროელი ფრიდონ შენგელაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიუხედავად ამხელა პროტესტისა „ჯორჯაინ მანგანეზიდან" მთელი დღის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. მისი თქმით, რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სიტუაციის გასარკვევად ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ.

„არსებობს შტატები, სადაც იმხელა ხელფასები აქვთ, რომ რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. მათ უნდა ჰქონდეთ 30 ათასები და ჩვენ მშრომელ ხალხს, რომლებიც რეალურად საქმეს ვაკეთებთ და ამხელა რისკის საფასურად წიაღისეულს მოვიპოვებთ და პროდუქციას ვქმნით, მათხოვრული ხელფასი 700 ლარი უნდა გქვონდეს!?

"ამიტომ აგორდა ამხელა პროტესტი, ამოგვივიდა ყველას ყელში. ეს მონური ყოფა 21 საუკუნეში ვინმეს სადმე გაუგონია? შენს საკუთარ ხალხს ასე როგორ უნდა მოექცე? რასთან გვაქვს საქმე, ვერავის გაგვიგია. 4-ვე მოთხოვნა ქალაქისთვის, მისი მოსახლეობისთვის და მაღაროელებისთვის სასიცოცხლოდ გადამწყვეტია.

"მოთხოვნები სანამ არ დაკმაყოფილდებოდა ჩვენ პროტესტს მანამდე გავაგრძელებდით. თუ არადა მაშინ კომპანიას ქალაქის დატოვება მოუწევდა. მაგათი მონები აქ არავინ არ არის. 26 მაისს კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით.

"ეგენი ვერაფერს ვეღარ მოგვატყუებენ. ხალხმა გაიღვიძა, მონობა უნდა დამთარდეს. არ შეიძლება ამ საუკუნეში მთელი ქალაქი შენი მონა იყოს. სანამ ხელისუფლესბის წარმომადგენლები არ ჩამოვიდნენ, მანამდე ჩვენს პრობლემებს არავინ იგებდა",-აცხადებს მაღაროელი „რეზონანსთან".

მისივე თქმით, პროტესტის მიზეზი ბოლო დროს გაუარესებული სამუშაო პირობები გახდა. ფრიდონ შენგელაშვილი ამბობს, რომ მაღაროში კატორღული მუშაობა მიდის. ისინი 15 დღის განმავლობაში, 12 საათიანი უწყვეტ სამუშაო რეჟიმი მუშაობენ. მაღაროელი ამბობს, რომ ისინი ადამიანები არიან და არა რობოტები.

„დღეს ეს ყველაფერი დასრულდა შეთანხმებით მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გულისხმობს ჭიათურლების პირობების დაკმაყოფილებას," - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ყველას გამარჯვება- ჭიათურის და მთელი ქვეყნის. მინისტრი ამბობს, რომ ეს პრობლემა ყველას აწუხებდა.

„მაღაროელების პროტესტის პირველივე დღიდან ვაკვირდებოდით პროცესს. ცოტა ხნის წინ ვიყავი ჭიათურაში პედაგოგებთან შეხვედრაზე და ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის - დღეს ეს ყველაფერი დასრულდა შეთანხმებით მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გულისხმობს ჭიათურელების პირობების დაკმაყოფილებას;

"ჩვენი მიმართულებით უნდა აღვნიშნო მთავარი - მოსწავლეები აქ იკრიბებოდნენ გაკვეთილების შემდეგ და მადლობა მათ ამისთვის. რაც მთავარია, ეს ყველაფერი დასრულდა, უკვე სამუშაო რეჟიმი აღდგება, რამდენიმე ბავშვი, ვინც მონაწილეობდა, ჩვეულ სასწავლო რეჟიმს დაუბრუნდება.

"ვფიქრობ, რომ ეს არის ყველას დამსახურება, მათ შორის ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ საპროტესტო აქციაში იყო ჩართული. კომპანიამაც გადადგა დიდი ნაბიჯი. ვფიქრობ, ეს არის ყველა მხარის გამარჯვება და მომავალში ჭიათურის განვითარების წინაპირობა" - აღნიშნა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×