(რეზონანსი) ლაგოდეხში, მდინარეში გარდაცვლილი 16 წლის გოგოს და, ბლოგერი სალომე ბარკერი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ სიმართლის ბოლომდე დადგენას აუცილებლად შეეცდება.
"აქა-იქ მოვკარი თვალი, დაუზარლად ირჩევა როგორ შეხტა თავნება სოფი ჩანჩქერში და დაიმართა თავს ეს ამბავი. ეს არ არის სიმართლე და აუცილებლად ბოლომდე ჩავყვები სიმართლის დადგენის ღონისძიებას, ეჭვიც არავის შეგეპაროთ. ჯერ მარტო ის რად ღირს, დღის ორ საათზე მომხდარი ამბავი ყველაზე ბოლოს, ღამის თერთმეტზე რომ გავიგე, თან შემთხვევით.
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ბევრნი ყოფილხართ. მადლობა.
არ მჯერა ამას რომ ვამბობ, მაგრამ პანაშვიდები დღეს და ხვალ, დაკრძალვა ხუთშაბათს.
მისამართი: ვარკეთილის პირველი მიკრორაიონი, კორპუსი 35, ბინა 35. მეცხრე სართულია და ლიფტი ხურდაზეა",-წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 26 მაისს, ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.