თამთა ჩაჩანიძე
28.05.2019

 სკოლების ექსკურსიებზე ტრაგიკულმა შემთხვევებმა მოსწავლეების მშობლებში შიში და პანიკა გამოიწვია, ისინი ფიქრობენ, რომ ფატალური შედეგები გამოწვეულია იმით, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

პარლამენტის განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიამ „რეზონასთან" საუბრისას მწუხარება გამოთქვა ლაგოდეხში ექსკურსიისას მომხდარ უბედურ შემთხვევაზე და თქვა, რომ ასეთი შემთხვევები არ არის დამოკიდებული კანონზე.

„ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა,ეს დიდი ტრაგედიაა, ვინც ექსკურსიაზე ბავშვებს გაყვება, აუცილებლად უნდა მიაქციონ ხოლმე ყურადღება, გამოძიების დროს ალბათ გამოიკვეთება ბრალეულობა, ბუნებრივია, უპასუხისმგებლოდ არ დარჩება ეს ამბავი.

"სამწუხაროდ, უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არ არის, კანონებით უბედურ შემთხვევებს ვერ გავანეიტრალებთ, ეს არ არის დამოკიდებული მოკვდავებზე

"რეგულაციაში აღნიშნულია, რომ ავტობუსი უნდა იყოს გამართული ექიმიც უნდა გაყვეს, უნდა იყოს რაღაცა გარკვეული ზედამხედველობა ეს ყველაფერი არის, მაგრამ არის უბედური შემთხვევები, რომლებიც ჩვენ მოკვდავებს აღარ გვეხება" - ამბობს ქანთარია

კახეთში მომხდარ ექსკურსიის ტრაგიკულ შემთხვევას, განათლების მეცნიერებისა და კულტურის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, დაიღუპა სკოლის მოსწავლე ექსკურსიის დროს, შარშან გამკაცრდა ექსკურსიებზე მეთვალყურეობა, მაგრამ, ალბათ, არ არის საკმარისი და კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი მოვლენები არ მოხდეს.

"ალბათ, კიდევ ერთხელ გადავხედავთ რეკომენდაციებს, რაც დარიგებული იყო სკოლებში. კიდევ გამკაცრება სჭირდება და უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ასევე, რაც ყველაზე მთავარია, პასუხისმგებლობა სკოლების მხრიდან.

"ბავშვებს, რომლებიც ექსკურსიაზე დადიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლა აკონტროლებდეს, იცავდეს უსაფრთხოებას და ითვალისწინებდეს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მიცემული აქვს.

"კახეთში კონკრეტულად რა მოხდა და როგორ მოხდა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვიცით, რომ გართულებული კლიმატური პირობებია, ვიცით რომ გაფრთხილებულები იყვნენ, მარშრუტი შეეცვალათ, მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გაზაფხულზე, ბუნებრივი მოვლენები გააქტიურებულია და მეტი სიფრთხილეა საჭირო", - ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში „ნინოსხევის ჩანჩქერის" მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე (16 წლის გოგონა) მდინარეში ჩავარდა,24-საათიანი ძებნის შედეგად მოსწავლის ცხედარი მაშველებმა გუშინ დილით მდინარედან ამოიყვანეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×