ეკატერინე ბასილაია
28.05.2019

     29 მაისს მიხეილ სააკაშვილი კიევში ბრუნდება. ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ დაუბრუნა.

მიხელ სააკაშვილმა ზელენსკის მადლობა გადაუხადა, თანამშრომლობას დაჰპირდა და ამასთან განაცხადა ისიც, რომ უკრაინაში დაბრუნება სულაც არ ნიშნავს, რომ ის საქართველოზე ამბობს უარს. პირიქით, უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან და აანონსებს, რომ როგორც უკრაინაში დამარცხდა ოლიგარქი პეტრო პოროშენკო, რომელმაც უსამართლოდ წაართვა მოქალაქეობა, ისე დამარცხდება საქართველოში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიც.

სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას შეფასებები თბილისშიც მოჰყვა. „ნაცმოძრაობაში" აცხადებენ, რომ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში სამართლიანობა აღდგა. „ქართულ ოცნებაში" ნაწილი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს, ნაწილი კი - თავშეკავებულია.

„ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი თქმით, როცა ადამიანი თავის ქვეყანაში დამნაშავედაა გამოცხადებული, მისთვის მოქალაქეობის აღდგენა მეგბრობას არ ჰგავს.

„იცით რა, მე ასეთი მეგობრობა არ მესმის. როცა იცი, რომ ეს ადამიანი თავის ქვეყანაში დამნაშავედ არის გამოცხადებული, თავის ქვეყანაში ვერ ჩადის და ამ დროს მოქალაქეობას აძლევ, ეს ჩვენ არაფერს დაგვაკლებს, მაგრამ რაღაცნაირად არ ვიცი, მეგობრობას არ ჰყავს.

"ალბათ, რაღაცნაირად აისახება ურთიერთობებშიც... დავამთავრე ამ ჩებურაშკაზე ლაპარაკი. ეს ადამიანი დაუღლელი ბოროტებაა, ირბენს, ალბათ, ისევ სახურავებზე, წყალს აამღვრევს, შხამს გამოსცემს და ამ ადამიანზე ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში ხალხს უკვე, მე მგონი, მობეზრდა.

"ვნახოთ, ის ახლადარჩეული პრეზიდენტიც თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ როგორ იმოქმედებს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს კაცი, თორემ ჩვენ ბევრს ვერაფერს დაგვაკლებს მისი მოქალაქეობა,"- აცხადებს „რეზონანსთან" პაპუაშვილი.

ცნობისათვის, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა 22 მაისს წერილით მიმართა ვლადიმირ ზელენსკის, დაებრუნებინათ მისთვის უკრაინის მოქალაქეობა. წერილში მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას სააკაშვილი "უკანონოს" უწოდებდა, ვინაიდან, მისი თქმით, უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს არსებული მეთოდით მოქალაქეობის ჩამორთმევას.

განცხადებიდან 6 დღეში კი უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება „რამდენიმე პირისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ". ამავე განკარგულებით, ცვლილება შედის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს 2017 წლის 26 ივლისის განკარგულებაში, საიდანაც ამოღებულია ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, რის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა. უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 2017 წლის ივლისში სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. 2018 წლის თებერვალში სააკაშვილი კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში ჩასვლა 2021 წლის 13 თებერვლამდე აუკრძალა.

ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტოლებას სააკაშვილი „ფეისბუქზე" გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა უკრაინის ახლადარცეულ პრეზიდენტს. შემდეგ კი განცხადებები მედიითაც გააკეთა და კიევში დაბრუნება დაანონსა.

„კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ფიქრები არის საქართველოზე და უკრაინაზე. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და დავეხმარები უკრაინელ ხალხს", - აცხადებს სააკაშვილი "კურიერთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×