ელზა პაპოშვილი
28.05.2019

 კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ინტერვიუში დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ პრობლემაზე საუბრობს. არეშიძე ამბობს, რომ წლებია ეს საკითხი იმის გამო რომ არავინ გაგვენაწყენებინა, გაყინულია. მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილმა გაბედა - სადაც ვიწროა იქ გაწყდეს პოლიტიკით, ეს თემა ღიად გახსნა.

ანალიტიკოსი აქვე აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა ამ პრობლემის მოგვარებისას ფრთხილად უნდა იყოს, რადგანაც მესამე ძალა - რუსეთი, ყველანაირად ეცდება, რომ სიტუაციის პროვოცირება სხვადასხვა ფორმით მოახდინოს.

„რეზონანსი": აქციები და ის ვნებათა ღელვა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დავით გარეჯის პრობლემის ირგვლივ ვითარდება, როგორ ფიქრობთ, სიტუაციის მოგვარებას ხელს შეუწყობს, თუ პირიქით?

მამაუკა არეშიძე: რა თქმა უნდა, 28 მაისს გამართული აქცია სიტუაციის მოგვარებაში გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებს, მაგრამ მეორეს მხრივ როგორ მომიბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ ქართველი ახალგაზრდების პროტესტი ცუდია. ეს აქციები იმისთვის მაინც უნდა იყოს, ქართველი საზოგადოება გამოვაფხიზლოთ და შევახსენოთ, რომ ასეთი პრობლემის წინაშე ვდგავართ.

შიში გვქონდა რამე არ მომხდარიყო, მაგრამ მადლობა ღმერს, რომ ყველაფერმა კორექტულად ჩაიარა. გადამწყვეტი როლი უკვე პოლიტიკოსებს აკისრიათ და ეს საკითხი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკების შედეგად უნდა გადაწყდეს. ჩვენ არ ვიცით ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რა არის აზერბაიჯანული მხარის ასეთი ხისტი პოზიციის მიზეზი.

„რ": შესაძლოა აზერბაიჯანული მხარე რამეს ითხოვდეს გარეჯის სანაცვლოდ?

მ.ა: არ მგონია, რომ საერთოდ რამეს ითხოვდნენ. ეს რომ ასე იყოს, აქამდე გამოჩნდებოდა რა უნდათ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ენერგეტიკულ ინტერესებთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ამის გამო შეიძლება მათი პოზიცია ასეთი ხისტი იყოს. მითუმეტეს, აზერბაიჯანულ ხელისუფლებას ისეთი არგუმენტები მოჰყავს ხოლმე, რბილად, რომ ვთქვათ არასერიოზულია.

„რ": მაგალითად რა არგუმენტები მოჰყავთ იმისთვის, რომ ეს ტერიტორია მათ ეკუთვნით?

მ.ა: მაგალითად ამბობენ, რომ ეს არის ალბანული კულტურა. მაშინ რა გამოდის, ჩიჩხიტური, ველთუბანი და უდაბნო ალბანური კულტურის ნაწილია და დანარჩენი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა ალბანური კულტურა არ არის? როგორ შეიძლება ალბანური სახელმწიფო 10 საუკუნისთვის დამთავრდა, განადგურდა და 20 საუკუნის შუა წლამდე აზერბაიჯანელებმა არ იცოდნენ ალბანური დამწერლობა როგორი ფორმის იყო და საერთოდ რა იყო.

შემდეგ ზაზა ალექსიძემ ალბანური წარწერა გაშიფრა და აზერბაიჯანელებს აუხსნა, რომ კონკრეტული წარწერა ამ ენაზე იყო შესრულებული. ეს ალბანური თემა 90-იანი წლების მიწურულამდე საერთოდ არ აღელვებდათ, ვიდრე ყარაბაღის ისტორიული ძეგლებიდან გამომდინარე ამის საჭიროება არ დადგა.

იმის დასამტკიცებლად, რომ ეს არ იყო სომხური ძეგლები და სხვა წარმომავლობის იყო, ამიტომაც ალბანური თემა წამოწიეს. აზერბაიჯანელების მხირადნ ასეთი მიდგომა არასერიოზულია. რომელსაც, რა თქმა უნდა, მესამე ძალა ხელოვნურად აღვივებს.

„რ": მესამე ძალაში ალბათ რუსულ სპეცსამსახურებს გულისხმობთ, რომელთა კვალი ამ დღეებში ძალიან აშკარად გამოჩნდა. საუბარი იმაზე, რომ თითქოს ადამიანები 28 მაისს სომხური დროშებით აქციაზე მისვლას აპირებდნენ და ასევე აზერბაიჯანელები გარეჯში კონტრაქციას გეგმავდნენ, რაც ტყუილი აღმოჩნდა. საქართველოს და აზერბაიჯანის ეს პრობლემა ხელოვნურად მართული ხომ არ გახდა?

მ.ა: რა თქმა უნდა, ეს სკანდალი გაფუვდა და დღითი-დღე გაიზარდა, ფაქტია რომ პრობლემის გაღვივებაში ვიღაც სხვებიც არიან ჩართულები. მიაქციეთ ყურადღება პირველად, როდესაც სოცაილურ ქსელში დაიდო კადრები, თითქოს და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები გარეჯის ტერიტორიაზე დროშებს აფრიალებდნენ. სინამდვილეში ეს კადრები სულ სხვაგან, გარეჯიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებით იყო გადაღებული.

ეს ისევ ქართველების მიერ იყო დადებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს სხვისი დაკვეთით იყო. შემდეგ ეს სომხური დროშების ამბავი გამოჩნდა. ყველა აქციის მონაწილესთან ვისთანაც ხმა მიმიწვდეობა, ვიკითხე და ყველამ კატეგორიულად უარყო, რა სოხმური დროშების წაღება, ეს თავში აზრად არავის მოსვლია. კიდევ სხვა ბევრი ნიუანსია, რომელიც საზოგადოების აღშფოთებას ხელს უწყობს.

„რ": რა მოლოდინი გაქვთ ახლა? როგორ ფიქრობთ, შეძლებს ორი ქვეყანა წლების მანძილზე ვერ მოუგვარებელი პრობლემის გადაწყვეტას?

მ.ა: მოლაპარაკებები დროში უნდა გაიწელოს და აქ საჩქარო არაფერია. გარდა იმისა, ამ საკითხის მოგვარებასა და მოლაპარაკებებში ქვეყნის ხელმძღვანელები უნდა ჩაერთონ. ყველა ხერხი და ღონე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×