ია აბულაშვილი
28.05.2019

 "ახალი პარტიის შექმნა მისასალმებლია და შიში იმისა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა არ იქმნებოდა, დაძლეულია"- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": ეკა ბესლიას პარტიაში აცხადებენ, რომ აქცენტს ახალ სახეებზე გააკეთებენ, იმ ადამიანებზე, რომლებსაც სერიოზული წარმატეტები აქვთ, მაგრამ მათი პოტენციალი ქვეყანამ დღემდე ვერ გამოიყენა.

რამაზ საყვარელიძე: ყველა ანალიტიკოსი, რომლებიც წლების მანძილზე ვჩიოდით, რომ არ იქმნებოდა ახალი პარტიები, რა თქმა უნდა ახალი პარტიის შექმნა მისასალმებელია და შიშიც დაძლეულია, რომ არ იქმნებოდა ახალი პოლიტიკური ძალები; თუმცა, რამდენად წარმატებული იქნება ახალი პოლიტიკური ძალის შექმნისკენ გადაგმული ნაბიჯები, ამის თქმა ნაადრევია.

იმედია, რომ მიმდვერები გამოუჩნდება. თავად ის, რომ ბესელია აქტიურ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა, ცხადია, ოღონდ პარტია კიდევ ბევრ რამეს ითხოვს.

"რ": ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ შუალედურ არჩევნებში დაშვებული შეცდომები უნდა გაანალიზოს და სამომავლო სტრატეგია ამის მიხედვით ააგოს, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

რ.ს: ნიკა მელიამ კი განაცხდა, რომ ნუ დავაბნევთ ამომრჩეველსო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მარტო ამომრჩეველი არ დაიბნა, დაბნეულობაა "ნაციონალურ მოძრაობაშიც". მათ სჩვევიათ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნება და იგივე მოხდა ამ არჩევნებზეც.

ასეთი ფიასკოს შემდეგ რაც მათ განიცადეს, ბუნებრივია, სჭირდებათ გარკვევა სამომავლოდ რას აპირებენ, თუმცა, კონტურები იმისა, რომ აქვთ მკაფიო ხაზი, არ ჩანს. მეეჭვება, რომ ვერ ხვდებოდნენ რევოლუციური სულისკვეთება მათ ცუდ სამსახურს რომ უწევს, რადგან საზოგადოებაში არ არის რევოლუციური განწყობა. თუ ამ გზას გააგრძელებენ, მარცხისთვის არის განწირული.

"რ": მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, უკრაინაში აპირებს პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას. თავად უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მუშაობენ, სააკაშვილსთვის უკანონდ ჩამორთმეული მოქალაქეობის ბრძანების გაუქმებაზე...

რ.ს: სააკაშვილი ეგზოტიკურ განცხადებებს კი აკეთებს, მაგრამ საკმაოდ პრაგმატული ადამიანია და მეეჭვება, რომ ზელენსკის განცხადება - ვმუშაობ და არა გადავწყვიტეო, გარანტიად მიიღოს, რომლიც უკრაინაში მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ამიტომ არ იჩქარებს, სანამ ზელენსკი "მუშაობს".

"რ": სააკაშვილი დავთი გარეჯთან დაკავშირებულ მოლაპარაკების პროცესშიც აპირებს ჩართვას, რადგან მისი თქმით, ეს უნიათო მთავრობა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებსო

რ.ს: საკმაოდ ბუნდოვანია, რით აპირებს სააკაშვილი ამ სიტუაციის წინ წაწვას? თუმცა, "ნაცმონალურ მოძრაობას" და მის ლიდერს პიარისთვის არაერთხელ გამოუყენებიათ ესა თუ ის პრობლემური საკითხი. არა მგონია, რომ დღეს საქართველოში ვინმემ მოისურვოს სააკაშვილის ჩარევა ამ პროცესში.

"რ": ტელეკომპანია "რუსთავი 2"- აცილებას უცხადებს საქართველოს წარმომადგნელ მოსამართლეს სტრსაბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას. ნიკა გვარამიას განცხადებით, ჭანტურია იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს "რუსთავი 2-ის" საქმეზე. მისი თქმით, ჭანტურიას თანამონაწილოებით ეს საქმე არ უნდა დასრულდეს, რადგან თუ მოიხსნება დროებითი ღონისძიება, დაიხურება არა მარტო "რუსთავი 2"-ი, არამედ დაიხურება ქვეყანა სახელწოდებით - საქართველო".

რ.ს: მე როგორც ვიცი, ლადო ჭანტურია საერთოდ არ მონაწილეობს ამ საქმეში, სწორედ იმიტომ, რომ წარმომადგენელია იმ ქვეყნის, ვისაც ეს საკითხი ეხება; მაშინ რაზეა აჟიოტაჟი? როგორც ჩანს იყენებენ ჩვეულ ხერხებს. მათ წარსულში იყო ფრაგმენტი, როდესაც მოსახლეობამ "რუსთავი 2" დაიცვა, მაგრამ მაშინ, "რუსთავი 2"-ი სხვა იყო, გინდა პროფესიული, გინდა პოლიტიკური გაგებით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×